ერთგულება ადამიანის მთავარი ღირსებაა, ღირსების გარეშე დარჩენილ ადამიანებთან ცხოვრება კი - სასჯელი. თუმცა რაც უნდა აღვირახსნილი მტრები გყავდეს, შენ გარშემო ვინმე ერთგულს მაინც იპოვი...
ფიქრია 32 წლის:
- ოთხი თვის გათხოვილი ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა. მას ჩემი და ძაღლის გარდა, რომელიც მეგობრებმა სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე აჩუქეს, არავინ დარჩენია. ძაღლმა ძალიან განიცადა პატრონის გარდაცვალება.
არც ერთ მომვლელს აღარ იკარებდა, ჭამა შეწყვიტა და დაკრძალვამდე მამაჩემის სასახლეს გვერდიდან არ მოშორებია. ერთი თვე მეც სოფელში მომიხდა დარჩენა. ძაღლი ამ პერიოდში საოცრად გახდა და შინ იშვიათად ვხედავდით. სოფლელები ამბობდნენ, სასაფლაოზე დადის, პატრონს აკითხავსო.
მე თვითონ მგლოვიარე ვიყავი და ამ პატარა ერთგული არსების ყოფა უფრო მეტად მიკლავდა გულს. ბოლოს, როდესაც ჩემი თბილისში დაბრუნების დრო მოვიდა, ქმარმა მანქანით ჩამომაკითხა. წამოსვლის დღეს ძაღლი სახლის აივანზე იწვა და უხალისოდ ადევნებდა თვალყურს ჩვენი მზადების პროცესს. ბოლოს ფეხზე წამოდგა და ეზოს ჭიშკრისკენ წავიდა ყურებჩამოყრილი: - ბობო! - დავუძახე უნებურად და მისკენ გავიქეცი, ძაღლისკენ დავიხარე, სახეზე მოვეფერე და თვალებში ჩავხედე - მე უნდა წავიდე და მინდა, რომ შენც ჩემ გვერდით იყო, გთხოვ გამომყევი! - თვალები ცრემლით ამევსო.
არ ვიცი, ძაღლებს ესმით თუ არა ადამიანის ლაპარაკი, მაგრამ ფაქტია, რომ ემოციურად უფრო მეტს გრძნობენ. ხელი რომ გავუშვი, ჭიშკარს ზურგი შეაქცია, თავჩაღუნული მანქანასთან მივიდა და მოთმინებით დამიწყო ლოდინი.
იმ დღის შემდეგ ბობოზე ახლო მეგობარი არ მყოლია. ქმრის წინააღმდეგობის მიუხედავად, ძაღლი თბილისში წამოვიყვანე და ხუთი წლის განმავლობაში გვერდიდან არ მომშორებია. ჩემი მეუღლე, ბესო, ნელ-ნელა მის არსებობას შეეგუა, თუმცა ძაღლი ვერ შეიყვარა.
- როგორც ვიცი, სწორედ ამ პერიოდში თქვენს ოჯახში სერიოზული პრობლემები გაჩნდა...
- შვილი არ გვიჩნდებოდა. ბესო ამ ფაქტს ძალიან განიცდიდა. ექიმები ამბობდნენ, რომ ეს დროებითი იყო და უშვილობის მიზეზი არც ერთს არ გვქონდა. ბოლოს დიდი ხნის ოცნება აგვისრულდა და დავფეხმძიმდი, მაგრამ ბავშვი რვათვიანი დაიბადა. საკეისრო კვეთა გამიკეთეს და სანამ ნარკოზიდან გამოვიდოდი, ჩემი ერთადერთი შვილი გარდაიცვალა...
ძნელია, ეს ტკივილი გაიგოს იმან, ვისაც თავად არ გამოუცდია. ვისურვებდი, რომ მსგავსი ტრაგედია არავის გადაეტანოს. ამის ნიადაგზე ნერვული აშლილობა დამემართა. შფოთვა, უძილობა, მთელი ღამე ოფლად ვიღვრებოდი, კოშმარები არ მასვენებდა. საწოლში წოლა აღარ შემეძლო და ახალნაოპერაციები მთვარეულივით დავდიოდი ოთახებში.
ქმრის გვერდით გაჩერებაც მაღიზიანებდა და ცალკე ოთახში გადავბარგდი. ბობოს არც ამჯერად უღალატია, თავისი ქვეშაგები მიატოვა და ჩემს ოთახში დაიდო ბინა. ბესო საგონებელში ჩავარდა და ერთ დღესაც გამოსავალი იპოვა: სახლში ახალგაზრდა გოგონა მოიყვანა, თავისი შორეული ნათესავი.
