მე და ბესოს პირველი კლასიდან გვიყვარდა ერთმანეთი და სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში ჩაბარებაც არ გვიცდია, ისე გავიპარეთ. თავიდან ყველაფერი კარგად იყო. სწავლაზე არც მიფიქრია, რადგან მაშინვე დავფეხმძიმდი და მომწონდა ჩემი ახალი მდგომარეობა.
ყველაფერი ნიტას დაბადების მერე შეიცვალა. ბესომ ჯერ სახლში დაგვიანება დაიწყო. მამამთილმა ერთ-ერთ ფირმაში დაცვის სამსახურში დააწყებინა მუშაობა და იმიზეზებდა, რომ უფროსი გვიანობამდე ტოვებდა.
ერთ დღეს მობილური სახლში დარჩა. ცნობისმოყვარეობას ვერ გავუძელი და მესიჯები შევუმოწმე და აღმოჩნდა, რომ ამ პერიოდში ახალი შეყვარებული, ვინმე თაკო ეშოვა. ყველაზე საშინელება კი ის იყო, რომ ახალი შეყვარებული ოჯახის დატოვებას აძალებდა.
ყველაფერი დედამთილს მოვუყევი. მან კი ცივად მომახალა, რომ მისი შვილი გაიზარდა და ახლა ნასწავლი და ლამაზი გოგონები მოსწონდა. ბესომ იმ დღესაც დაიგვიანა და ღამის სამ საათზე კარის ხმამ გამაღვიძა.
მაშინვე წამოვხტი და ვუთხარი, რომ ყველაფერი ვიცოდი. ჩვენი ჩხუბი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და სამზარეულოში გაგრძელდა. მოულოდნელად დანა აიღო და დასარტყმელად გამოემართა.
ბედად, ოთახში ჩემი მამამთილი შემოვიდა. ბესოს ხელიდან დანა გააგდებინა, თორემ ისეთი გაგიჟებული იყო, რომ აუცილებლად დამარტყამდა. იმ ღამეს ბავშვთან ერთად დედაჩემთან გადავედი. თითქმის ერთი წელი გავიდა, ბესო და დედამისი ბავშვის სანახავადაც არ მოსულან.
ხანდახან ყოფილი მამამთილი თუ გვესტუმრება. ორი დღის წინ გავიგე, რომ ბესო მეორედ ქორწინდება, სავარაუდოდ, თაკოზე. ოღონდ წარმოდგენა არ მაქვს, როგორ დაიწერს ჯვარს, როცა ჯერ ჩემთან ჯვარი არ აუყრია.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)