სიახლე არ იქნება, თუკი ვიტყვით, რომ ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის მხოლოდ სიყვარული საკმარისი არ არის. მის მისაღწევად არაერთი პატარა, თუმცა მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო. ისეთი უბრალო ჩვევები, როგორებიცაა, მაგალითად, დაინტერესება, როგორ ჩაიარა მისმა დღემ, ერთ დროს დაძინება, ერთმანეთისთვის საყვარელი მუსიკისა თუ ფილმის გაზიარება, ურთიერთობას უფრო გახსნილსა და სასიამოვნოს გახდის. აი, იმ რჩევათა ჩამონათვალი, რომლებიც პარტნიორთან იდილიის მიღწევაში დაგეხმარებათ:
- ღია და თავისუფალი კომუნიკაცია
სწორი კომუნიკაცია ნებისმიერი ურთიერთობის საყრდენი წერტილია. ღია, თავისუფალი კომუნიკაციით პარტნიორს საშუალებას აძლევთ, გააცნობიეროს, რა მოგწონთ ან არ მოგწონთ, რა განიჭებთ სიხარულს, რისი გეშინიათ... ეს საუკეთესო გზაა იმის სათქმელადაც, რომ ერთმანეთს არ ეთანხმებით. სწორი კომუნიკაცია მხოლოდ საუბარს არ გულისხმობს - თქვენ უნდა შეძლოთ, იყოთ კარგი მსმენელიც - რაც უნდა უინტერესოდ მოგეჩვენოთ ამბავი, თუკი ეს თქვენი პარტნიორისთვის მნიშვნელოვანია, მოუსმინეთ მას ყურადღებით, გულწრფელად, ისე, რომ პარალელურად სოციალურ ქსელებს არ „სქროლავდეთ“.
- განავითარეთ საერთო ინტერესები
როგორც აღმოჩნდა, ინტერესებისა და შეხედულებების გაზიარება ძლიერი ურთიერთობის გასაღებია. ნიბისმიერი აქტივობა, რომელიც არ არის სტრესული, დამთრგუნველი და ხელს უწყობს თქვენ დაახლოებას, ბედნიერი ურთიერთობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ასე რომ, უყურეთ ფილებს, ივარჯიშეთ, ივახშმეთ თქვენს პარტნიორთან ერთად და ნახავთ, რომ თქვენი საყვარელი საქმიანობა კიდევ უფრო სასიამოვნო გახდება.
- კომუნიკაცია მთელი დღის განმავლობაში
მაშინაც კი, თუკი ორივე თქვენგანი დაკავებულია სამსახურით ან რაიმე სხვა საქმიანობით და თავისუფალი დრო თითქმის არ გაქვთ, დღის განმავლობაში აუცილებლად გამონახეთ რამდენიმე წუთი პარტნიორისთვის კომპლიმენტის მისაწერად, სასაცილო ფოტოს გასაგზავნად ან უბრალოდ მოსაკითხად. ეს შექმნის სიახლოვის შეგრძნებას თქვენ შორის და გააჩენს განცდას, რომ დაკავებული დღის რეჟიმშიც კი ფიქრობთ ერთმანეთზე.
- ერთად აკეთეთ სახლის საქმეები
დღეს წყვილები საოჯახო საქმეებს უფრო მეტად იზიარებენ, ვიდრე ეს რამდენიმე ათწლეულის წინ ხდებოდა. რაც უნდა გასაკვირი იყოს, კვლევები აჩვენებს, რომ პარტნიორები, რომლებიც ერთად რეცხავენ ჭურჭელს, წმენდენ იატაკს ან ალაგებენ აბაზანას, უფრო ბედნიერები არიან. ასე რომ, დაიწყეთ თქვენს საცხოვრებელზე ერთად ზრუნვა, ეს ჰარმონიული ურთიერთობის საიდუმლოა!
მადლიერებისა და დადებითი ემოციების გამოხატვა ყველანაირ ურთიერთობაში მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი, პარტნიორთან კომუნიკაციისას. იმის თქმით, თუ რამდენად საოცარია თქვენი მეწყვილე, რა ლამაზად გამოიყურება დღეს ან რა გემრიელი საუზმე მოამზადა, გამოხატავთ თქვენს პატივისცემასა და სიყვარულს, აგრძნობინებთ მას, რომ აფასებთ, რაც თქვენს კავშირს კიდევ უფრო ძლიერს გახდის.
