ყველა გოგო დარწმუნებულია, რომ საუკეთესო დაქალია მთელ მსოფლიოში, თუმცა სინამდვილეში ფაქიზი მეგობრობა გადაიზრდება ტოქსიკურად მომწამვლელ ურთიერთობებში, რისი მიზეზიც შესაძლოა თავად შენ იყო.
შენ მას სრულ სიმართლეს ეუბნები
- პირდაპირ სიმართლე, არავითარი დელიკატურობა, სირბილე, ყველანაირი შელამაზების გარეშე. მაგალითად, პირდაპირ ეუბნები, რომ ეს კაბა ასუქებს და, რომ დღეში 8-ჯერ ჭამს არანორმალურად. ამასთანავე, ამატებ ფრაზას: „სხვა ვინ გეტყვის სიმართლეს, მე თუ არა!“. სინამდვილეში ასეთი სიმართლე არავის სჭირდება და ისიც სულ მალე მიხვდება ამას.
შენ შესახებ ყველაფერს უყვები
- თეორიულად, ეს იმის ნიშანია, რომ ძალიან ენდობი, პრაქტიკაში კი ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ შენზე და შენს პრობლემებზე ესაუბრები, იმიტომ, რომ თავის პრობლემებზე ერთ სიტყვასაც ვერ ამბობს დიალოგისას, ხოლო თუკი ასწრებს სიტყვის ჩაგდებას, აწყვეტინებ და ეუბნები: „აუ, მეც მქონია მასეთი შემთხვევა, გახსოვს...“ და იწყებ მოყოლას. ეს არის თამაში ერთ კარში და თუკი დროულად არ გაჩერდები - სულ მალე საფინალო ზარი დარეკავს.
შენ ასწავლი მას ცხოვრებას
- შენს მეგობრულ ლექსიკონში არის ფრაზა „შენ ეს გჭირდება“ და „შენ უნდა მოიქცე ასე“; რჩევები, რომლებსაც კითხვის გარეშეც გასცემ: „უნდა გახდე“, „უნდა დაშორდე მას“, „უნდა შეწყვიტო ამაზე ფიქრი და სხვა რამით დაკავდე“. ეს მეგობრული დახმარება კი არ არის, არამედ სხვისი საზღვრების მოშლაა და მაინც, თუკი დაქალი რჩევას გეკითხება, სხვანაირი ფორმულირება მოახდინე, მაგალითად: „მე ამ სიტუაციაში ვამჯობინებდი დაშორებას...“ და ა.შ.
შენ ყოველთვის ცდილობ, იყო სამართლიანი
- ეს თვისება ნამდვილად ქებას იმსახურებს, თუმცა არა ყოველთვის. ზოგჯერ მას სჭირდება, რომ შეწყვიტო შენი საუკეთესო თვისებების დემონსტრირება. ის პატარა კნუტი არ არის, რომლის გარშემოც ცუდი ბიჭები ტრიალებენ. მან ეს თავადაც მშვენივრად იცის. ის შენთან იმისათვის მოვიდა, რომ მხარდაჭერა იგრძნოს და არა ის, თუ ვინ არის სინამდვილეში დამნაშავე.
ხშირად ვერ უკავშირდები მესენჯერში ან უპასუხოდ დიდხანს რჩები
- საკვანძო სიტყვაა - „ხშირად“. თუკი ისეთი სამსახური აქვს, რომელიც საჭიროებს ტელეფონისგან შორს ყოფნას, ამაზე საუბარი არ გვაქვს, მაგრამ თუკი ტელეფონი, იცი, რომ მუდამ ახლოს აქვს და შეუძლია გიპასუხოს, თუმცა ასე არ იქცევა, ესე იგი, გაგირბის. დიდი ალბათობით, სხვა საშუალებებს ვერ პოულობს იმის ასახსნელად, რომ არ უნდა შენთან ურთიერთობა. ეს არის სწორედ ტოქსიკური დაქალობის ნიშანი.
არასდროს აღიარებ შენს შეცდომებს
- და არც პატიებას ითხოვ იმის გამო, რომ აწყენინე ან ასწავლი ცხოვრებას. მაშინაც კი, როცა პირდაპირ გეუბნება ამას, შენ მას ადანაშაულებ.
შენ იღებ, თუმცა არაფერს გასცემ
- ის ყოველთვის მზად არის, გათხოვოს ჩანთა, გასესხოს თანხა, გამოგიაროს; აი, შენ კი, როგორც კი გთხოვს, მის კატას ან ძაღლს მიხედო, სულ მუდამ არ გცალია და ყველაფერზე მიზეზი გაქვს.
შენ აუფასურებ მის გრძნობებს
- დიდი ალბათობით, ამას გამიზნულად არ აკეთებ. შესაძლოა, შენ არ იცი, როგორ თქვა თბილი სიტყვები ან უბრალოდ გერიდება, თუმცა მუდმივი „აუ კარგი, ნუ ნერვიულობ, სისულელეა“, ადრე თუ გვიან დააფიქრებს მას, თუ რისთვის სჭირდება შენთან მეგობრობა?
ეჭვიანობ
- სხვა გოგონებთან მეგობრობა გაღიზიანებს. თუკი ამას პირდაპირ არ ეუბნები, ყველანაირად ცდილობ, მიახვედრო, რომ არ გსიამოვნებს. მერწმუნე, სულ მალე დაიღლება შენი ასეთი მიდგომით და ცხოვრების ბოლომდე დაქალობის ფიცის შენარჩუნებით, რომელიც დიდი ალბათობით, არც კი დაუდია შენთან.
შენ აღიარებ პრინციპს: „მერე რა მოხდა?“
- „მერე რა მოხდა, შენი საიდუმლო რომ შემთხვევით გავეცი“, „მერე რა მოხდა, დედაშენს რომ მოვუყევი შენს შეყვარებულთან პრობლემებზე?“ დაფიქრდი, სწორედ ასე იქცევიან ტოქსიკური დაქალები.
წყარო