როგორ განიხილოთ ერთობლივი ხარჯები, თუკი ერთად ცხოვრება გადაწყვიტეთ? ფსიქოლოგების რჩევით, 5 მარტივი კითხვის მეშვეობით გაარკვევთ ერთმანეთის შეხედულებებს ფინანსებთან დაკავშირებით.
1. როგორ ხართ ფინანსებთან?
- შესაძლოა, ეს რომელიმეს ძლიერი მხარე არ არის და ამის აღიარება გეუხერხულებათ. წარმოიდგინეთ, რომ ეს არის უნიკალური შანსი გამოცდილების ერთმანეთისთვის გასაზიარებლად და მომავალ პერსპექტივებში კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად. ფინანსების საკითხი უმეტესობისთვის არაკომფორტულია სასაუბროდ და ამიტომ დიალოგის იდეალური სცენარი თითქმის არ არსებობს. მართალია, რთულად განსახილველი თემაა, თუმცა სასაუბროდ ნამდვილად ღირს, ასე უფრო მეტად თავდაჯერებული იქნებით ორივე. საქმე არა საბანკო ანგარიშის ამონაწერის ერთმანეთისთვის ჩვენებას ეხება, არამედ საშუალო შემოსავლის დათვლას, რომელიც საერთო ბიუჯეტისთვისვე მომგებიანი გახდება.
2. როგორ გავყოფთ შემოსავალს?
- დროა, გავმიჯნოთ, რა არის „ჩემი“, „შენი“ და „ჩვენი“. ზედმეტად უხეშად ჟღერს, მაგრამ ასე უფრო უკეთ დაინახავთ, ვინ რაზე ხარჯავს ფინანსებს უაზროდ. მაგალითად, თანაცხოვრების ერთი წლის შემდეგ, შესაძლოა, ძალიან გაბრაზდეთ, როცა გაიგებთ, თუ როგორ უაზროდ ხარჯავთ ფულს ძვირად ღირებული წვრილმანების შეძენაში, ქაღალდის ხელსახოცების ყიდვაში და ა.შ. რჩევის სახით შეგიძლიათ ჩამოწეროთ Google Docs-ში საერთო საყოფაცხოვრებო პროდუქტების თუ სარეცხი საშუალებების შესაძენი სია, შემდეგ მიუწეროთ თანხა, თუ რა პროდუქტი რამდენი ჯდება და ასე გამოიყვანოთ საშუალო თანხა, რომლის გადადება გიწევთ მათ შესაძენად თვის განმავლობაში.
3. როგორ გადაიჭრა ფინანსური საკითხები შენს ოჯახში?
- ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ემოციური „ტვირთი“ ფინანსებთან დაკავშირებით ყველას აქვს გამოვლილი. შესაძლოა, მისი მშობლები გამუდმებით ჩხუბობდნენ ფინანსებზე. შესაძლოა, დედათქვენი არ მუშაობდა და მამას უწევდა ყველა გადასახადის დაფარვა ან უბრალოდ არასდროს არავის უსაუბრია ფინანსებზე თქვენს ოჯახში. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ფორმირებული ფინანსური ქცევა მნიშვნელოვან როლს თამაშობს პიროვნების ჩამოყალიბებაში ფულის განკარგვასთან დაკავშირებით.
4. საბანკო კრედიტები გაქვთ?
- საკმაოდ ბევრი ისტორია გვსმენია გარშემო იმის შესახებ, რომ ცოლი თავისი ქმრის ვალდებულებებზე იმ დროს იგებს, როცა უკვე კოლოსალურ თანხებს მიაღწია. შესაბამისად, ოჯახში კონფლიქტი გარდაუვალია, რაც არასასიამოვნო ფაქტია. თუმცა, ალბათ, უფრო საშინლად ჟღერს პირველ პაემანზევე საბანკო კრედიტებზე საუბარი. ამ თემის განხილვას ახერხებს ისეთი წყვილი, რომელიც დიდი ხანია ერთმანეთს ხვდება და ახლოს არის ერთმანეთთან, ენდობა ერთმანეთს და შეუძლიათ გაუზიარონ ყველაფერი. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ფინანსური განათლების დონე პარტნიორებში მნიშვნელოვანია. საბანკო კრედიტები სულაც არ ნიშნავს ურთიერთობის დასასრულს. მის გამჟღავნებაშიც სასირცხვილო არაფერია. თუკი პარტნიორი უარყოფითად და მწვავედ რეაგირებს ამ საკითხზე, წარმოიდგინეთ, რამდენად ცუდად აისახება მომავალში ეს ყველაფერი თქვენს ურთიერთობებზე. უმჯობესია, დაოჯახებამდე ახადოთ ფარდა ყველაფერს, ვიდრე მოგვიანებით.
5. როგორ დავგეგმავთ სერიოზულ შენაძენს?
- მივედით ყველაზე საინტერესო პუნქტზე. საუბარი საერთო დანაზოგსა და შენატანებზე საკმაოდ მნიშნელოვანია. მას პატარა კაფეტერიის გახსნა სურს, თქვენ კი ოცნებობთ ცენტრალურ უბანში ბინის შეძენაზე? ყველა სურვილი გაუზიარეთ ერთმანეთს - განიხილეთ პუნქტებად ყველაფერი და შედეგად მიიღეთ გადაწყვეტილება საერთო ფინანსებით დანაზოგის გაკეთებასთან დაკავშირებით. დაიმახსოვრეთ, საკუთარი იდეების აღწერა, საღი კრიტიკა, გულწრფელი მხარდაჭერა და საერთო ბიუჯეტი თქვენ წინაშე ახალ ჰორიზონტებს გაშლის.