ამბობენ, რომ სიყვარულში, ისევე, როგორც ომში, ყველა გზა გამართლებულია. ხშირად ქალები მზად არიან, გამოიყენონ ყველანაირი ძალისხმევა მამაკაცის ინტერესის დასაბრუნებლად. წონაში კლება, ვარცხნილობის შეცვლა, პლასტიკური ოპერაციები... და ორსულობა. მაგრამ შეუძლია თუ არა ბავშვს გავლენა მოახდინოს მამის გადაწყვეტილებაზე წასვლის ან დარჩენის შესახებ?
ბავშვების დაბადების შემდეგ წყვილს შორის ურთიერთობა ნამდვილად იცვლება, თუმცა ვერავინ მოგცემთ გარანტიას, რომ ეს ცვლილება აუცილებლად პოზიტიური იქნება. თუ ქმარი ეჭვიანი და ეგოისტია, ხოლო ცოლის ყურადღება მთლიანად ბავშვისკენაა მიმართული, სკანდალები და დაძაბულობა გარდაუვალია. შვილი ქალისგან გაცილებით დიდ ინვესტიციას მოითხოვს, ვიდრე მამისგან. მისი კავშირი ბავშვთან უფრო მჭიდროა და განპირობებულია ფიზიოლოგიით. მამობა განსხვავებულია. მამას დრო სჭირდება იმისათვის, რომ იგრძნოს, რომ მას ჰყავს არა კონკურენტი, რომელიც ცოლის ყურადღებას და ძალას ართმევს, არამედ ვაჟი ან ქალიშვილი. ინფანტილური მამაკაცებისთვის ბავშვის დაბადება ხდება ნამდვილი გამოწვევა.
როცა ბავშვი ემოციური შანტაჟის ობიექტია, ამ დროს უფრო დიდი შანსია, რომ წყვილი სამუდამოდ დაშორდეს. თუ დაძაბულობას ჩვილის ტირილი და ჭირვეულობა ემატება, კაცები, როგორც წესი, წასვლას არჩევენ.
„თუ წყვილს უკვე აქვს სირთულეები, კონფლიქტები და გაუგებრობები, განსაკუთრებით, თუ გრძნობების ნაკლებობაა, ბავშვის დაბადებამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაართულოს სიტუაცია“ - ამბობენ ფსიქოლოგები.
ქალები, რომლებიც თავგანწირვით იბრძვიან ოჯახური ბედნიერებისთვის, ამაზე იშვიათად ფიქრობენ. არც იმას განიხილავენ, რას იგრძნობს ბავშვი, რომელიც მხოლოდ ჩატეხილი ხიდის აღსადგენად და ნაპრალის ამოსავსებადაა მოვლენილი. ზრდასრულობაში იმის გაცნობიერება, რომ დედამ ქმრის შესანარჩუნებლად გაგაჩინა (ეს ინფორმაცია, როგორც წესი, ადრე თუ გვიან ადრესატამდე ყოველთვის აღწევს), სერიოზულ ფსიქოტრავმასთანაა დაკავშირებული.