სულ უფრო მეტი გოგონა ირჩევს მამაკაცთან კომუნიკაციის არასტანდარტულ ფორმას - ერთად ცხოვრებას, თუმცა ინტიმური კავშირის გარეშე. რატომ არის საჭირო ილუზორული ურთიერთობა, ამის შესახებ ერთ-ერთი მომხმარებელი წერს:
”მან ყვავილები გამომიგზავნა!..” მომწერა ჩემმა მეგობარმა ერთ დღეს და ეს ამბავი სოციალურ ქსელში, ჩემ გარდა, კიდევ ათასობით ადამიანს გააგებინა. ეს მისთვის სიყვარულის მტკიცებულება იყო, რომელსაც ასე დიდხანს ელოდა. ის და მისი პარტნიორი ერთ წელზე მეტი იყვნენ ერთად, თუმცა ერთად არ ცხოვრობდნენ და არანაირი ინტიმური კავშირი არ ჰქონდათ. ჩემი მეგობარიც და მისი პარტნიორიც 30 წელს მიღწეულები არიან. ამიტომ ეს მორცხვობის ან გამოუცდელობის ბრალი სულაც არაა. ჩემს მეგობარს არაერთხელ ვკითხე, რატომ რჩებოდა ამ კაცთან, მან კი მოულოდნელი პასუხი გამცა: ის ბედნიერი იყო ასეთი კავშირით. თავისებურად, რა თქმა უნდა, მაგრამ ბედნიერი. როგორც თავად ამბობს, მისი პარტნიორი მაღალი ზნეობის კაცია, ჯერ ხელი უნდა სთხოვოს, შემდეგ იქორწინონ და ყველაფერი მხოლოდ შემდეგ მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეგობრისთვის ქორწინება სექსუალური კავშირის წინაპირობა სულაც არ არის, ის მაინც მოთმინებით ელოდება. მისი მდგომარეობა სამაგალითო მაზოხიზმის ნიმუშად მეჩვენებოდა, თუმცა ბოლო დროს არაერთ ასეთ ურთიერთობაზე შევიტყვე. როგორც ჩანს, ილუზორული ურთიერთობები ბევრისთვის ინტიმური ურთიერთობის ახალ ფორმად იქცა.
ჩემი მეორე მეგობარი, კატერინა, მსგავს ისტორიას მიყვება. მიუხედავად იმისა, რომ კატერინა და მისი პარტნიორი უკვე ათ წელზე მეტია, ერთმანეთს იცნობენ და 3 წელზე მეტია, ხვდებიან, მოგზაურობენ, ერთობიან, ინტიმური კავშირი არ აქვთ. ის ოცნებობს გათხოვებასა და შვილებზე, თუმცა მოთმინებით ელოდება პარტნიორის წინადადებას.
როდესაც ფსიქოანალიტიკოსები ილუზორულ ურთიერთობებში მყოფ ადამიანებს იკვლევენ, ხშირად თავს იჩენს ფარული ნევროზი, რაც შეიძლება გამოიხატოს ერთი სიტყვით, „ინტიმოფობია“. ეს არის ინტიმური სიახლოვის ქრონიკული შიში, იმედგაცრუების, დაკარგვისა და ტკივილის შიში, ისეთი ურთიერთობის შიში, სადაც საჭიროა პასუხისმგებლობის აღება და რაღაცის გადაწყვეტა. თითოეულ ჩვენგანს, რა თქმა უნდა, აქვს თავისი ისტორია, სამყაროსადმი ნდობის საკუთარი ხარისხი და ფსიქოლოგიური თავდაცვის საკუთარი ფენები. თითოეული ჩვენგანი ქვეცნობიერის დონეზე განსაზღვრავს, რამდენად ღრმად არის ის მზად, რომ გარშემომყოფები თავის ინტიმურ სივრცეში შეუშვას, მაგრამ, ბევრი ექსპერტის აზრით, ჩვენი თაობა - ისინი, ვისაც X თაობას ეძახიან, რატომღაც, განსაკუთრებით მკაცრად იცავს თავს ურთიერთობებისგან. ყველა არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ბევრი და, რა თქმა უნდა, ვერ აცნობიერებენ, რას აკეთებენ.
არსებობს კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ მარტოხელა დედების მიერ გაზრდილ ბიჭებს ხშირად არ აქვთ ძლიერი სექსუალური მიზიდულობა გოგონების მიმართ, საპირისპირო სქესი მათ არც ისე განსხვავებულად ეჩვენებათ, რადგან დედასთან დიდ დროს ატარებდნენ. ასეთი ბიჭების ქვეცნობიერში გენდერული როლები შეიძლება იმდენად იყოს დაბნეული, რომ ეგრეთ წოდებული "სექსუალური რადიკალი" ძალიან დაქვეითებული იყოს, იმდენად, რომ ნორმალურად ეჩვენებოდეთ წლების განმავლობაში ერთსა და იმავე საწოლში ქალთან ძილი და არაფრის გაკეთება.
ილუზორულ ურთიერთობებს იშვიათად აქვს ბედნიერი დასასრული, მაგრამ ცხოვრება გვიჩვენებს, რომ ბევრად უფრო ხშირად ილუზორული ურთიერთობები არც მთავრდება, უფრო სწორად - არაფრით მთავრდება. ამიტომ, თუ ამ ისტორიაში თქვენს თავს იპოვით, დაფიქრდით და საკუთარ თავს ჰკითხეთ, გჭირდებათ თუ არა ეს ყველაფერი?