ოჯახი

„ისე მექცევა, როგორც მათ სახლში დროებით შეხიზნულ ბომჟს“ - მკითხველი დახმარებას ითხოვს

„ისე მექცევა, როგორც მათ სახლში დროებით შეხიზნულ ბომჟს“ - მკითხველი დახმარებას ითხოვს
ასე არასდროს ვიქცევი.
მეც, როგორც წინა თაობის წარმომადგენლებს, მჯერა, რომ რაც ოჯახში ხდება, ოჯახშივე უნდა მოგვარდეს, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა სახლი - ციხედ, ოჯახის წევრები კი აბრაგებად იქცევიან? როცა სახლი ყელში ისე მძლავრად გიჭერს ხელს, რომ ისღა დაგრჩენია, დღედაღამ მისგან გაქცევას ლამობდე, როცა იქ ერთადერთი საყვარელი ადგილი საპირფარეშოა, სადაც არავინ შემოგიმტვრევს კარს. განა, ასეთ სახლში ოჯახი არსებობს? მგონია, რომ არა. ამიტომაც გადავწყვიტე ჩემი ამბის მოყოლა და ღრმად მწამს, რომ ამ მდგომარეობიდანაც ისეთივე მარტივი გამოსავალი
არსებობს, როგორც იმ სახლის კარიდან.

დედამთილების მიერ დანგრეულ ოჯახებზე არაერთი ჭორ-მართალი გამიგია და მიუხედავად ამისა, სულ მაკვირვებდნენ ის გოგონები, რომლებიც საყვარელი ადამიანის დედას უხეშად მოიხსენიებენ. თურმე, შენ თვითონ უნდა დაგემართოს, კარგად რომ მიხვდე, რას გულისხმობენ, რადგან უხეშობა ერთადერთი და ის მცირედია, რისი გაკეთებაც შეგიძლია.

მეგონა, რომ სადედამთილოს კარგად ვიცნობდი და ვერ წარმომედგინა, თუ ეს პირმცინარი, ღიმილიანი ქალი ოჯახში შემოსვლის შემდეგ მტრად გადამეკიდებოდა. ვიცი, რომ თანაცხოვრებას თან ახლავს უსიამოვნებები და გაუგებრობები. ეს არც მაკვირვებს, მაგრამ საქმე დამოკიდებულებაშია. შეიძლება მას არ მოეწონოს ჩემი გაკეთებული საჭმელი და მითხრას, რომ ცოტა მარილით უკეთესი იქნებოდა, მაგრამ როცა იმავეს აგრესიულად აკეთებს, საერთოდ აღარ მესმის მისი და მგონია, რომ მზადაა, ზედმეტად დამარილებულიც ჭამოს ჩემი უვარგისობის დასამტკიცებლად. თუ შემთხვევით ჩანგალი კოვზების განყოფილებაში ჩავდე, ამაზეც კი მსაყვედურობს და ახლა წარმოიდგინეთ, რამდენად რთულია ასე კონტროლის ქვეშ ყოფნა.

საქმე რომ მხოლოდ დედამთილის ახირებულობაში იყოს, ავიტანდი, მაგრამ ჩემ წინააღმდეგ მის „მხარდამხარ იბრძვის“ მისი 20 წლის ქალიშვილი, ჩემი მული, რომელზეც სულ 5 წლით ვარ უფროსი. არ ვიცი, როდის ვიქეცი მის პრობლემად, მაგრამ ახლა ისევე მექცევა, როგორც მათ სახლში დროებით შეხიზნულ ბომჟს. ცდილობს, გამარიდოს სანათესაოს შეკრებებს, ოჯახის ახლობლებს პატიჟებს მაშინ, როცა იცის, რომ მე შინ არ ვარ. თავიდან მეგონა, მისი ჩემდამი ცუდი დამოკიდებულება მეჩვენებოდა, მაგრამ ახლა უკვე აღარც ჩემს მეუღლეს ერიდება და მისი თანდასწრებით გამოხატავს ამას. რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდები, მათი დეიდაშვილ-ბიძაშვილები კინოში ვაპირებდით წასვლას. თვითონ უკვე შეკრებილები იყვნენ, მე სამსახურიდან პირდაპირ უნდა წავსულიყავი და უცებ მული მირეკავს, რომ დედამთილი ცუდადაა. მთხოვა, იქნებ სახლში გაუარო და მერე წამოხვიდეო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი, მაგრამ დედამთილს ვეღარ დავეხსენი და დარჩენა მომიწია. მაღალი წნევა არ ჰქონია, არც სიცხე, არც სისუსტე. მის თვალებში ჩანდა ავადმყოფური წადილი ჩემი სახლში დარჩენისა.

ეს რომ ყველაფერი იყოს, ყურადღებას არც ამას მივაქცევდი, მაგრამ უკვე ვგრძნობ, როგორ იბნევა ჩემი მეუღლე და ვეღარ იგებს, რა ხდება ჩვენს თავს. დედამთილის საყვედურების გამო იწყებს ჩხუბს და სანამ ყველაფერში გავარკვევ, ცრემლებად ვიღვრები. ერთ წელზე მეტია ცოლ-ქმარი ვართ. ჯერ ცალკე გადასვლის საშუალება არ გვაქვს და ამ მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნაც მიჭირს და უკვე ოჯახის დანგრევის საშიშროებასაც ვხედავ.

ზოგადად ასე არ ვიქცევი-მეთქი, თავიდანვე ვთქვი. ჩემი წერილის დაწერის ერთადერთი მიზანი რჩევების მიღება იყო. იქნებ თქვენც გქონიათ მსგავსი გამოცდილება, როგორ გადავურჩე მონსტრ დედამთილსა და მტრად გადაკიდებულ მულს?

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93