ახალმოსული გამაცნო და მითხრა, რომ ეს ახალგაზრდა ჩვენთან იცხოვრებდა, სტუდენტობა ნაქირავებ ბინაში რომ არ გაეტარებინა. ის კი ქმრისა და ოჯახის მოვლაში დამეხმარებოდა. გამიხარდა, დამხმარე ნამდვილად მჭირდებოდა, ბობოს კი ეწყინა და თავის ქვეშაგებზე მიწვა.
სიმართლე გითხრათ, მაშინ ბობოს წყენაზე ნაკლებად ვფიქრობდი, ცუდად ვიყავი და ყველა წვრილმანის გაანალიზება არ შემეძლო. ვერც იმას ვიგებდი, რატომ დაცქვეტდა ხოლმე შუაღამისას ბობო ყურებს და შემდეგ ყეფით გარბოდა ჩემი ქმრის საძინებლისკენ. ასე რამდენიმე თვე გაგრძელდა.
მე დეპრესიას თავი ვერ დავაღწიე, ჩემი სტუმარი კი დიასახლისობამ გაიტაცა და ხშირად ლექციებზეც აღარ მიუწევდა გული. ბესოც უჩვეულოდ დაძაბული, მაგრამ კმაყოფილი მეჩვენებოდა. მხოლოდ ბობო იყო აგრესიული და მთელ დღეს ჩემი ლოგინის გვერდით ატარებდა. არ ვიცი, ასე როდემდე გაგრძელდებოდა, რომ არა ერთი დილა, როცა გამთენიისას თავი ცუდად ვიგრძენი, გონებას ვკარგავდი, ძლივს მოვიკრიბე ძალა და ბესოს ოთახამდე მივაღწიე, რომ დახმარება მეთხოვა. მაშინღა გავარკვიე, რომ ქმარს ჩემთვის არ ეცალა, ის და მისი შორეული ნათესავი "სიყვარულით ტკბობას" იყვნენ მიცემულნი.
მიკვირს, გონება როგორ არ დავკარგე. როდესაც ჩემს ჭერქვეშ შემოხიზნულ ქალს გარეთ გაგდება დავუპირე, ბესო გადამეღობა და მითხრა - ის ფეხმძიმედაა, თუ ამ აზრს შეეგუები, დარჩი, თუ არა, წადი და ერთმანეთი დავივიწყოთ. - წადი და ძაღლიც თან წაიყვანე, - ახლა ჩვენმა ნათესავმა ჩაურთო სიტყვა და გაიღიმა.
- თქვენ ფიქრობთ, რომ ნათესავზე ქორწინება წინასწარ დაეგეგმა?
- ბესო მდიდარი იყო, საუკეთესო სახლი ჰქონდა, სამსართულიანი აგარაკი ოქროყანაში, ძვირად ღირებული მანქანა და უნაკლო გარეგნობა. მისი ნათესავიც ლამაზი იყო. ერთადერთი, რაც ორივეს აკლდა, მორალი იყო და კარგადაც გაუგეს ერთმანეთს.
როცა ეს გავაანალიზე, ბესოსთან მივვარდი და სახეში რამდენჯერმე გავარტყი. მან ხელი მკრა და იატაკზე მომისროლა. ბობო თითქოს ამ წამს ელოდებოდა, ბესოსკენ გადახტა, ჯერ ფეხში ეცა, შემდეგ სახელდახელოდ ამოცმულ ტრუსებში ჩააფრინდა და... სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაყვანილ ბესოს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
მისი გადარჩენა მოხერხდა, მაგრამ ბობოს კბილებმა მისი მთავარი მამაკაცური "ღირსება" შეიწირა. ბესო საჭურისი გახდა.
- ბობოს რა ბედი ეწია?
- მე და ბობო სოფელში დავბრუნდით. ვიცოდი, ძაღლს მოკლავდნენ და თბილისიდან იმავე ღამით გამოვაპარე. სიმართლე გითხრათ, იმ დღეს მეგონა, რომ ჩემი ცხოვრება დამთავრდა, მაგრამ პირიქით მოხდა - აქ, მამის ფუძეზე გაცილებით კარგად ვგრძნობთ თავს მე და ჩემი ერთგული მეგობარი ბობო.
ხათუნა მაღრაძე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)