ბავშვობიდან არ მიყვარს ეს დღესასწაული, რადგან დედა და მამა ყოველი ახალი წლის ღამეს ჩხუბობდნენ და ტირილით ვიძინებდი. ცოტა რომ წამოვიზარდე, მიზეზს მივხვდი.
31 დეკემბერს, ახალი წლის დადგომისთანავე მამა თავის საყვარელთან გარბოდა, რათა მისთვის მეკვლედ მისვლა არავის დაესწრო. მამას თავისზე ათი წლით უფროსი საყვარელი ჰყავდა და დედა ცოლად იმიტომ მოიყვანა, რომ ის ქალი დაევიწყებინა, მაგრამ საბოლოოდ ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია.
დედას ჩემ მეტი შვილი აღარ გაუჩენია, მამა კი ოჯახს მაინც არ ანგრევდა. დღემდე ვერ ვხვდები, ამდენს როგორ იტანდა დედა და რატომ არ მივდიოდით სახლიდან. უკვე ცხრა წლის ვიყავი, როცა მამამ საბოლოოდ მიგვატოვა. ნაძვის ხეს ყოველთვის 31 დეკემბრის დილას ვაწყობდით. იმ დღეს სათამაშოების ყუთი ჩამომივარდა და ყველაფერი დაიმტვრა.
მამა სახლიდან გაიქცა, ახალ სათამაშოებს მოვიტან, არ იტიროო. მთელი დღე ველოდი და აღარ გამოჩენილა. დედამ წვიმებით მორთო ნაძვის ხე და ფურცლებისგან ფიფქები გამოჭრა. ღამის ათი საათი ხდებოდა, როდესაც მამა შეშლილი სახით შემოვარდა.
უხმოდ შევარდა ოთახში და ჩემოდანში ბარგის ჩალაგება დაიწყო. იმ დღის მერე ათი წელი გავიდა და მამა აღარ მინახავს. ეჭვი გვაქვს, რომ იმ ქალბატონთან ერთად ქვეყნიდან გაიქცა, მაგრამ რაც ყველაზე ცუდია, მამის მშობლები დღემდე არ ელაპარაკებიან დედას, რომ ქმარი ვერ გამოიჭირა და მაინც იმ ქალს გაეკიდა.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)