მშენებლობაზე ვმუშაობდი და სამსახური ორი თვის წინ დავკარგე. უფროსმა გამოგვიცხადა, რომ ფინანსური კრიზისის გამო რამდენიმე ობიექტის მშენებლობას წყვეტს და ორასამდე ადამიანი გაგვათავისუფლა.
სახლში სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს და წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავვარდი. ბანკის ვალს თუ არ ჩავთვლით, ოჯახს რამდენი რამე სჭირდება. მეგობრის რჩევით, ელიავაზე დღიურ მუშებს ამოვუდექი გვერდით, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ კონკურენტის გამოჩენას დიდი ხალისით შეხვდნენ.
ერთი თვის განმავლობაში ორასი ლარის შოვნა ძლივს მოვახერხე და ლამის გავგიჟდე ამხელა კაცი. ბავშვებისთვის შინ კარაქი ვეღარ მიმიტანია. ნეტავ დღიურად პურისა და კარტოფილის ყიდვა მოვახერხო. სახლში დაბრუნებული მეუღლეს თვალებში ვეღარ ვუყურებ.
დილას ადრე ვდგები, რომ ბავშვების სახეებს არ შევხედო და შინ გვიან ვბრუნდები, როცა სძინავთ. მეზობელი დისტრიბუციაში მუშაობს. ადრე ბევრჯერ გავუმართე ხელი, ერთხელ ნახევარ ფასად სახლში რემონტიც კი გავუკეთე. ამ გაჭირვების ჟამს მივაკითხე, იქნებ სადმე დამასაქმო-მეთქი.
შემპირდა, უახლოეს ერთ კვირაში რამეს მოგინახავო, მაგრამ მას შემდეგ ჩემს ზარებსაც აღარ პასუხობს. ერთხელ შინაც ვესტუმრე და დამემალა. ცოლმა მითხრა, ასე ადვილად არ ხდება სამსახურის შოვნა, ცოტა მოითმინეო. მე კი მოვითმენ, მაგრამ ჩემი შვილები მოითმენენ? სიცოცხლე აღარ მინდა. ქურდობას ხომ არ დავიწყებ და ცოლს ციხის კართან დავაყენებ?!
ჟურნალი ”რეიტინგი”
(გამოდის ორშაბათობით)