სიყვარულს და მეგობრობას ბევრი რამ აქვთ საერთო, ორივეს ურთიერთობის ასაწყობად საკმაოდ ბევრი ძალისხმევა არის საჭირო. უბრალოდ, ზოგჯერ ეს ურთიერთობები არ არსებობს სინამდვილეში. დააკვირდით თქვენს საყვარელ ადამიანს, როგორ ეპყრობა მეგობრებს და როგორ გეპყრობათ თქვენ. თუკი ერთნაირად ან თქვენ უფრო უკეთ - მაშინ ყველაფერი წესრიგშია და უნდა განაგრძოთ ურთიერთობის გაუმჯობესება ან უბრალოდ ამით ტკბობა, ხოლო თუკი მეგობრებს ექცევა კარგად და თქვენ არა, დაფიქრდით, რამდენად გიღირთ ასეთ ადამიანთან ურთიერთობის გაგრძელება?
ურთიერთობების აწყობისას ბევრი ძალისხმევაა საჭირო. უნდა გესმოდეთ და მიიღოთ სხვისი ნაკლოვანებები, შეძლოთ პატიება და თვალის დახუჭვა; უნდა იყოთ თავშეკავებული და რაღაცებს არ მიაქციოთ ყურადღება, მოძებნოთ კონფლიქტიდან გამოსავალი; ზოგჯერ მისი განწყობაც უნდა ამოიცნოთ; მიიღოთ ისეთად, როგორიც არის...
მეგობრობაში ბევრს არ ფიქრობ და თავისუფლად გრძნობ თავს, არ გჭირდება ნიღბების მორგება. მეგობარიც არის ისეთი, როგორიც არის. ამაშია მეგობრობის არსიც. ფსიქოლოგებს პრაქტიკაში არ ჰქონიათ ის, რომ მეგობრებს ფსიქოლოგთან ვიზიტი დასჭირდეთ ურთიერთობის ასაწყობად. მეგობრობაში არ არის ეჭვიანობის ისტერიკები ცრემლებით და მოთხოვნებით. თუკი საყვარელი ადამიანი აუტანელ ატმოსფეროს ქმნის, თქვენ კი იტანთ ამ ყველაფერს და მუშაობთ ურთიერთობის გაუმჯობესებაზე, ითმენთ მის ისტერიკებსა და აგრესიას, ამას სულ ტყუილად აკეთებთ. ურთიერთობაში მთავარი თავისუფლად სუნთქვაა და არა როგორც გალიაში შესვლა ვეფხვთან შიშით მოსათვინიერებლად, სულაც არ არის აუცილებელი ვინმეს გაეკიდოთ ან მის ხასიათების ცვლილებებს აეწყოთ.
იმიტომ, რომ ეს არ არის არც სიყვარული და არც მეგობრობა, ეს არის ტანჯვა და თავგანწირვა. ასეთი ადამიანი იმდენად ცუდად ექცევა მას, ვინც ცდილობს ურთიერთობის გაუმჯობესებას, რომ დღითიდღე აუტანელი ხდება არსებობა.
სიყვარული - არ არის მეგობრობის უმაღლესი საფეხური. ორმხრივი სიყვარული მთელი გულით - ეს არის მეგობრობის უმაღლესი საფეხური. თუკი ერთი დასცინის მეორეს, ეს არც სიყვარულია, არც მეგობრობა, ურთიერთობის გაუმჯობესებაზე მხოლოდ ერთი ადამიანი არ უნდა მუშაობდეს. თუკი მეგობარი არ გწერთ შეტყობინებებზე პასუხს და არ გირეკავთ, თქვენ გული დაგწყდებათ და დაფიქრდებით მეგობრობაზე, თვითონ დაურეკავთ და ჰკითხავთ: „რატომ არ მიპასუხე?“ - სიყვარულში კი გიწევთ პასუხების ძიება რთულ ბავშვობაში, ზედმეტად დატვირთულ სამუშაო განრიგში. როგორც კი მეგობარი მოგმართავთ ცუდი სიტყვებით, წამში გაწყვეტთ მასთან ურთიერთობას, ხოლო საყვარელი ადამიანისგან რატომ იტანთ უცენზურო კითხვებს? მას რთული ბავშვობა ჰქონდა, არა?
შეადარეთ თქვენი სასიყვარულო ურთიერთობები მეგობრებთან ურთიერთობას. თუკი განსხვავება ძალიან დიდია, მაშინ დასკვნები უნდა გამოიტანოთ, რატომ შეუძლია ახლობელ ადამიანს შეურაცხყოფის მოყენება თქვენთვის და იმის კადრება, რასაც მეგობარი არ გაკადრებთ? იმიტომ, რომ არც მეგობრობა არსებობს თქვენ შორის და რა თქმა უნდა, არც სიყვარული, არსებობს სქესობრივი კავშირი, რომელიც აკავებს ამ ურთიერთობებს, თუმცა დროებითია ესეც, არ დაგავიწყდეთ. შემდგომ დაიწყება ღალატი, აგრესია და დასასრული. თუკი არ არის ურთიერთობაში მეგობრობა - არ იარსებებს სიყვარულიც.