დედა წამყვან როლს თამაშობს ქალიშვილის ცხოვრებაში მისი გენდერული როლის, მომავალი ქცევის, მამაკაცებთან ურთიერთობისა და თვითშეფასების ჩამოყალიბების პროცესში. ქალიშვილები ხშირად ითვისებენ დედის მანერებს და ღირებულებებს, რაც ბუნებრივია. ქმართან ჩხუბი, საუბრები და დისკუსიები მეგობრებთან - არის ბევრი ნიუანსი, რომლებიც გავლენას ახდენს ახალგაზრდა გოგოს ჩამოყალიბებაზე. ფსიქოლოგები მოგვითხრობენ ყველაზე გავრცელებულ მავნე დამოკიდებულებებზე, რომლებსაც დედები იჩენენ ქალიშვილების მიმართ.
„სიყვარული რომ დაიმსახურო, სრულყოფილი დიასახლისი უნდა იყო“
ხშირად დედები უგულებელყოფენ თავიანთ სურვილებს, მთელ დროს უთმობენ ყოველდღიურ ცხოვრებას და საოჯახო საქმეებს. ბავშვი ხედავს, რომ დედა გადაღლილია, არ შეუძლია ფეხზე დგომა, მაგრამ მაინც ამზადებს სადილს; თავს ცუდად გრძნობს, მაგრამ ასუფთავებს სახლს და აუთოებს ქმრის პერანგს. ეს არ ნიშნავს, რომ ქმარზე ან შვილებზე ზრუნვა საზიანოა, მაგრამ ჯობია, ოქროს შუალედს მივყვეთ. ასეთი ქცევით დედა ქალიშვილს უყალიბებს წარმოდგენას, რომ მისი საჭიროებები და სურვილები მნიშვნელოვანი არ არის. „მე უნდა ვასიამოვნო სხვებს“ - ერთადერთი სწორი მიმართულება ხდება და ამის გამო ზრდასრულობაში შეიძლება ფსიქოლოგიური პრობლემებიც კი შეექმნას.
„კაცს გვერდით ლამაზი ქალი სჭირდება“
საკუთარ თავზე ზრუნვა და მოვლა მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქალისთვის, მაგრამ მთავარია, რომ ამ ზრუნვის მიზეზი საკუთარი თავის სიყვარული და პატივისცემაა და არა მიტოვების შიში. დედებმა არ უნდა ჩაუნერგონ გოგონებს აზრი, რომ თუ ისინი წონაში მოიმატებენ, დაკარგავენ იდეალურ ფორმებს, მათ პარტნიორი მიატოვებს. ასეთ დროს, ზრდასრულობაში გოგონებისთვის მთავარი საკუთარ სხეულსა და გარეგნობაზე ზრუნვა ხდება და იწყებს საკუთარ თავში ნაკლის ძებნას. ძნელია, ამ განწყობით მიაღწიო სრულყოფილებას და ირწმუნო, რომ საკმარისად კარგი ხარ, მიუხედავად იმისა, რომ 5 კილოგრამი მოიმატე. ასეთ დროს გოგო ხდება დაუცველი, რაც პრობლემებს აჩენს პირად ურთიერთობებშიც.
„დახმარების თხოვნა სირცხვილია“
დამოუკიდებლობა და საკუთარი თავის რწმენა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს სამყაროსადმი უნდობლობას არ უნდა ნიშნავდეს. ხშირად დედები, რომლებიც იმედგაცრუებული არიან მამაკაცებთან ურთიერთობით, არწმუნებენ თავიანთ ქალიშვილებს, რომ არავის ენდონ. ასეთი ქალები თავად აკრავენ შპალერს, გადააქვთ ავეჯი, ატარებენ მძიმე ჩანთებს და ზიზღით უყურებენ მათ, ვინც დახმარებას ითხოვს. მათი უკმაყოფილება ყოფილი პარტნიორის მიმართ ითარგმნება სურვილით, დაამტკიცონ, რომ მათ თავად შეუძლიათ ყველაფრის გაკეთება. ასეთ დედებს ყველაზე ხშირად ჰყავთ ქალიშვილები, რომლებიც არავის ენდობიან. მათ შეუძლიათ განაწყენებულები იყვნენ მამაკაცის დახმარების შეთავაზებით. ისინი სკეპტიკურად უყურებენ რომანტიკულ ურთიერთობებსაც...
„ოჯახში მარჩენალი კაცია”
ზოგიერთ ოჯახში პასუხისმგებლობები მკაცრადაა გადანაწილებული და ქალის განათლება, კარიერაზე ზრუნვა ცუდ ტონად ითვლება, რადგან ფიქრობენ, რომ მისი მთავარი საქმე საოჯახო საქმეები და შვილის აღზრდაა, ოჯახი კი კაცმა უნდა არჩინოს. როგორ გაიყოფა ფინანსური უზრუნველყოფის ვალდებულება ოჯახში, ეს თავად ოჯახის წევრებმა უნდა გადაწყვიტონ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა გოგონა არის ადამიანი, რომელიც ვითარდება, საინტერესოა მასთან საუბარი და მისი აზრიც ისეთივე ღირებული და მნიშვნელოვანია, როგორც სხვა დანარჩენის.
„არ შეიძლება კაცთან გულწრფელობა“
ზოგი ფიქრობს, რომ ბედნიერი ურთიერთობის გასაღები ქალის ეშმაკობაა. ქცევის ასეთი მოდელი შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც სიბრძნე, რომელიც გოგონას ცხოვრებას ბევრად გაუადვილებს. დედები ზოგჯერ ასწავლიან შვილებს, რომ ქმარს არ უთხრან, რამდენია მათი ხელფასი ან რამდენი დახარჯეს ახალ ჩანთაში; ან მოიტყუონ, რომ საღამო მეგობრებთან ერთად კი არა, საქმიან შეხვედრაზე გაატარეს... ადრე თუ გვიან საიდუმლო გაირკვევა და ურთიერთობა გაუარესდება. საყვარელი ადამიანისგან თქვენი გემოვნების, პრეფერენციების და შესაძლებლობების დამალვით, თქვენ აშენებთ ქცევის მოდელს, რომელიც შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს თქვენი რეალური სახისგან.
რა მოხდება, თუ ამ რომელიმე სიტუაციაში აღმოჩნდებით?
მთავარი კრიტერიუმი, რომ ყველაფერი კარგადაა, არის თქვენი კეთილდღეობის შინაგანი გრძნობა. თუ არ ხართ კმაყოფილი იმით, თუ როგორ ვითარდება თქვენი ცხოვრება, დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: "რა შემიძლია შევცვალო მასში?" პრობლემის მოგვარების სამი ძირითადი სტრატეგია არსებობს: პარტნიორის შეცვლა, სპეციალისტთან დაკავშირება და თვითგანვითარება. მთავარია, რომ მიხვდეთ, რა არის თქვენი პრობლემა და იზრუნოთ მის მოგვარებაზე.