ყველა ქალი ოცნებობს მამაკაცის გულის მოგებაზე, მაგრამ ბევრმა არ იცის, როგორ მიაღწიოს ამას და ხშირად დაუშვებელ შეცდომასაც უშვებს. წაიკითხეთ ჩვენი რეკომენდაციები და დაიპყარით ძლიერი სქესის გულები.
იყავით ლამაზი
თავდაპირველად, მამაკაცი ქალს ჯერ ვიზუალურად აფასებს და მხოლოდ ამის შემდეგ ინტერესდება მისი "მდიდარი" შინაგანი სამყაროთი. თუ ძლიერ სქესში ინტერესის გაღვივება გსურთ, საკუთარ თავს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ: მოწესრიგებული თმა, ზომიერი მაკიაჟი, ელეგანტური, მოხდენილი სამოსი, - ამ ხერხით ერთის კი არა, მილიონი ადამიანის ყურადღებას მიიქცევთ.
თქვენ ყველა არ ხართ
ყველა ლამაზ და სიმპათიურ ქალს შორის მამაკაცმა თქვენ რომ შეგამჩნიოთ, სხვებისგან რადიკალურად უნდა განსხვავდებოდეთ. აუცილებელი არაა, სუპერმინი, დეკოლტირებული კაბა გეცვათ ან თმა მწვანედ გქონდეთ შეღებილი. მთავარია, გქონდეთ თქვენთვის დამახასიათებელი, ბუნებრივი შტრიხები, რაც მამაკაცს გულგრილს ვერ დატოვებს.
აკონტროლეთ სიარული
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი იმის გარანტი არაა, რომ კარგი სიარული იცით. ლამაზად, ჰაეროვნად სიარული თუ შეგიძლიათ, "ბალეტკებშიც" გრაციოზულად გაივლით. მამაკაცმა შეიძლება ვერ შეამჩნიოს ნამზეური, ჩამოთლილი ფეხები, მაგრამ მოხდენილი სიარულის მცოდნე ქალი მის მხედველობას არ გამორჩება.
ღიმილი
რომელ მამაკაცს მოეწონება კოპებშეკრული ქალის ყურება? მამაკაცს მომღიმარი ქალები მოსწონს. ღიმილი ერთგვარი ნიშანია, - თუ ადამიანი იღიმება, ე.ი. კეთლგანწყობილია და მასთან ურთიერთობა შესაძლებელია. კეთილგანწყობილ ადამიანებს კი მზეს ადარებენ, - ის ანათებს, სითბოს უზიარებს გარშემო მყოფებს. აბა, რომელ მამაკაცს მოუნდება ასეთი ქალის მიტოვება?
იყავით მოვლილი
დაუვარცხნელი თმითა და ჩამოხეულ-დალაქავებული სამოსით მამაკაცს სახლშიც არ უნდა ეჩვენოთ. უმჯობესია, ნახევარი საათი დააგვიანოთ, ვიდრე ქუჩაში ლაკგადასული ფრჩხილებით ან თვალწასული კოლგოტით გამოხვიდეთ. ნუ გგონიათ, რომ მამაკაცი თქვენს დეფექტს ვერ შეამჩნევს. ის "ლუპით" აკვირდება ქალს, რომლის მიმართაც გულგრილი არაა.
ნუ ხართ აგრესიული
მამაკაცებს აფრთხობთ ზედმეტად აქტიური ქალები. მიეცით საშუალება, რომ თავად "მოგინადიროთ". იყავით მისთვის რთულად მისაღწევი.
ნუ გამოავლენთ ზედმეტ ჭკუას
მამაკაცს ჭკვიანი ქალებიც აფრთხობს. რაში სჭირდება მას ქალი, რომელმაც ყველაფერი იცის და საკუთარი თავის დაცვაც თავად შეუძლია? ნუ აგრძნობინებთ, რომ მასზე მეტი იცით. გახსოვდეთ, ხშირად "სულელი" ქალის როლში ყოფნა უფრო მომგებიანია, ვიდრე ჭკვიანის.
ნუ იქნებით გულგრილი მის მიმართ
აუცილებელი არაა, პირველი პაემანზე სექსი გქონდეთ მამაკაცთან, მაგრამ ნურც ისე მოაჩვენებთ თავს, რომ იგი საერთოდ არ გაინტერესებთ. თუ ძალიან და ხშირად გაუძალიანდებით, თქვენი შტურმით აღების მცდელობა გადაუვლის და წავა. ეცადეთ, არ გაუშვათ იგი.
ხშირად მოეფერეთ
მამაკაცს ისეთი ქალი სჭირდება, რომელიც მოეფერება, მოუსმენს. ცივი ქალები იშვიათად არიან ბედნიერები. ისინი კი იზიდავენ მამაკაცებს, მაგრამ იშვიათად ინარჩუნებენ.
დააფასეთ საკუთარი თავი
არც ერთ მამაკაცს არ ჩამოეკიდოთ კისერზე. კი უნდა გიყვარდეთ მამაკაცი, მაგრამ ყურმოჭრილ მონად ნუ გადაიქცევით. თუ ის ყურადღებას არ გაქცევთ, ისეთი მამაკაცი მოძებნეთ, ვინც მოგაქცევთ. გახსოვდეთ, მამაკაცი არასდროს მიატოვებს იმ ქალს, ვინც საკუთარი თავის ფასი იცის.