ბავშვობიდან მრცხვენია მეგობრების სახლში დაპატიჟება, რადგან არ ვიცი, მამაჩემი როდის მოვა სახლში ნასვამი და შეიძლება ისე აგინოს ყველას, რომ ვერ გაარჩიოს, სტუმარია თუ ოჯახის წევრი.
ბოლო დროს თითქოს გამოსწორდა. დედა ბედნიერი მეუბნებოდა, ხომ ხედავ, მამაშენი აღარ ჩხუბობს, დაპატიჟე შენი კლასელები, სირცხვილიაო. ნეტავ არ დამეჯერებინა და სადაც ამდენი წელი ვითმინე, მაინცდამაინც მეთორმეტე კლასში არ მომენდომებინა საუკეთესო დაქალის დაპატიჟება.
მე და თეკლა ბაღიდან ვმეგობრობთ და შეიძლება ითქვას, რომ მის სახლში გავიზარდე. არასოდეს უკითხავს, რატომ არ ვეპატიჟებოდი, რადგან ხვდებოდა, რომ ოჯახში პრობლემები მქონდა. თან ყველამ იცოდა, რომ მამაჩემი სვამდა.
მოკლედ, დედას ავყევი და რამდენიმე კვირის წინ თეკლა ჩემთან დავპატიჟე. ორი დღე ვემზადებოდი. ჩემი ოთახი საზეიმოდ მოვრთე. დედა კი საერთოდ გაგვერიდა და მეზობელთან გავიდა. მამაც დარიგებული იყო, რომ იმ დღეს შინ გვიან უნდა დაბრუნებულიყო. რამდენიმე საათი ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ კარზე საბედისწერო ხმა არ გავიგე.
მამაჩემმა გასაღები წვალებით გადაატრიალა და დერეფანში ბარბაცით შემოვიდა. თეკლა ოთახში დავტოვე, გავედი და მუხლებში ჩავუვარდი, რომ შესულიყო თავის ოთახში და დაეძინა. თავიდან ვერ მიხვდა, რას ვეუბნებოდი.
გონებაარეულმა შემომხედა ჩასისხლიანებული თვალებით და მკითხა, - სად მაგდებ, ვინ გყავს სახლში, რომ მე არ უნდა ვნახოო. ხმაურზე ოთახიდან თეკლა გამოვიდა, მამას ხმადაბლა მიესალმა და წასასვლელად გაემზადა. მამა დერეფანში გადაუდგა. ყვირილი დაუწყო და არ უშვებდა. ბოლოს ფიზიკურად შეეხო.
ძალიან შემრცხვა. რაც ძალა მქონდა, მკლავში ჩავაფრინდი და გვერდზე გამოვათრიე. თეკლა კი სახლიდან შეურაცხყოფილი გავარდა. რაც მას დააკლო, მამამ მე ამინაზღაურა. აქამდე იშვიათად მცემდა, ძირითადად, დედას ურტყამდა, იმ დღეს კი ლამის სიკვდილამდე მიმიყვანა. ხმაურზე მეზობლები შემოცვივდნენ და ძლივს დააწყნარეს.
ამ ამბის შემდეგ ერთი კვირით დეიდასთან გადავედი საცხოვრებლად, მაგრამ როდემდე გავჩერდებოდი, ისედაც ვიწროდ არიან. სკოლაში გავედი. უბრალოდ, თეკლას თვალებში ვეღარ ვუყურებ. კლასელები ვერ ხვდებიან, რატომ აღარ ვმეგობრობთ. დღისით სკოლაში ყოფნა მეზიზღება, საღამოს კი სახლში, სადაც საძულველი მამა მეგულება.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)