ალბათ, უხერხულია იმ პრობლემების შემდეგ, რაზეც ამ რუბრიკაში გწერენ, ჩემი, თითქოსდა უმნიშვნელო, პრობლემით შეგაწყინოთ თავი, მაგრამ ძალიან შეურაცხყოფილი ვარ.
სამი წლის წინ მეუღლემ მანქანა მიყიდა, შვილი სკოლაში მივიყვანეთ და მისი ტარება უფრო გაგიადვილდებაო. ქალი ვარ, მაგრამ არაჩვეულებრივი მძღოლი გამოვდექი. ამ წლების განმავლობაში ერთი დარღვევა არ მქონია.
სიმართლე გითხრათ, ქალაქში მოძრაობისას არც მანქანის დაყენება მიჭირს და არც გამოყვანა, მაგრამ როდესაც სიცივეში ხელგამოწვდილ "სტაიანშიკს" ვხედავ, ყოველთვის სიბრალულით ვივსები და 50-თეთრიანს ვჩუქნი.
იმ დღეს ბავშვთან ერთად ვალუტის გადასახურდავებელ ჯიხურთან ზუსტად ხუთი წუთით გავჩერდი. მანქანაში რომ ჩავჯექი და "სტაიანშიკი" დავინახე, სასწრაფოდ ხურდა მოვიჩხრიკე, მაგრამ მხოლოდ 20-თეთრიანი აღმომაჩნდა. მორიდებით მივაწოდე. გამომართვა და 20 თეთრი რომ დაინახა, სანამ მანქანის მინას ავუწევდი, თავში მესროლა, შენი მათხოვარი კი არ ვარო.
მოულოდნელობისგან ისე დავიბენი, ვერ მივხვდი, რა მოხდა, მაგრამ მერე მომინდა გადმოვსულიყავი და კარგად გამელანძღა ან პატრული გამომეძახა. მხოლოდ იმიტომ გადავიფიქრე, რომ 9 წლის შვილი მეჯდა მანქანაში და არ შეშინებოდა. მაინტერესებს, რისთვის ვიხდი "სითი პარკის" გადასახადს, თუ "სტაიანშიკებს" ცალკე ფული უნდა ვუხადო და თან თურმე იმის უფლებაც არ მაქვს, რომ 20 თეთრი მივცე. ისე, საინტერესოა, საჭესთან ჩემ მაგიერ მამაკაცი რომ მჯდარიყო, ამდენს თუ გაუბედავდა.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)