სამსახურისა და შემოსავლის დაკარგვა დიდი სტრესია ნებისმიერი ადამიანისთვის, განურჩევლად სქესისა, თუმცა, როგორც ცნობილია, ქალები ამ სტრესს უფრო მარტივად უმკლავდებიან და სწრაფად პოულობენ ახალ საქმეს. მამაკაცისთვის შემოსავლის დაკარგვა ოჯახის თვალში სიამაყისა და სტატუსის დაკარგვაა, მაშინაც კი, თუ ოჯახი ყველანაირად ცდილობს მის მხარდაჭერას.
სამწუხაროდ, ძალიან ხშირია სიტუაცია, როდესაც შოკის შემდეგ მოდის შეგუების პროცესი - სახლში ყოფნა და უმუშევრობა ზოგჯერ ადამიანის ცხოვრების ნაწილი ხდება და დარდიც ნელ-ნელა ქრება. ამის მაგალითი ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირია:
„ჩემი ქმარი ორ წელზე მეტია არ მუშაობს. კომპანიაში მენეჯმენტის ცვლილების გამო სამსახური დაკარგა და დღემდე ვერ იპოვა ახალი. თავიდან მისი დანაზოგით ვცხოვრობდით, შემდეგ ჩემი მშობიარობის გამო მიღებული დანამატით... არ მიკითხავს, რა და როგორ იყო, არც სკანდალები მომიწყვია მისთვის. ასე გავიდა ერთი წელი. ამოგვეწურა ყველა დანაზოგი, გაჩნდა ვალები, საკრედიტო ბარათები. მიუხედავად იმისა, რომ სახლის საქმეებს 50/50-ზე ვიყოფთ, ჩემი ხელფასი საკმარისი არ არის და ეს დიდ დისკომფორტს მიქმნის. მაწუხებს ის, რომ სამსახურს ნელა ეძებს, ფრთხილად არჩევს. უარს ამბობს ოდნავ შეუფერებელ ვარიანტებზე, ის ენერგეტიკის სექტორში მუშაობდა. თითქოს ბევრი დრო აქვს და არაფერი სჭირს. არ სურს ხელოსნად წასვლა, ამბობს, რომ უკეთესს იპოვის, თუმცა, როგორ გადავიხდით ცოტა ხანში ბინის ქირას, ამაზე არ ფიქრობს. ყოველთვის ამბობდა, რომ ფიზიკურად მუშაობა არ უნდოდა და ერჩივნა, “ტვინით“ ეშრომა.
ამას თავადაც განიცდის, დადის სევდიანი, მუდმივად საკუთარ თავშია ჩაკეტილი, მას არაფერი აინტერესებს. ოჯახური გასვლები ასევე არ გვაქვს, რადგან ფული ცოტაა. არაფერი შთააგონებს, არ სიამოვნებს. ხშირად ვხედავ, როგორ აკეთებს რაღაცას ფურცლებისგან, ერთობა, დროს კლავს, როგორც თავად ამბობს.
მანამდე ჩვენს ურთიერთობაში ყველაფერი კარგად იყო. ის ჩემთვის ძვირფასი ადამიანია, კარგი მამაა. განქორწინებას ბოლო საშუალებად ვხედავ, მაგრამ ხანდახან ჩნდება განცდა, რომ უნდა გადავარჩინო საკუთარი თავი და ბავშვი ამ ჭაობიდან და რომ ცხოვრება არასოდეს აღდგება და აღარ იქნება ისეთი, როგორც ადრე. თავად არაფერს აკეთებს ოჯახის შენარჩუნებისთვის, მაგრამ არც დაშლა სურს.
სამართლიანობისთვის ვიტყვი, რომ ჩვენს ოჯახურ ცხოვრებაში იყო დრო, როცა ოჯახს და მე სრულყოფილად უზრუნველგვყოფდა, სახლისა და საკვების ხარჯებს ფარავდა, ყველაფერს ყიდულობდა. ის იყო გულუხვი და ზრუნავდა, რომ ყველაფერი გვქონოდა. და ის, რომ არ ვმუშაობდი, ნორმალურად აღიქმებოდა. ამ მხრივ, კლასიკური ოჯახი გვქონდა, სადაც მამა მუშაობს, დედა ლამაზია. და ეს რაღაცნაირად უმადურობაა – აი, ასე უნდა დავტოვო ახლა მარტო სიძნელეებთან?! მაგრამ მე არ მესმის, როგორ გადავარჩინო ოჯახი?