იმის მაგივრად, რომ სიყვარული გამოიყენო, როგორც ერთობლივი პიროვნული ზრდა, ეს გრძნობა ხდება თქვენი მტერი, გაჩვენებთ რა თავის ყველაზე არცთუ ისე სახარბიელო მხარეს.
მე არ შემიძლია ვიცხოვრო უშენოდ - ეს ფრაზა ხშირად მოგვისმენია, თუმცა რეალურად მას სიყვარულთან არაფერი კავშირი არა აქვს.
შეგვიძლია თუ არა შევიგრძნოთ ის მომენტი, თუ როდის გადადის სიყვარული დამოკიდებულების ფაზაში? - ალბათ, ვერა. ამ დროს ცოტა სხვანაირად აღვიქვამთ რეალობას. ჩვენი სიამაყე და შიში სხვა განცდებს იწვევს, მოსალოდნელი მარტოობის შიშს გვინერგავს დიდი სიყვარული, მაგრამ გაითვალისწინეთ, თუ ტანჯვა-წამების მიუხედავად, თქვენ არ შეგიძლიათ მიატოვოთ ადამიანი და რჩებით მის გვერდით, თქვენ მასზე დამოკიდებული ხართ და არა შეყვარებული.
თუ მტანჯველად განიცდით იმასაც, რომ თქვენმა პარტნიორმა თქვენ მიმართ ინტერესი დაკარგა, ესეც დამოკიდებულობის ნიშანია. ასეთ დროს იწყება კითხვების კასკადი: - რა გჭირს? რატომ არ ეჭვიანობ ჩემზე? შენთვის სულერთი ვარ? არ გაინტერესებს, დღის განმავლობაში ვისთან ერთად დავდივარ? და იმის მაგივრად, რომ სიყვარულმა და ურთიერთობამ მოგიტანოთ პიროვნული ზრდა, ის თქვენს არასრულფასოვნების კომპლექსებს უსვამს ხაზს.
თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ნებისმიერ ფასად უნდა შეინარჩუნოთ თქვენი ურთიერთობა. არა აქვს მნიშვნელობა არაფერს, მთავარია, მას არ მისცეთ საშუალება, წავიდეს თქვენგან, რათა არ დარჩეთ მარტო. უკვე აღარ გაინტერესებთ არც გართობა, არც ჭამა. ამდენი სტრესის გამო შეიძლება ავადაც გახდეთ და აი, მაშინ იწყება ამ ყველაფრით მანიპულირება. ყველა უბედურებაში მას სდებთ ბრალს და სთხოვთ, რომ ის იყოს თქვენ გვერდით, ხოლო თუ მაინც წავა, მუქარიდან მუდარაზე გადადიხართ და სთხოვთ, დაბრუნდეს, რადგან მის გარეშე წარმოუდგენლად მიგაჩნიათ ცხოვრება.
ხანდახან პარტნიორიც გრძნობს მის მიმართ წნეხს და თავს დამნაშავედაც გრძნობს და მიუხედავად გაციებული გრძნობებისა, ის მაინც დარჩება თქვენთან. მას არ სურს, დამნაშავე იყოს იმ ყველაფერში, რასაც მისი წასვლა მოგიტანთ.
დარჩენის მიუხედავად, ის აღარ ლაპარაკობს სიყვარულზე. შეიძლება შეინარჩუნოთ ერთად ყოფნა, მაგრამ უკვე დაკარგულია მთავარი. ეს ურთიერთობები ორივესთვის მხოლოდ ტკივილის მომტანი ხდება.
ჩვენ გვაქვს გადაულახავი თვისება, გავაიდეალოთ საყვარელი ადამიანი. განსაკუთრებით, ასე ხშირად ვიქცევით ურთიერთობის დასაწყისში. ხოლო როდესაც სრულდება ეს ურთიერთობა, მომავალში იმ ერთს ვადარებთ სხვებს.
აი, რატომ ხდება ასეთი რთული ახალი პარტნიორის პოვნა. დამოკიდებულება გაიძულებთ, ყვლაფერზე თქვათ უარი.
რაღაც დრო ვიქნებით ცუდად, რაღაც დრო მოგვენატრება მეორე ადამიანი, მაგრამ ესეც ცხოვრებისეული გამოცდაა. ერთხელაც, როდესაც ჩვენგან გაშვებულ დამოკიდებულებას გადავლახავთ, რაღაც აინთება ჩვენში და უცებ აღმოჩნდება, რომ მზად ვართ ახალი ურთიერთობის დასაწყებად.
თათა შენგელია
წყარო: cluber.com.ua