სამოცდახუთი წლის კაცი ვარ და ისე გავლიე ჩემი ცხოვრება, შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია. ოცდაათი წელია, რაც ერთ იტალიურ ეზოში მეუღლესთან ერთად ვცხოვრობ.
გოგონები გავათხოვეთ და მარტო ვწევთ ამ ცხოვრების ჭაპანს. სმის მოყვარული კაცი არ ვარ, მაგრამ ამ ბოლო დროს ერთი ახალი გადმოსული მეზობლის კაცი შემომეჩვია. როგორც კი ჩემს მეუღლეს სახლიდან გასულს დაინახავს, ღვინის ბოთლით კარზე მიკაკუნებს და მეხვეწება, ჩემს სამზარეულოში დალევის უფლება მივცე.
ცოტა ხანში კი ჩემი სახლიდან ბარბაცით გადის. ერთი თვე ვუთმენდი, არ მინდოდა გამენაწყენებინა, მაგრამ ბოლოს ყელში ამომივიდა და ვუთხარი, ჩემი სახლი რესტორანი კი არ არის, ყოველდღე ადამიანის შეწუხება არ გამიგია-მეთქი.
იმის მერე აღარ მოსულა. სალამზეც კი არ მპასუხობდა. არ ვიცი, რა მოუყვა თავის ცოლს ჩემზე, მაგრამ ერთ დღეს იმ აშარმა ქალმა ეზოში გამომიჭირა და მითხრა, რამდენი ხანია შენი ნახვა მინდა, რატომ მოუგონე ჩემს ქმარს ლოთობა, მთელი ეზო ამაზე ლაპარაკობს, არადა, სახლში ძალით შეგყავდა და აქეიფებდიო.
კინაღამ გავგიჟდი, ქალი იყო და ხელს ხომ არ დავარტყამდი, მაგრამ ნამდვილად იმსახურებდა. რომ აღარ გაჩერდა, ყელში ამომივიდა და მივახალე, მე კი არ ვასმევდი შენს ქმარს, თვითონ მადგებოდა ყოველდღე ღვინის ბოთლით ხელში-მეთქი.
მოულოდნელად ჩანთიდან ლიმონათის ბოთლი ამოიღო და პირდაპირ თავში მესროლა. საბედნიეროდ, თავის გაწევა მოვასწარი, მაგრამ მთელმა ეზომ დაინახა, როგორ დამამცირა იმ უსინდისო ქალმა.
ჟურნალი ”რეიტინგი”
(გამოდის ორშაბათობით)