შვებულება იმ პრეპარატს ჰგავს, "გვერდითი მოვლენები" რომ ახასიათებს.
შევთანხმდეთ, რომ შვებულების შემდეგ სამსახურებში დაბრუნებულების უმეტესობა სოციალურ ქსელებში აქტიურად "ვპოსტავთ" ჩვენს ემოციებს გუნება-განწყობის შესაბამისად: "კარგად დავისვენეთ", "ვერ დავისვენეთ", "სამსახურში გატარებული საათები საუკუნედ გვეჩვენება". გვგონია, რომ ყველაფერი აქ მთავრდება – ეს დეპრესიაა!
მოდით, ნუ დავარქმევთ ჩვენს "გაფუჭებულ" განწყობას დეპრესიას და მივაგნოთ უხასიათობის ნამდვილ მიზეზს (რომელიც სინამდვილეში შეიძლება არც არსებობს და ეს ჩვენი წარმოდგენაა).
შვებულება იმ პრეპარატს ჰგავს, "გვერდითი მოვლენები" რომ ახასიათებს.
"გვერდითი მოვლენების" თავიდან აცილების მიზნით გავიხსენოთ ის მეთოდები, რომლებიც თქვენც შესანიშნავად იცით, თუმცა, როგორც ჩანს, გავიწყდებათ.
შვებულება და სამსახური
შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ, ბუნებრივია, თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა საგრძნობლად შეცვლილია. მთაში თუ ზღვაზე დასვენების, ემოციური და გადამღლელი სამსახურიდან თუნდაც სულ ცოტა ხნით მოწყვეტა თქვენში ახალ ემოციას იწვევს.
სამსახურში დაბრუნებულები კი სულ სხვანაირად აღიქვამთ მოვლენებს. მაგალითად, ზოგი სრულიად განახლებული ენთუზიაზმით ბრუნდებით, ზოგიც პირიქით, ყოველი წვრილმანი გაღიზიანებთ, ჩურჩულიც კი ხმაურიან აურზაურად გეჩვენებათ, რაც სამსახურის დაკარგვის რისკს ზრდის.
არადა, დღეს სამსახური ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში, მით უმეტეს, მანდილოსნებში.
როგორ შევიქმნათ სასურველი იმიჯი და ავიწყოთ კარიერა
* სამსახურში თავი შეიკავეთ რეპლიკებისა და მოსაზრებებისგან, რომ "აქ რაღაც წესრიგში ვერ არის";
* თავი დაანებეთ სამსახურში სოციალურ ქსელებში დროის უმეტესი ნაწილის გატარებას;
* არასოდეს დაიმახსოვროთ სამუშაო კომპიუტერზე პირადი ფოსტის ან რომელიმე სოციალური ქსელის პაროლი;
* აკეთეთ მხოლოდ თქვენი საქმე, ნუ გააკრიტიკებთ კოლეგას ისეთი საქციელის გამო, რაც თქვენ არ გეხებათ და თქვენს სამუშაოსთან არაფერ კავშირში არ არის. ნუ გადააჭარბებთ თქვენს უფლებამოსილებას;
* თქვენს ხელმძღვანელთან შეუთანხმებლად ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და იცოდეთ, რომ ყოველთვის უნდა დაელოდოთ მის თანხმობას;
* ნუ გააბამთ რომანს დაოჯახებულ თანამშრომელთან…
შევინარჩუნოთ სიმშვიდე ნებისმიერ სიტუაციაში
იმისათვის, რომ აგრესიას აგრესიულად არ ვუპასუხოთ, დავითვალოთ ათამდე (პირადად მე მეტიც დამჭირვებია). ასევე, საუკეთესო საშუალებაა, თუ გვაქვს ახლოს რომელიმე წიგნი, აუცილებლად ვცადოთ მისი თუნდაც ერთი გვერდის წაკითხვა - ის აუცილებლად დაგამშვიდებთ, არა აქვს მნიშვნელობა ნაწარმოების შინაარსს.
ყურადღება მიაქციეთ, როგორ რეაგირებენ თქვენს ხმაზე გარშემომყოფები, შემდეგ კი შეცვალეთ ტონალობა და მაშინვე შეამჩნევთ, თუ როგორი სასიკეთო ცვლილებები მოხდება თქვენს გარშემო.
ხმადაბალი საუბარი ასევე დადებითად აისახება ურთიერთობებსა და ოჯახზე.
რა ხდება ამ დროს ოჯახში (რჩევები დაოჯახებულ მანდილოსნებს)
სამსახურის პარალელურად, ქალები ყოველთვის ფიქრობენ, როგორ "მოარჯულონ" შვილები არდადეგების შემდეგ.
ბავშვებს მშვიდად შევაპაროთ, რომ წინ ხანგრძლივი სასწავლო პერიოდი ელოდებათ და ამისთვის მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, განეწყონ მეცადინეობისათვის. ბავშვი უნდა დაარწმუნოთ, რომ მეცადინეობა ესაჭიროება პირადად მას და არა დედას.
თუ მეცადინეობის დაწყების ეტაპზე ხვდებით, რომ ბავშვს ყველაფერი იოლად არ გამოსდის, ნურაფერს დააძალებთ, ნუ ეცდებით ზედმეტად დატვირთოთ ბავშვი რეპეტიტორებით - თქვენი თავი გაიხსენეთ სამსახურში მისვლის პირველ დღეს. ადამიანების უმეტესობასაც საქმის დასაწყისში ყოველთვის უჭირთ.
მშვიდი და იმპულსური ადამიანები
მშვიდად მოსაუბრე ადამიანს უფრო მეტს უსმენენ, ვიდრე ხმამაღლა მოლაპარაკეს.
მშვიდი ადამიანი დამაჯერებლად და ხმადაბლა საუბრობს.
ემოციური ორატორების საუბარი სწრაფად აქვეითებს მსმენელის სმენის უნარს.
ადამიანის ხმას მინიჭებული აქვს ძალა და იგი ქმნის განსაკუთრებულ ატმოსფეროს თავის გარშემო, აგზავნის ემოციურ სიგნალებს და თუ ხმამაღლა ისაუბრებთ, ეს იქნება გაღიზიანებისა და უკმაყოფილების სიგნალები, რომლებიც თანდათანობით არღვევენ სიმშვიდისა და სიკეთის ატმოსფეროს.
და მაინც
ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანის ხასიათზე, ტემპერამენტსა და იმ მიდრეკილებებზე, რაც მას აქვს.
გაითვალისწინეთ: გაიღიმეთ ხშირად, მოუსმინეთ მუსიკას, ცუდ ხასიათზე ყოფნით თქვენი ცხოვრების ძვირფას წუთებს კარგავთ. უბრალოდ, შეიქმენით თქვენი პოზიტიური სამყარო და თქვენ შეძლებთ ბევრი კარგი საქმე გააკეთოთ და გადაჭრათ რთული პრობლემები.
გახსოვდეთ! კარგი განწყობა წარმატებული ცხოვრების გარანტიაა!
მოამზადა ნანა ჩხაიძემ
ასევე იხილეთ: როგორ შევიქმნათ სასურველი იმიჯი - PR - ის სპეციალისტის რჩევები