ახალი სიცოცხლის მოვლინება ყველაზე დიდი სასწაულია ამქვეყნად და რა გასაკვირია, რომ ორსულობა ქალის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პერიოდია.
იდეურად საოცარი, პრაქტიკულად კი ურთულესი, ემოციების ხშირი ცვლის, სიფრთხილის და ბრძოლის პერიოდი, როცა ქალი ერთდროულად ორ სიცოცხლეზე იღებს პასუხისმგებლობას.
ზუსტად ამ დროს სჭირდები შენ მას, როგორც მეორე ნახევარი, როგორც კაცი და როგორც უახლოესი მეგობარი. სჭირდები ისე, როგორც არასდროს.
შენ ხარ ადამიანი, რომელმაც ცდა არ უნდა დააკლო და შეძლო, რომ იმაზე დიდი პასუხისმგებლობა და ტვირთი აიღო შენს თავზე, ვიდრე ამას ოდესმე წარმოიდგენდი. მოიკრიბე ძალა, რადგან შენ ერთდროულად სამ სიცოცხლეზე ხარ პასუხისმგებელი.
ნუ შეშინდები. ვიცი, რთულია. დამიჯერე, რომ ზუსტად მესმის შენი. ამიტომაც ვაძლევ თავს უფლებას, გირჩიო და გაგამხნევო.
10 კონკრეტული რჩევა მინდა მოგცე:
- ეცადე, სიმშვიდეს მაქსიმალურად დაუახლოვდე, რადგან სწორედ ეს დაგეხმარება კრიტიკული მომენტების დროს სიტუაციის განეიტრალებაში.
- ნუ გაგიკვირდება მეუღლის ხასიათის არასტანდარტულად ხშირი ცვლა და ნუ გაღიზიანდები ამის გამო. ეს ბუნებრივია და ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია.
- ეცადე, დიდი დრო გაატარო მის გვერდით და გაუმრავალფეროვნო ყოველდღიურობა.
- არ მოაკლო სუფთა ჰაერი და მეგობრებთან სიახლოვე. ხშირი პიკნიკი კი საუკეთესო საშუალებაა ამისთვის.
- შეიძლება ბევრი ისეთი საკვები მოითხოვოს, რაც არ არის კარგი ორსულობის დროს. ამიტომ ოქროს შუალედის მოძებნა მოგიწევს. კვების რაციონი ექიმთან ერთად გაიარე, ხოლო ფსიქოლოგი შუალედის პოვნაში შეგიწყობს ხელს.
- ერთნაირად მშვიდად შეხვდი დაუმსახურებელ თუ დამსახურებულ წყენას.
- არავითარ შემთხვევაში არ აჰყვე ემოციებს და არ გამოხვიდე მდგომარეობიდან.
- მოეფერე, მშვიდად აუხსენი ყველაფერი და ეცადე, ყველანაირი ეჭვი და ცუდი ემოცია გაუფანტო.
- დაკვირვებული იყავი, რადგან შეიძლება მისი ახლიდან გაცნობა მოგიწიოს.
- არ ანერვიულო და სამაგალითო ქმარი იყავი სხვებისთვისაც.
ახლა კი უნდა წავიდე, ჩემი ორსული მეუღლე მიხმობს. ალბათ ისევ მოშივდა, ან რაიმე არასტანდარტულ დავალებას მიმზადებს. დაბოლოს, თუ ცოტათი მაინც გამხნევდი, იცოდე, რომ ეს სტატია შენს განკარგულებაშია ნებისმიერ დროს. გახსოვდეს, შენ უმაღლეს მიზანს ემსახურები!
ლევან ცხვარაძე