არსებობს უამრავი რამ, რაც გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე ჯერ კიდევ საშვილოსნოში. დედის კვება, რა თქმა უნდა, თამაშობს მნიშვნელოვან როლს, რადგან შიმშილობის დროს დაბადებული ბავშვები უფრო სუსტები არიან, ვიდრე ჯანსაღი კვების დროს დაბადებული ბავშვები. განვითარებულ სამყაროშიც კი, სადაც საკვები უხვადაა, დედის დიეტამ, რომელიც ღარიბია ცილებით, C ვიტამინით ან D ვიტამინით, შეიძლება გავლენა იქონიოს ბავშვის ტვინის, გულის ან ძვლების განვითარებაზე. სეზონურმა ვირუსებმა - განსაკუთრებით, გრიპმა - შეიძლება გავლენა მოახდინოს დედის ჯანმრთელობაზე და ნაყოფის განვითარებაზეც. ორსულობამ ზამთარში, მოკლე დღეებითა და გრძელი ღამეებით, შეიძლება გამოიწვიოს დედებში სეზონური აფექტური აშლილობა (SAD), დედის ტვინში სეროტონინის დაბალი დონით, რაც პოტენციურად იწვევს ბავშვში მსგავს დეფიციტს. სწორედ ამიტომ, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დროს, როცა ადამიანი იბადება, მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია მის როგორც ფიზიკურ, ისე პიროვნულ ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე.
გაზაფხული: გილოცავთ, მარტში, აპრილსა და მაისში დაბადებულებო! თქვენ მაღალი ქულა გაქვთ ჰიპერთიმიის შკალაზე - რაც ნამდვილად კარგია. ჰიპერთიმია არის ზოგადი ოპტიმიზმი - უნარი, დაინახო ყოველი ვარდნა, როგორც პრელუდია აღმასვლისა; ყოველი კრახი, როგორც წარმატების მოახლოება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გაზაფხულზე დაბადებულები უფრო მგრძნობიარეები არიან კლინიკური დეპრესიის მიმართ. 2021 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, დეპრესიის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მაისში დაბადებულებს აქვთ, ხოლო ყველაზე დაბალი - ნოემბერში.
ზაფხული: ზაფხულში დაბადებულებს ასევე შეუძლიათ ყველა სირთულის გამოწვევად მიღება და ყველა მარცხის ახალ შანსად ქცევა. მათ იშვიათად ახასიათებთ პესიმიზმი, უფრო მეტად რეალისტები და ოპტიმისტები არიან, თუმცა მათთვის დამახასიათებელი ხასიათისა და გუნება-განწყობის სწრაფი ცვლაა. ნუ შეშინდებით, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს ბიპოლარული აშლილობის ნიშნად.
შემოდგომა: მათთვის, ვისაც ასტროლოგიის სჯერა, გასაკვირი არ იქნება, რომ შემოდგომაზე დაბადებულები განსაკუთრებული სიმშვიდით გამოირჩევიან. გაწონასწორებული სასწორი კი ამის საუკეთესო მაგალითია. შემოდგომის ადამიანებში ძალიან დაბალია დეპრესიის დონე, ასევე, ბიპოლარული აშლილობის რისკიც.
ზამთარი: ზამთარში დაბადებულებში შიზოფრენიის, ბიპოლარული აშლილობის, SAD და დეპრესიის მაღალი დონე შეინიშნება, თუმცა ისინი ნაკლები აგრესიულობით გამოირჩევიან, ვიდრე სხვა სეზონზე დაბადებულები. მცირე გამოკვლევამ ისიც აჩვენა, რომ თუკი გინდათ, თქვენი შვილი ცნობილი გახდეს, მშობიარობა იანვარში ან თებერვალში უნდა დაგეგმოთ. ყველაზე მეტი ცნობილი სახე სწორედ ამ დროსაა დაბადებული.