იცით, როგორ გრძნობს თავს კაცის მკვლელი? ამაზე ბევრს საუბრობენ თვითონ მკვლელებიც. მათ აპატიმრებენ, აწამებენ, სჯიან და ეს ყველაფერი მათ გასათავისუფლებლად.
დიახ, სწორედ მათ ეხმარება ეს ყველაფერი. მათთვის ასეთი წამება ნეტარებაა. თქვენ არც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორი უბედურია ის, ვინც თავის დანაშაულს ბედნიერების მიღმა მალავს, ვინც ვერაფერს ამბობს და დუმს. დუმს, რადგან გვიანია დანაშაულზე ფიქრი. იმის აღიარებაც კი არ შეიძლება, რომ მან შესცოდა. გამოსწორების ერთადერთი გზა კი საკუთარი ბედნიერების შექმნაა.
მე ვარ ეს დამნაშავე. მე ვარ, ვინც მამა წაართვა 3 შვილს. ბავშვობის სიყვარული ერთგულ ცოლს და შვილი დედას... მე არ ვიცი, როგორ შევძელი შევპარულიყავი მის ცხოვრებაში, ადგილი მეპოვა საკუთარი თავისთვის და ფეხი-ფეხზე გადადებულს მომეკალათა. მაშინ მხოლოდ საკუთარ თავზე და ჩვენზე ვფიქრობდი. ყველაფერი მარტივად მეჩვენებოდა. გადავწყვიტე, რომ მას ცოლი აღარ უყვარდა, ასე უნდა ყოფილიყო - რახან სხვა ქალისკენ გაიხედა, ე.ი. ცოლი აღარ სჭირდებოდა. არ მესმოდა, რომ ოჯახებს ხშირად აქვთ რთული პერიოდი. სწორედ ამ პერიოდით ვისარგებლე მეც და როგორც მარტო დატოვებულ სახლში შეიჭრება ხოლმე მძარცველი, ისე შევიჭერი ამ კაცის სულში.
როცა გავიცანი, არ ვიცოდი, ცოლი თუ ჰყავდა. ურთიერთობებში ყოველთვის დომინანტი ვარ და აქაც კაცის "შებმის" ჩვეულ მეთოდს მივმართე, თუმცა, როცა მისი ოჯახური მდგომარეობის შესახებ გავიგე, უკვე აზარტში ვიყავი შეჭრილი და დაბოღმილმა მისი ბავშვობის სიყვარული, მისი ცოლი დუელში გამოვიწვიე. ამას მხოლოდ ახლა მივხვდი, მხოლოდ ახლა გავაანალიზე, რომ მე არასდროს მყვარებია ეს კაცი. მის მიმართ მქონდა მხოლოდ ლტოლვა და ერთადერთი, რაც სურვილს კიდევ უფრო მიმძაფრებდა, ვინც გზას მიღობავდა, მისი ცოლი იყო, რომელიც სასტიკად შევიძულე და ბრძოლის ველი ჩვენი კაცის გულში გავმართე. ქალმა ამის შესახებ, რა თქმა უნდა, არაფერი იცოდა. ცხოვრება ჩვეულ რიტმში მიედინებოდა მანამ, სანამ საყვარლიდან საცოლედ არ ვიქეცი.
არ ვიცი, როგორ გააგებინა ამის შესახებ ცოლს, რომელიც ახლაც გიჟდება ყოფილ ქმარზე; როგორ უთხრა დედას ან შვილებს, რომლებთან ურთიერთობის დალაგებასაც დღემდე უშედეგოდ ცდილობს.
ვიცი მხოლოდ ერთი - ახლა მე ვალდებული ვარ, ვიყო ამ კაცის ერთგული ცოლი და ვიზრუნო მის შვილებზე. მალე თავადაც დედა გავხდები. არ ვიცი, როგორ გავუმკლავდები ამ ყველაფერს. ნუთუ შვილს უნდა ვუთხრა, რომ დედამისი ქურდია, რომ მან მამას ყველაზე წმინდა ოჯახი დაუნგრია? მე მხოლოდ ახლა მესმის ჩემი ქმრის ცოლის. როცა დედობამდე სულ რაღაც ორი თვეა დარჩენილი, ახლა მესმის ჩემი ქმრის დედის. მზად ვარ, მუხლებში ჩავუვარდე და ყველაფრისთვის პატიება ვთხოვო მათ, მაგრამ რა აზრი ექნება ამ ყველაფერს?
დანგრეული ოჯახი აღარ აღდგება და დაინგრევა ჩვენიც, ჩვენი "რაღაც" როგორ შემიძლია, ჩვენს ურთიერთობას ოჯახი დავარქვა...
ერთადერთი, რაც დამრჩენია, ყოველდღე სწორედ ამ ოჯახური წარმოდგენის დადგმაა. თითქოს ერთმანეთზე შეყვარებული ორი ზრდასრული კაცი და ქალი ყველაფერს აკეთებენ საკუთარი ბედნიერებისთვის. თითქოს, მათ არ აინტერესებთ, რას იტყვის ხალხი, მათ ოჯახურ იდილიას ვერავინ და ვერაფერი დაანგრევს. ალბათ, ეს თამაში მაგრძნობინებს დანაშაულის გრძნობას, ალბათ, ჩემი სასჯელი ჩემი ბედნიერებაა...