„წითელი ვნების სიმბოლოა, ნარინჯისფერი - სიამაყის...“ - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, თუ საყვარელი ადამიანისთვის ყვავილების ჩუქებას გადაწყვეტთ - Marao

„წითელი ვნების სიმბოლოა, ნარინჯისფერი - სიამაყის...“ - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, თუ საყვარელი ადამიანისთვის ყვავილების ჩუქებას გადაწყვეტთ

2022-03-03 16:47:58+04:00


ვის არ უყვარს ყვავილების მიღება, განსაკუთრებით მაშინ, თუ გარეთ გაზაფხულია? წელიწადის ამ დროს ყვავილები განსაკუთრებით ლამაზი და ფერადია, მათ ფერებს კი სხვადასხვა მნიშვნელობა და დანიშნულება აქვს. ფერები მოქმედებს ჩვენს გონებაზე, მათი დანახვა ჩვენს ტვინებში სხვადასხვა რეაქციას იწვევს.

გაიგეთ, რა მნიშვნელობას ატარებს ვარდის ფერები:

წითელი: ტრადიციული წითელი ვარდი, რომელიც დღეისათვის ყველაზე პოპულარული და მიმზიდველია, ვნებისა და მგრძნობიარე მხარის სიმბოლოს წარმოადგენს.

ნარინჯისფერი: ამ ფერის ვარდი ცეცხლოვანი სულის, სურვილისა და სიამაყით სავსე ცხოვრების სიმბოლოა.

ვარდისფერი: ნაზი ვარდისფერი ყვავილი სიყვარულის რბილ მხარეზე მიუთითებს. ეს შეიძლება ასევე გულისხმობდეს პლატონურ სიყვარულსაც.

იისფერი: მომაჯადოებელი და დიდებული გრძნობების ერთობლიობას იისფერი ვარდები გადმოგვცემს.

თეთრი: თეთრი ვარდები ნიშნავს ღირსებას, სიწმინდეს, ხსოვნასა და ახალ წამოწყებას.

ყვითელი: ამ ფერის ვარდებთან ერთად, ბედნიერება, სიხარული, ზეიმი და აღტაცება ჩნდება.

თუ თქვენი საჩუქრის ადრესატს ვარდები არ მოსწონს, შეგიძლიათ ისინი ულამაზესი და ფერადი ტიტებით ჩაანაცვლოთ. ტიტები სხვადასხვა გრძნობის სიმბოლოდ ითვლება და მათი ფერებიც განსხვავებულ მნიშვნელობებს ატარებს:

წითელი ტიტები ყოველთვის გამოიყენება სიყვარულის მესიჯების გასაგზავნად.

ყვითელი ტიტა მეგობრობას, იმედსა და სენტიმენტებს გადმოსცემს.

თეთრი ტიტები ბოდიშის, თანაგრძნობის, პატივისცემის სიმბოლოა.

იასამნისფერი ტიტა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ, როდესაც თქვენი საჩუქრის ადრესატს აღმერთებთ, რადგან ეს ფერი სამეფო აღტაცებისა და მოწიწების სიმბოლოა.

ასევე შეგიძლიათ იყიდოთ თეთრი ქრიზანთემები, რომლებიც გულწრფელობას აღნიშნავს; ვარდისფერი ორქიდეები - ბედნიერების გადმოსაცემად ან მზესუმზირები, ერთგულებისა და დიდი პატივისცემის ნიშნად.

ნებისმიერ შემთხვევაში, საჩუქრის სწორად შერჩეული ფერი, შესაძლოა, თავად საჩუქარზე მეტად სიმბოლური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდეს.