რა აწუხებთ ყველაზე ხშირად დაოჯახებულ ადამიანებს, ქალებს, მამაკაცებს, მათ შვილებს? ოჯახური პრობლემები ნებისმიერის ცხოვრებას ასვამს დაღს, თუმცა მათ შესახებ საუბარს ყველა გაურბის. განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანი დახმარებისთვის ეკლესიას მიმართავს და მოძღვარს უმხელს იმას, რაზეც საუბარს უახლოეს ადამიანებთანაც გაურბის.
რას ანდობენ ყველაზე ხშირად ადამიანები მოძღვარს, რა არის მათი მთავარი სადარდებელი და რისთვის ეძებენ შველას? გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, ასევე, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია):
- რა აწუხებთ ყველაზე ხშირად დაოჯახებულ ადამიანებს, ქალებს, მამაკაცებს?
- ოჯახი მცირე ეკლესიაა და ამის გაუცნობიერებლობა შობს უამრავ პრობლემას. სახლში ყველას უნდა, პირველი და ხელმწიფე იყოს, მისი სურვილები შესრულდეს, სრულად დაკმაყოფილდეს მოთხოვნილებები. ნაკლებად აღწევს ფიქრი მორჩილებამდე, სიმდაბლე და ურთიერთსიმძიმის ტვირთვა თითქოს წარსულს ჩაბარდა. გონება მოცული აქვს მატერიაზე ფიქრს, მთავარი საზრუნავი ოჯახისა გადავიდა ხორცზე და შესაბამისად, მოკვდა სული. უსულო ოჯახი კი უმადლოა, მუდმივი შფოთი ღვთისგან საკუთარი სულის მოპარვასა და სიწმინდეზე უარის თქმას ნიშნავს. წმინდა წერილში კარგად წერია: "ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ" (მთ. 6.33).
- რაში შეიძლება დაეხმაროს ოჯახს ეკლესია?
- სარწმუნოებაში გაძლიერება ხელს გვიწყობს, საკუთარი სურვილები ვაკონტროლოთ. უფულობა ჩრდილავს რწმენას, ადამიანი აღარ მიდის ღმერთამდე, გულში ფული და ძალაუფლება აწერია. სამაგალითო ადამიანები არ გვაინტერესებს და უფრო ვუმზერთ ისეთებს, ვისაც ქონება აქვთ, ვისაც პატივითა და ამსოფლიური დიდებით უდგას სული. ვივსებით შურით და მერე სახლში ერთმანეთს ვკლავთ: იმას რომ აქვს ამდენი, შენ რატომ არ ცდილობო. ზოგჯერ ასეთ სიტყვასაც გავიგებთ: სასულიერო პირი მაინც გამოსულიყავი, ფული გექნებოდაო. აზროვნება ისე დაგვიმძიმდა, ყველაფერში ფულს ვხედავთ. ადამიანების მაგალითით როცა ვეძებთ სიხარულსა და სასუფეველს, ამას ვერასდროს მივაღწევთ, მაგრამ როდესაც დავაკვირდებით წმინდა წერილის ყველაზე წმინდა მაგალითს, ჩვენს მხსნელს სწორედ იქ აღმოვაჩენთ.
- რამდენად ხშირად ღალატობენ მეუღლეები ერთმანეთს?
- საზოგადოებაში გამრავლდა ერთმანეთზე ნადირობა, ზოგიერთი "მორწმუნეც" არ ამბობს ჯადოზე უარს, ოღონდაც სასურველი მამაკაცი ჩაიგდოს. მურმანის ეკალივით ერჭობიან უადგილო ადგილას. თითქმის ყველა ოჯახის საწოლშია მესამე სული "ჩამთბარი". ღალატს ცოდვის სტატუსს აღარ აძლევენ. ამგვარად მეტყველებენ: "ერთმანეთს ვერ გავუგეთ", "სხვადასხვა ხასიათი გვაქვს", "სხვა პიროვნებას გავყევი და სულ სხვა აღმოჩნდა". იუდას ემსგავსება ოჯახის გამხლეჩველი. სულის დღევანდელი კიბოა მრუშობა, ამიტომაც მრავლდება სხეულებრივი სნეულებებიც, ნევროზი. როდესაც რაღაცის დამალვა გიწევს, სული შფოთავს, ნერვიულობს, ეშინია, ვინმემ არ გაიგოს და ამასობაში სულიერ სტრესში ვარდება. ეშმაკი თავიდან პატარა თოკით იჭერს, შემდეგში კი რკინის ხუნდებს ადებს, უსპობს ცხოვრების სიხარულს. უპერსპექტივო მომავალში, პირველად ადამმა დაადანაშაულა ევა, თავის ცოდვებზე თვალი დახუჭა და უსუსური არსება დაასმინა.
- მოზარდები ყველაზე მეტად რას ნანობენ, თქვენ რას განდობენ?