სამი წლის გათხოვილი ვიყავი, როდესაც მეუღლე დაიჭირეს. შინ მომავალი მეზობლების ჩხუბს შეესწრო, გაშველებისას პატრული დაადგათ თავზე და ესეც დააკავეს. სამწუხაროდ, გარჩევა მსხვერპლით დასრულდა და ჯაბას თორმეტი წელი მიუსაჯეს.
მეზობლები კი, ვის გამოც ამ ჩხუბში მოხვდა, პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს. დიდი ბრძოლის მიუხედავად, ჯაბას უდანაშაულობა ვერ დავამტკიცე და ოთხი წელია, ციხეში ზის. შეყვარებულობის პერიოდში და შემდეგ განსაკუთრებულად გვიყვარდა ახალი წელი.
პირველ იანვარს ჩემთან სახლში მეკვლედ მოდიოდა და მერე მეგობრებთან ერთად რომელიმე რესტორანში მივდიოდით. მას შემდეგ, რაც ჯაბა დააკავეს, 31 დეკემბრის ღამეს ჩემს მამამთილს მანქანით ციხესთან მივყავარ, გადმოვდივარ მანქანიდან და 1 იანვრის დადგომას მეუღლესთან ერთად ვხვდები.
ის ვერ მხედავს, მაგრამ იცის, რომ იქ ვარ და მეუბნება, როდესაც ახალი წელს ციხესთან აღარ მოხვალ, მაშინ მივხვდები, რომ აღარ გიყვარვარო. თვეში ერთხელ ვხვდები, ყოველთვის სიგიჟემდე მენატრება, მაგრამ ახალი წლის დადგომასთან ერთად საოცარი სევდა მეუფლება.
სამწუხაროდ, შვილიც არ გვყავს. საზღვარგარეთ წასვლაზე ვფიქრობდით და ფულს ვაგროვებდით. არადა, ვიცი, შვილი რომ მყოლოდა, უფრო გამიადვილდებოდა მისი მოლოდინი. ყოველ წელს მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ მომავალ ახალ წელს ჯაბასთან ერთად შევხვდე. წინ კიდევ ბევრი წელი გვაქვს დარჩენილი, მაგრამ იმედი მაქვს, ახალი, 2013 წელი რაღაც სიკეთეს მოგვიტანს.