27 წლის ბიჭი ვარ და ალბათ, ბევრისთვის წარმოუდგენელია, რომ საკუთარი პრობლემის შესახებ ჟურნალის საშუალებით ვწერ, მაგრამ ვხვდები, რომ ასე ცხოვრება აღარ შემიძლია.
რამდენიმე თვის წინ ჩემს მეზობლად დიდი სუპერმარკეტი გაიხსნა. გამყიდველებად სულ ახალგაზრდა გოგონები მუშაობენ, თბილად გემსახურებიან და მეც მეტი რა მინდოდა, ყოველდღე შევდიოდი, რომ ერთი ძალიან ლამაზი გოგონა მენახა.
ეკა ცომეულის სექციაში მუშაობდა, ხაჭაპურს, ლობიანს, ნამცხვრებს ყიდიდა. რამდენიმე ნახვის შემდეგ გამოველაპარაკე და ერთ თვეში პაემანზე დავპატიჟე. ერთმანეთი მალე შეგვიყვარდა, მაგრამ დასაწყისშივე ვიცოდი, რომ ჩემს სიყვარულს ბედნიერება არ ეწერა. ოჯახში დედ-მამასთან ერთად ვცხოვრობ, დები რამდენიმე წლის წინ გათხოვდნენ.
მე ეკონომიკის ფაკულტეტი დავამთავრე და დიდი ხანია, ერთ-ერთ ბანკში ვმუშაობ. დედა მთელი ცხოვრება ნასწავლ რძალზე ოცნებობდა. ეკას კი მხოლოდ ცხრა კლასი აქვს დამთავრებული და რამდენიმე წელია, სხვადასხვა მაღაზიაში გამყიდველად მუშაობს. ერთი თვის წინ დედამ მეზობლისგან გაიგო, რომ ეკა მიყვარდა.
სავარაუდოდ, იმ ქალმა ერთად დაგვინახა. ჰოდა, ადგა ჩემი ძვირფასი დედიკო და ჩემს შეყვარებულს მაღაზიაში მიუვარდა. იმ ღამეს სახლში არავის დაგვიძინია. დედაა და შეურაცხყოფას ვერ მივაყენებდი, მაგრამ მთელი ღამე მის ლაპარაკს ვუსმენდი. მამაც ყველაფერში ეთანხმებოდა. ერთად მარწმუნებდნენ, რომ ეკას ცოლად მოყვანა ოჯახისთვის მოუშორებელი სირცხვილი იქნებოდა.
მას შემდეგ ეკა აღარ მინახავს, მაგრამ სიგიჟემდე მიყვარს. არ ვიცი, რა გავაკეთო, ვერც ვურეკავ, ისიც არ ვიცი, კიდევ თუ მუშაობს, რადგან სუპერმარკეტს სათოფეზე აღარ ვეკარები.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)