იდეალურ სამყაროში ფეხმძიმე ცოლებს კაცები ხელისგულზე ატარებენ, რეალურში კი - ყველაფერი პირიქითაა, განსაკუთრებით, მშობიარობის შემდეგ. ქვემოთ წაიკითხავთ სამ ისტორიას იმ ქალების შესახებ, რომლებზეც ქმრებმა შვილის გაჩენის შემდეგ იძალადეს.
ეკატერინე, 27 წლის
"ცხოვრებაში ყველაფრის დაგეგმვა მიყვარს - 19 წლის ასაკში უკვე ვიცოდი, როგორი ქმარი მეყოლებოდა, როგორი ქორწილი მექნებოდა და შვილებს როდის გავაჩენდი. ყველაფერი ჩემი გეგმის მიხედვით მიდიოდა, უბრალოდ, ორსულობა იგვიანებდა. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ ტყუპს ველოდებოდით. ჩემი ქმარი ამ ამბით ძალიან გახარებული იყო, ზრუნავდა, ფიქრობდა, ყველაფერს აკეთებდა... მე ვერც კი მივხვდი, როდის და რატომ გაცივდა ჩემ მიმართ მოულოდნელად. ერთხელ ისიც კი მითხრა, რომ ფეხები სპილოსავით მქონდა გასიებული. ყველაფერს ჩემს ემოციურობასა და გადაღლილობას ვაბრალებდი, მაგრამ მისი დამოკიდებულება უფრო და უფრო უარესდებოდა, ძალიან უხეში გახდა, უარს ამბობდა ბავშვების მიხედვაზე, სამსახურიდან გვიან ბრუნდებოდა... ჩემთან ყველანაირ კავშირს გაურბოდა მიზეზით, რომ მე მეძუძური დედა ვიყავი.
ხუთი თვის შემდეგ გამომიცხადა, რომ სხვა უყვარდა. აღმოჩნდა, რომ როცა მე საავადმყოფოში ვიყავი, ის ინტერნეტში შემთხვევით თავის კლასელს, თავის პირველ სიყვარულს გადააწყდა და მასთან გააბა რომანი. ვერ დავიჯერე! ორივე ხელში ბავშვი მეჭირა, არ მქონდა სამსახური, ფული, ენერგია, არ მეძინა, ცოტას ვჭამდი და ამ დროს ჩემს ქმარს რომანტიკა სურდა. მე მეწყინა, მაგრამ ის აქეთ მეჩხუბა და მიყვირა, თქვა, რომ ჩემთან ერთად ციხეში ცხოვრობდა და მე მას თავისუფლად სუნთქვის საშუალებასაც კი არ ვაძლევდი. ნივთები მე თვითონ ჩავალაგე, ბავშვები ბებიასთან დავტოვე და სამუშაო ვიპოვე. მიჭირდა, თუმცა სხვა გზა არ მქონდა. შემდეგ ძიძის აყვანის საშუალებაც გამიჩნდა და ყველაფერი უფრო მარტივი გახდა. ორი წლის შემდეგ ჩემი ქმარი დაბრუნდა, მითხრა, რომ ყველაფერს მიხვდა, ნანობდა და დაბრუნება სურდა. მე ვაპატიე, მაგრამ არა ჩემთვის, მხოლოდ ბავშვებისთვის!"
ვიქტორია, 41 წლის
"მე და ჩემი ქმარი 17 წლის განმავლობაში ვიყავით დაქორწინებულები და სამი შვილი გვყავდა, როცა მოულოდნელად მეოთხე ორსულობის შესახებ გავიგე. თურქეთში ვისვენებდით, დროს ძალიან კარგად ვატარებდით და იქიდან დაბრუნებულებმა ეს საჩუქარი აღმოვაჩინეთ. ჩვენი ფინანსური მდგომარეობის გამო გადავწყვიტეთ, რომ აბორტი გამეკეთებინა და დავრეგისტრირდი კიდეც პროცედურაზე, თუმცა წინა დღეს სიზმარი ვნახე, როგორ ვიჯექი ტბის ნაპირზე, წყალში კი პატარა გოგონა იყო და მეძახდა: „დედა, მიშველე, ვერ ხედავ, რომ ვიხრჩობი?“
როგორც კი გავიღვიძე, გადავწყვიტე, რომ აბორტს არ გავიკეთებდი. სამი ბიჭი მყავდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ ახლა მუცელში პატარა გოგონა მეჯდა. მართლაც, დაიბადა მარია, თუმცა შვიდთვიანი და ჯანმრთელობის პრობლემებით. პატარას ექიმები, მასაჟები, სპეციალური საწოლი და კიდევ ათასი რამ დასჭირდა. ჩვენი ვალები გაიზარდა, მაგრამ ჩემმა ქმარმა ყველაფერი იყიდა. ერთი წლის შემდეგ ჩვენს გოგონას ოპერაცია დასჭირდა. მან ჩუმად ისესხა ფული და მომცა, მაგრამ გაცოფდა, რომ ოპერაციამ შედეგი არ გამოიღო და მარია რეანიმაციაში გადაიყვანეს. მაშინ ჩემმა ქმარმა ისტერიკა მოაწყო, თქვა, რომ ძალიან დაიღალა ამ ბავშვის მოვლით, ეს მისი სურვილი არასდროს ყოფილა და რომ მე მთელ დღეს ბავშვს ვუთმობ და ჩვენ ნორმალური სექსიც კი აღარ გვაქვს. ეს ჩემთვის ბოლო წვეთი იყო, მთელი ცხოვრება ოჯახს მივუძღვენი და ასეთ დამოკიდებულებას არ ვიმსახურებდი. საავადმყოფოს იატაკზე დავჯექი და ვტიროდი. ექიმმა თქვა, რომ მარიას ავადმყოფობა ჩემი ასაკის ბრალი იყო, მშობიარობამდე სპეციალური გამოკვლევები უნდა ჩამეტარებინა. ეს ჩემმა ქმარმა, ცხადია, აიტაცა და მუდმივად მიმეორებდა, რომ მოხუცი დედა ვიყავი და ეს ტვირთი ოჯახს მე ავკიდე. ყველაფერი მაშინ გამოსწორდა, როცა ამ ამბავში ჩემი უფროსი ვაჟი ჩაერია და მამამისს უთხრა, რომ მისი საქციელი არც ერთ ჩარჩოში არ ჯდებოდა, თუკი მე ქმართან გაყრას მოვისურვებდი, ის ჩემთან ერთად წამოვიდოდა. ჩემს ქმარს კი დაშორება რატომღაც არ უნდოდა."
