ფსიქოლოგები თვლიან, რომ ნდობა მყარი და ხანგრძლივი ურთიერთობის საფუძველია, თუმცა ჩვენ გარშემო ბევრია ისეთი, ვინც წარსული გამოცდილებისა თუ საკუთარი დაუცველობის გამო მუდმივად ეჭვობს, რომ პარტნიორი ღალატობს. საყვარელი ადამიანის სხვის გვერდით წარმოდგენამ შეიძლება გაგაგიჟოთ კიდეც. ასეთ დროს უმჯობესია, ღრმად ჩაისუნთქოთ და დაფიქრდეთ, რეალურია თუ არა თქვენი ეჭვები. აი, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება:
- ისინი გულახდილად გესაუბრებიან ნებისმიერ საკითხზე
თქვენს პარტნიორს უნდა შეეძლოს, დაუფარავად გაგიზიაროთ ყველა სიახლე, იქნება ეს თქვენთვის სასიამოვნო თუ უსიამოვნო. ეს პატივისცემისა და ნდობის ერთ-ერთი ნიშანია და მიუთითებს იმაზე, რომ იგი მზადაა თქვენთან ერთად გადალახოს ნებისმიერი დაბრკოლება. თუკი თქვენი მეწყვილე „თეთრი ტყუილის“ თქმასაც კი ერიდება, ის ნამდვილად თქვენი ერთგულია და საიმედო პარტნიორად აღგიქვამთ.
- ისინი ამტკიცებენ ერთგულებას ქცევით
ყველა ურთიერთობას აქვს თავისი აღმართები და დაღმართები, ზოგჯერ კი მათი გადალახვა განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს რომელიმე პარტნიორისთვის. თუკი თქვენი მეწყვილე არ გტოვებთ მაშინ, როცა თავს უბედურად გრძნობთ, გაწუხებთ დეპრესია და მთელი დღით სახლში ხართ გამოკეტილი, ეს ნიშნავს, რომ თქვენი სიყვარული ძლიერია, პარტნიორი კი ამ ურთიერთობის ერთგულია. დარწმუნებული იყავით, რომ ასეთი მეწყვილეები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ბედნიერი იყოთ.
- მათი გრძნობები სტაბილურია
თუკი თქვენი პარტნიორის გრძნობები არ იცვლება, ის მუდმივად თავაზიანი, ალერსიანი და მოსიყვარულეა, ნაცვლად იმისა, რომ ეჭვი ეპარებოდეს, უყვარხართ თუ არა, მაშინ სანერვიულო არაფერზე გაქვთ! როდესაც ხედავთ, რომ მეწყვილე თქვენში საკუთარ მომავალს ხედავს, ესე იგი, მისი სიყვარული ნამდვილია.
- ისინი ცდილობენ, რომ ურთიერთობა წარმატებული იყოს
როგორც წესი, ურთიერთობის ინიციატორები დასაწყისში უფრო მეტ ინტერესს იჩენენ, რათა კომუნიკაციამ გაამართლოს, მაგრამ თუ თქვენი პარტნიორის ინტერესი თქვენდამი არ ნელდება, მუდმივად გეკითხებათ, რას აკეთებთ, რა გაწუხებთ ან გიხარიათ, რას გეგმავთ, შეიძლება ითქვას, რომ ეს მართლაც ნამდვილი სიყვარულია, სადაც ეჭვების ადგილი არ არის.
- ისინი ემოციურად გახსნილები არიან
თუ გსურთ, თქვენი პარტნიორის ნდობა და ერთგულება დაიმსახუროთ, შეინარჩუნეთ მაქსიმალურად გახსნილი ურთიერთობა მასთან. როცა მეწყვილე საკუთარ შიშებზე, სიხარულზე, წუხილსა თუ სხვა განცდებზე გიყვებათ, მას აქვს მოლოდინი, რომ გაუგებთ და გვერდით დაუდგებით. იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორი ემოციურად მიუწვდომელია, იმის მაგივრად, რომ განზე გადგეთ, უმჯობესია, თუ უბრალოდ ისაუბრებთ ამაზე.
- ისინი გამოხატავენ გრძნობებს ფიზიკურად
თუ შეამჩნევთ, რომ პარტნიორი თქვენდამი სიყვარულს, ლტოლვას დაუფარავად გამოხატავს ფიზიკურად, შეგიძლიათ თქვათ, რომ სწორ გზას ადგახართ. გრძნობების ფიზიკურად გამოვლენა, შეხება, მოფერება, კოცნა ხელს უწყობს ინტიმური ურთიერთობის ჩამოყალიბებასა და გაძლიერებას, წყვილს შორის, ძლიერი ემოციური კავშირის შექმნას, რაც გარანტიაა იმისა, რომ საეჭვიანო არასდროს არაფერი გექნებათ.
ეჭვიანობას ხშირად არა რაიმე რეალური მიზეზი, არამედ პირადი დაუცველობა იწვევს. ხდება ისეც, რომ ადამიანი საკუთარ აზრებს, ქცევებს აკონვერტირებს და სხვას მიაწერს ისე, თითქოს ეს ნამდვილი იყოს. ასე რომ, თუ თქვენი პარტნიორი არ ეჭვიანობს, შეგიძლიათ თქვენც მშვიდად იყოთ.
- ისინი მაქსიმალურად ერთვებიან თქვენს ცხოვრებაში
ცხადია, ყველა ადამიანს სჭირდება პირადი სივრცე, თუმცა, როცა პარტნიორი თქვენი ერთგულია და ნამდვილად უყვარხართ, ხშირად ეცდება, რომ გაიზიაროს თქვენი გამოცდილება, განცდები და სურვილები, იცოდეს ყველაფერი თქვენი ცხოვრების სტილისა და წესის შესახებ. ეს არ ნიშნავს, რომ ვერ შეძლებთ, დაიტოვოთ დრო საკუთარი თავისთვის. ეს უბრალოდ მტკიცებულებაა იმისა, რომ ნამდვილად ერთგული პარტნიორი გყავთ!
- ითვალისწინებენ თქვენს აზრსა და სურვილს
სიყვარულის საჯაროდ გამოხატვა ბევრისთვის სასიამოვნო ჟესტია, თუმცა უფრო დიდი მნიშვნელობა იმ პატარ-პატარა დეტალებს აქვს, რომელთა წყალობითაც ურთიერთობა უფრო მყარი და საიმედო ხდება. თუ თქვენი პარტნიორი ცდილობს, ყოველთვის გაითვალისწინოს თქვენი აზრი და ამით თავი ბედნიერად გაგრძნობინოთ, ეს ერთგულების უტყუარი დასტურია.
- ყოველთვის მათ ფიქრებში ხართ
როგორც ვთქვით, პირადი სივრცე ყველა ადამიანს სჭირდება, მაგრამ თუკი თქვენი პარტნიორი, გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მაინც ახერხებს, გამონახოს წუთი და გაცნობოთ, რას აკეთებს, როგორ გრძნობს თავს ან გკითხოთ იგივე თქვენ, მაშინ ნამდვილად გაგიმართლათ, რადგან გვერდით ერთგული და სანდო ადამიანი გყავთ!