ქეთა: "გამარჯობა. მე მშობლებთან მაქვს პრობლემები. ისინი გამუდმებით ჩხუბობენ და მერე, ნერვებმოშლილები შვილებსაც აღარ გვინდობენ, უმიზეზოდ გვეჩხუბებიან, ზოგჯერ კი ხელითაც გვეხებიან.
უკვე აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. პატარა გოგოც აღარ ვარ და ნერვებიც გამიფუჭდა. ზოგჯერ თვითმკვლელობაზეც კი ვფიქრობ, მაგრამ ისევ ჩემი უბადრუკი მშობლები მეცოდება და ისიც ვიცი, რომ სამუდამოდ ჯოჯოხეთში მომიწევს ყოფნა, იქაურ ჯოჯოხეთს კი აქაური მირჩევნია და ასე ვაგრძელებ ცხოვრებას. თუმცა არ ვიცი, როდემდე მეყოფა ძალა იმისთვის, რომ ვიცოცხლო...
მე ოჯახში უფროსი შვილი ვარ და ჩემი და-ძმების წამების ყურებაც არ შემიძლია. ჩემი პატარა დაიკო, რომელიც სულ რაღაც, 2 წლის არის, დედ-მამის ჩხუბის ყურებისას მაგიდის ქვეშ ძვრება, ჩემი 4 წლის ძამიკო კი, რომელიც თავის დროზე მშვენივრად ტიკტიკებდა, ახლა ძლივს ბლუყუნებს, ენა ებმის. არ ვიცი ან საკუთარ თავს როგორ ვუშველო, ან დედმამიშვილებს...
ნათესავები კი მყავს, მაგრამ მათ საკუთარი თავი გასჭირვებიათ და პატარა ბავშვების "აკიდება" ცხადია, არავის უნდა. ზოგჯერ, როცა ჩვენი სახლიდან წივილ-კივილი ისმის, მეზობლები გადმოდიან და ჩვენს მშობლებს ეუბნებიან: დამშვიდდით, სირცხვილია.
ჩვენ თუ არა, ბავშვები მაინც შეიცოდეთო, მაგრამ გამხეცებული დედ-მამა მათაც ლანძღავს და აგინებს. იქნებ მირჩიოთ, როგორ უნდა მოიქცეს მოზარდი ასეთ სიტუაციაში? "
ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)