კარინა, 35 წლის
"აუტოიმუნური დაავადების გამო ექიმებმა დაფეხმძიმება ამიკრძალეს. ასეთ დროს განსაკუთრებით მაღალია შანსი, რომ ნაყოფში პათოლოგიები განვითარდეს. 30 წლამდე არ მინდოდა, დედა გავმხდარიყავი, ბედნიერი ვიყავი ჩემი ცხოვრებით, მაგრამ შემდეგ შევხვდი კაცს, რომელიც თავდავიწყებით შემიყვარდა და მივხვდი, რომ მისგან შვილის გაჩენა მინდოდა. ერთ დღეს გავიაზრე, რომ თუ შვილი არ მეყოლებოდა, ეს მტკივნეული სიცარიელე ჩემს გულში უფრო და უფრო გაიზრდებოდა. ჩემდა გასაკვირად, ძალიან სწრაფად დავფეხმძიმდი. ორსულობის მეშვიდე თვეში ვიყავი, როცა ჩემმა მეუღლემ ჩემს გარეგნობაზე საუბარი დაიწყო და, ამასთან, არაფერში მეხმარებოდა. სახლის საქმეებს მუდმივად დამოუკიდებლად ვუმკლავდებოდი, მიუხედავად იმისა, შემეძლო თუ არა ეს. უფრო მეტიც, მან თქვა, რომ მე არასასიამოვნო სუნი მაქვს, მარტივად ვოფლიანდები და ჩემთან დაძინება არ სურს, რომ ვეზიზღები და ამ ბავშვისთვის მზად არ არის. იმედი მქონდა, რომ მშობიარობის შემდეგ ყველაფერი კარგად იქნებოდა, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი ილუზია აღმოჩნდა.
სამშობიაროდან დაბრუნებულს, მეჩვენებოდა, რომ შავ-თეთრ ფილმში აღმოვჩნდი. ჩემს ქმარს ჩემი ყველა დეტალი აღიზიანებდა, თვლიდა, რომ მახინჯი ვიყავი, საქმეს კარგად არ ვაკეთებდი, ბავშვისთვის საჭმელი დროულად არ მიმქონდა... ვერ ვხვდებოდი, კაცი, რომელიც შემიყვარდა, როგორ გადაიქცა ურჩხულად. ერთხელ, როცა ახალი ჯინსი ვიყიდე, მან მითხრა, რომ ამ შარვალში ცომის გუნდას ვგავდი. რა გასაკვირია, რომ დეპრესია დამეწყო და აღარაფერი მახარებდა, მათ შორის, არც საკუთარი შვილი. ვსაუზმობდი - ვტიროდი, ვსადილობდი - ვტიროდი, ბავშვს ვაჭმევდი - ვტიროდი, სახლს ვალაგებდი და მაშინაც ვტიროდი. ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში დედაჩემი დამეხმარა, რომელმაც მე და ჩემი შვილი საცხოვრებლად თავისთან წაგვიყვანა. სამი თვის შემდეგ, როცა თავი უკეთესად ვიგრძენი, ქმარს დავშორდი. უკვე სამი წელი ხდება, რაც ერთად აღარ ვართ, მაგრამ ეს იმდენად ცუდი გამოცდილება იყო, რომ დაქორწინებას აღარასდროს ვგეგმავ."
ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ ქალის მშობიარობის შემდეგ დეპრესია კაცებსაც აქვთ. ცხადია, მათ საქციელს მორალური გამართლება არ აქვს, თუმცა ამის ახსნა ბიოლოგიურად ნამდვილად შეიძლება. თითოეული ისტორიის შემთხვევაში ნათელია, რომ პრობლემები ნელ-ნელა მწიფდებოდა და ბავშვის გაჩენამ ისინი საბოლოოდ გამოიტანა სააშკარაოზე. შვილის გაჩენისთვის, ისევე, როგორც დედა, მამაც წინასწარ უნდა მოემზადოს ფსიქოლოგიურად, გაიაზროს და შეეგუოს, რომ ამ დროს ქალის სხეული იცვლება, შეიძლება შეიცვალოს მისი ხასიათიც, განწყობაც, წყვილის რეჟიმი და დღის რუტინა უფრო დატვირთული ხდება და ამის გაანალიზება ძალიან მნიშვნელოვანია. რა შეიძლება იყოს გამოსავალი? პარტნიორები თანაბრად უნდა იყვნენ ჩართული ბავშვის მოვლის პროცესში, ეს ბევრ პრობლემას გააფერკმრთალებს და ურთიერთობაც ცოლ-ქმარს შორის მეტად ჰარმონიული იქნება.