ხანდახან ცხოვრება ადამიანს ცდის, უგზავის მას ხან ერთ, ხან მეორე გამოცდას; არ აძლევს ამოსუნთქვის საშუალებას. ამასთან დაკავშირებით გთავაზობთ ერთ ჭკვიანურ იგავს.
იყო ერთი გლეხი. მას ჰყავდა ვირი, რომელიც მთელი ცხოვრება მუხლჩაუხრელად ემსახურებოდა. ერთხელ ვირი შემთხვევით ჭაში ჩავარდა და ხმამაღლა დაიწყო ყროყინი. როდესაც გლეხმა მიირბინა და დაინახა, თუ რა ხდებოდა, ძალიან დანაღვლიანდა, რადგან მას მხოლოდ ერთი ვირი ჰყავდა. დაიწყო გლეხმა ფიქრი, რა გაეკეთებინა. იფიქრა, იფიქრა და ასე გადაწყვიტა:
«ჩემი ვირი უკვე ბებერია, თავისი უკვე მემსახურა. ჭაც თითქმის ამომშრალია. დიდი ხანია მის ამოვსებას ვაპირებდი. ვირს მაინც ვერ ამოვიყვან, ასე რომ, ჩავმარხავ ამ ჭაში და როცა მოკვდება და გაიხრწნება, სუნიც არ შემაწუხებს. ჩემთვის კი ახალგაზრდა ვირს ვიყიდი, უფრო ამტანს.»
დაიწყო გლეხმა ჭის ამოვსება. ვირი მიხვდა, რაშიც იყო საქმე და გაჩუმდა, აღარ ყროყინებდა. ფერმერი კი აყრიდა და აყრიდა მიწას. ბოლოს გლეხმა დააგდო ნიჩაბი და ჭაში ჩაიხედა. ხედავს, იმ მიწას, რომელსაც ვირს აყრის, ვირი იბერტყავს და ფეხებით ტკეპნის. რამდენიმესაათიანი მუშაობის მერე ვირი ჭიდან ამოვიდა.
ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის სირთულეები. ხანდახან კი ერთმანეთის მიყოლებით ხდება ცუდი, მაგრამ ნუ მიიღებთ ამას ისე, თითქოს ყველაფერი დამთავრდა. სირთულე უბრალოდ ერთ-ერთი საფეხურია. სირთულეები გამოცდილებაა, ხოლო როდესაც ვიძენთ გამოცდილებას, ერთი საფეხურით ზემოთ ავდივართ. როგორ რთულადაც უნდა იყოს საქმე, არ დანებდეთ! „დაიფერთხეთ“ ნეგატივი და ამოდით ზემოთ. ასე ყველაზე ღრმა ჭიდანაც შეძლებთ ამოსვლას.
თათა შენგელია
წყარო: cluber.com.ua