"საკმარისი იყო, სამსახურიდან ნახევარი საათით გვიან მივსულიყავი, რომ ჩხუბი, საყვედურები და ცრემლები გარანტირებული მქონდა"
დარწმუნებული ვარ, რედაქციაში მამაკაცები იშვიათად გწერენ. მე გამონაკლისი ვიქნები და ჩემ შესახებ მოგიყვებით.
"ისე მოხდა, რომ გვიან დავქორწინდი. სულ ვფიქრობდი, რომ არსად მეჩქარებოდა. ქალების ყურადღებით განებივრებული ვიყავი და შეიძლება ითქვას, მთელი ცხოვრება გართობას შევალიე. ვფიქრობდი, რომ ყველაფერი წინ მქონდა. ორმოც წელს რომ მივაღწიე, აღმოვაჩინე, რომ ყველა ჩემი მეგობარი უკვე დაოჯახებული იყო. ის კი არა, ზოგს სამ-სამი შვილიც კი ჰყავდა.
ოჯახის წევრები გააქტიურდნენ, გადაწყვიტეს, ჩემთვის საცოლე მოეძებნათ.
გარიგებით ცოლის შერთვის სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი და რჩეულის ძებნას თავად შევუდექი. ეტყობა, ასაკის მატებასთან ერთად ადამიანი უფრო წუნია ხდება და საცოლის შერჩევა ძალიან გამიჭირდა. იმ დროისათვის ერთ ქალბატონთან რომანი მქონდა გაჩაღებული, მაგრამ მისი ცოლად შერთვა არ შემეძლო. საქმე ის იყო, რომ ლელა უკვე ბებია იყო და გათხოვება, ცოტა არ იყოს, ეუხერხულებოდა. სახლში ორი ვაჟი, რძალი და ორი შვილიშვილი ჰყავდა. ასაკის მიუხედავად, ძალიან ლამაზი ქალი გახლდათ. გარდა ამისა, მასთან ურთიერთობა ჩემთვის გაცილებით საინტერესო იყო, ვიდრე სხვა ქალებთან. მეგობრები მეხუმრებოდნენ, შემთხვევით ცოლად მოყვანას ხომ არ უპირებო. დამცინოდნენ, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, ზოგიერთი შემომნატროდა.
როცა მარი გავიცანი, ლელასთან განშორება გამიჭირდა. მან დიდსულოვნად გამიშვა. დღემდე, როცა მის სახლთან გავივლი, გული სასიამოვნოდ მეკუმშება ხოლმე, თუმცა თავს ზედმეტის უფლებას არ ვაძლევ.
მარიმ ჩემი და ლელას ამბავი იცოდა. საქმე ის არის, რომ დაქორწინებამდე ჩემზე ცნობები მასაც მოუგროვებია და მიუხედავად იმისა, რომ პატარა გოგო აღარც მარი იყო, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონა და თანხმობა მხოლოდ ამის შემდეგ მომცა. შევპირდი, რომ მის იქით ჩემთვის არც ერთი ქალი აღარ იარსებებდა. მარისადმი მალე პატივისცემით გავიმსჭვალე, მერე თანაცხოვრებამ ძალიან დაგვაახლოვა და აღმოვაჩინე, რომ მიყვარდა. მზრუნველი მეუღლე და კარგი დედა გამოდგა. ორი შვილი შეგვეძინა. ერთადერთი რამ, რაც ჩვენს ცხოვრებაში არეულობას იწვევდა, მისი უსაფუძვლო ეჭვიანობა იყო. თითქმის ყველა ქალზე ეჭვიანობდა, სულ ეგონა, რომ ჩემს თავს ვინმე სხვა ქალი წაართმევდა. მე კი მუდმივ კონტროლში ცხოვრება მიჭირდა.
ერთ დღესაც მძიმე პერიოდი დაგვიდგა. სამსახური დავკარგე და ერთხანს თავს ძლივს ვირჩენდით. მე და მარი ყველაფერს ვიკლებდით, რომ ბავშვები მაძღრები გვყოლოდა. სამსახურის ძებნა დავიწყე, ათასნაირ გასაუბრებაზე ვიარე, მაგრამ ამაოდ. ერთხელ მეგობარმა დამირეკა და სამსახური შემომთავაზა, კერძო აღსრულების ბიუროში პრობლემური სესხების ამომღების თანამდებობაზე. მაშინვე უარი ვუთხარი, რადგან ამგვარი სამსახურის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი - გაჭირვებულ ადამიანთან ვალის დაბრუნებაზე როგორ მელაპარაკა?! გავიდა ხანი და როცა დავრწმუნდი, სხვა არაფერი გამომდიოდა, მეგობარს დავურეკე და ვთხოვე, თუ კიდევ გჭირდებათ თანამშრომელი, წამოვალ-მეთქი.
ამგვარად, მუშაობა დავიწყე. თავდაპირველად, როგორც ვვარაუდობდი, ძალიან გამიჭირდა, მერე თანდათან სამუშაოს ალღო ავუღე, შემოსავალი გამიჩნდა და ოჯახიც ნელ-ნელა წელში გაიმართა. პრობლემა ის იყო, რომ სამსახურში გვიანობამდე ყოფნა მიწევდა და, რა თქმა უნდა, მარისთვის ამის ახსნა ძალიან მიჭირდა, ვინაიდან ყველგან და ყველაფერში არარსებულ საყვარელს ეძებდა. ამას თან ისიც დაერთო, რომ ერთხელ მე და მარი ქუჩაში ლელას გადავეყარეთ, შვილიშვილს ასეირნებდა. ჩემი ნახვა გულწრფელად გაუხარდა. მეუღლე წარვუდგინე, ერთმანეთი გულთბილად მოვიკითხეთ და დავცილდით.
მას შემდეგ მარის სალაპარაკო მხოლოდ ეს ჰქონდა. ახლა ეჭვიანობა ლელაზე დაიწყო. ერთმანეთს შეყვარებული თვალებით უყურებდითო, მიმეორებდა და უფრო მყარ არგუმენტებს ეძებდა, რათა ლელას საყვარლობაში გამოვეჭირე. სულ ამაოდ ვცდილობდი საწინააღმდეგოს დამტკიცებას და იმის ახსნას, რომ მისი ამგვარი საქციელი ჩვენს სიყვარულს მხოლოდ აზარალებდა. საკმარისი იყო, სამსახურიდან ნახევარი საათით გვიან დავბრუნებულიყავი, რომ ჩხუბი, საყვედურები და ცრემლები გარანტირებული მქონდა. არადა, ისეთი ერთგული, როგორიც მარისთან ვიყავი, არასდროს ვყოფილვარ. გაგრძელება