ცოტა ხნის წინ სერიოზულად დავფიქრდი იმაზე, თუ როგორ ვიცხოვრებდი ცალკე, ჩემი ქმარ-შვილით, ანუ დედამთილ-მამამთილის გარეშე.
მერე გადავხედე ჩემი ნაცნობ-მეგობრების ოჯახებს, გავაანალიზე ბევრი რამ და დავრწმუნდი, რომ ბევრი პლუს-მინუსი აქვს ორივე მდგომარეობას – როცა მარტო ცხოვრობ და როცა ქმრის ოჯახთან ერთად ცხოვრობ. ამ პლუს-მინუსებს ახლა თქვენც გაგიზიარებთ და იქნებ, თქვენს ცხოვრებას ცოტა სხვა კუთხიდან შეხედოთ. იქნებ, მხოლოდ მინუსებს ხედავთ და სინამდვილეში, დადებითიც ბევრი აქვს თქვენს მდგომარეობას.
როცა დედამთილ-მამამთილთან ერთად ცხოვრობ...
პლუსები (ეს იმ შემთხვევაში, როცა ნორმალურ ოჯახში ხვდებით. ქაჯები არ იგულისხმებიან. და როცა არც თქვენ ხართ ქაჯი:)):
* არ გიწევს ბევრი ფიქრი იმაზე, თუ ვის დაუტოვო ბავშვი და თუ დედამთილი დიასახლისია, ძიძაზე და სხვა დამხმარეებზე ფიქრი, პრაქტიკულად, არ გიწევს;
* ასევე არ გიწევს ბევრი ფიქრი სადილ-ვახშამზე. თუ შენ ვერ მოასწრებ, არ ინერვიულებ, რომ მთელი ოჯახი მშიერი დარჩება;
* როცა არ ავად ხარ ან რაიმე სხვა მიზეზი გაქვს შეუძლოდ ყოფნის, იმედი გაქვს, რომ შენ თუ არა, ბავშვებს მაინც მიხედავს ვინმე;
* როცა ქმარი სათანადოდ ვერ ასრულებს მამის მოვალეობებს ან ვერ შოულობს ფულს, არის შანსი, რომ ეს მისმა მშობლებმა შეასრულონ – მაქსიმუმ, დასაქმებული იყოს რომელიმე და გარჩენდეთ, მინიმუმ – პენსია მაინც ჰქონდეთ.
* ხანდახან, როცა ძალიან გინდათ დამლაპარაკებელი, შორს წასვლა არ მოგიწევთ;
* ბავშვები დიდი ოჯახის გარემოცვაში იზრდებიან, სწავლობენ უფროსების პატივისცემას, მეტ სითბოსა და ყურადღებას იღებენ, მათი ცხოვრებაც მეტად მრავალფეროვანია.
* თავისუფალი ხართ ისეთი გლობალური ოჯახური ჯესტ-მოვალეობებისგან, როგორიცაა პანაშვიდებზე სიარული, ავადმყოფებისა და ახალშობილების მონახულება-დასაჩუქრება. რა თქმა უნდა, როცა საქმე შორეულ ნათესავებს ეხება, ვისთანაც მხოლოდ მოვალეობა გვიხმობს ხოლმე. თქვენს მაგივრად ამ ვალდებულებებს დედამთილ-მამათილი ასრულებენ.
* საკმაო სასაუბრო თემა გექნებათ, როცა დაქალებს შეხვდებით და "ენის მოფხანა" მოგინდებათ.
მინუსები:
* ყველაზე დიდი მინუსია, თუ არ გაგიმართლათ და ავი, ჭორიკანა ან მეტისმეტად ძალაუფლების მოყვარული დედამთილი შეგხვდათ, ძალიან გაგიჭირდებათ მასთან ერთად ცხოვრება და ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავება.
* დიდი შანსია, ვერასდროს გახდეთ ოჯახის ნამდვილი დიასახლისი და ყოველთვის მეორე პლანზე იყოთ;
* ნებისმიერი კერძის გამზადება, სარეცხის დარეცხვა, ბავშვის მოვლა და ა.შ., შედგება დედამთილის მითითებების (მინიმუმ) თანხლებით, რომ იქნებ სხვაგვარად ჯობდა, ან რომ მის დროს სხვანაირად აკეთებდნენ; ან რომ ის აი, ასეთი დედა იყო და ასე ზრდიდა შვილს, და ა.შ.
* ქმარი ვერასდროს გამოვა ბავშვობის ასაკიდან, ვერ იგრძნობს პასუხისმგებლობას და მშობლების მფარველობის ქვეშ სრულყოფილ მამაკაცად ვერ გადაიქცევა – ყოველთვის ექნება იმედი, რომ თუ თვითონ არა, დედ-მამა მაინც მოაგვარებენ ყველაფერს;
* სადმე წასვლა-წამოსვლა და რაიმე გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ დამოუკიდებლად და ერთპიროვნულად – სავარაუდოდ, ყველაფერი ოჯახის დანარჩენ წევრებთან უნდა "გაიაროთ".
* ბავშვები გატუტუცდებიან, რადგან როცა დედა გაუბრაზდება, იოლად მოძებნიან მყუდრო ადგილს და ხსნას ბებია-ბაბუასთან.
ქმარს ვერ მოეფერები და ვერც ეჩხუბები "შენ გემოზე", დამსწრეების გარეშე. რომ აღარაფერი ვთქვათ გახსნილ და თამამ ინტიმურ ურთიერთობებზე, რასაც, როგორც წესი, მამაკაცები ქალებისგან მოითხოვენ ხოლმე.
* ხანდახან ძალიან გინდათ, რომ იყოთ მარტო, თქვენთვის, თქვენ გემოზე... და ეს არაფრით არ გამოგივათ...
* სავსებით შესაძლებელია, თქვენზე ხანდახან არც ისე კარგად იჭორაონ მეზობელ-ნაცნობ-ნათესავებში.
* ოჯახის ყველა წევრის სტუმარის თქვენი სტუმარია, მიუხედავად იმისა, რომ წესიარად არც იცნობთ და არც ელოდებით.