ეს, ერთი შეხედვით, ბანალური რჩევა შესაძლოა, თქვენი ურთიერთობის გამყარების მიზეზი აღმოჩნდეს. როგორ? საქვეყნოდ ცნობილია, რომ სიცილი საუკეთესო თერაპიაა დამღლელი დღის, სტრესისა თუ დეპრესიის დროს. როგორც აღმოჩნდა, ერთად სიცილი წყვილებს უყალიბებს განცდას, რომ ისინი სამყაროს მსგავსად აღიქვამენ, რაც მათ კიდევ უფრო აახლოებს და ურთიერთობას მეტად სასიამოვნოს ხდის. ასე რომ, ბევრს ნუ იფიქრებთ, იცინეთ რაც შეიძლება ბევრი თქვენს პარტნიორთან ერთად!
- მოაგვარეთ კონფლიქტი იმავე დღეს
რაც უნდა ძლიერი იყოს სიყვარული, კამათი და უთანხმოება მისი თანმდევი ნაწილია. მნიშვნელოვანია გაუგებრობების მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და იმის შესახებ საუბარი, თუ რა ხდება კამათის მიზეზი. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის მართალი, ნუ გადადებთ კონფლიქტის მოგვარებას მომდევნო დღისთვის ან დღეებისთვის, როცა ბრაზი გადაგივლით. როგორც აღმოჩნდა, თუკი ამ ნეგატივს დაიტოვებთ და ასე დაიძინებთ, უთანხმოების განმუხტვა შემდეგ უფრო გართულდება.
- უთხარით ერთმანეთს გამარჯობა და ნახვამდის
სულ რამდენიმე წამია საჭირო იმის საჩვენებლად, რომ თქვენი პარტნიორის გაღვიძებამ გაგახარათ, ან იმის სათქმელად, რომ უსურვებთ მას მშვიდ ძილს. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება უმნიშვნელო დეტალად მოგეჩვენოთ, ყოველდღიური მისალმებისა და დამშვიდობების რიტუალი თქვენს ურთიერთობას უფრო მყარს ხდის და ზოგიერთ წყვილს კონფლიქტის მოგვარებაშიც კი ეხმარება.
წყვილები ზოგჯერ თვლიან, რომ ერთად ყოფნითა და ერთმანეთზე ზრუნვით ისედაც გამოხატავენ სიყვარულს. მართლაც, თქვენი პარტნიორის საყვარელი საუზმის მომზადება, სახლის მის მაგივრად დალაგება ან საკუთარი საქმის გადადება მის დასახმარებლად დამდვილად არის ამ გრძნობის დამტკიცება. მიუხედავად ამისა, ყოველდღიური რუტინა ხშირად არ გვაძლევს საშუალებას, შევამჩნიოთ და დავტკბეთ ამ დეტალებით. ამიტომ, იმის შეხსენება, რომ გიყვართ, აგრძნობინებს თქვენს რჩეულს, თუ როგორ აფასებთ მას, ზრუნავთ, ფიქრობთ და გაინტერესებთ მისი ცხოვრება. ეს კი თქვენს კავშირს გააძლიერებს.
- მოულოდნელი სიურპრიზები ერთმანეთისთვის
წყვილი ყველაზე ბედნიერად მაშინ გრძნობს თავს, როცა ხედავს, რომ მისი პარტნიორი ზრუნავს მასზე, გამოხატავს პატივისცემას. მოულოდნელი სიურპრიზები სწორედ ამის დასტურია. ამით, შესაძლოა, ხელი შეუწყოთ თქვენი ურთიერთობის დინამიკურობას, სპონტანურობას, ნაცვლად იმისა, რომ გახადოთ ის რუტინული და მოსაწყენი. არ არის საჭირო, სიურპრიზი ძვირად ღირებული ნივთი იყოს, პარტნიორის გახარება მისი საყვარელი ყვავილების მირთმევით ან ფავორიტი კერძის მომზადებითაც წარმატებით შეიძლება.