- ალბათ დაბეჯითებით ვერ იტყვი, ბევრი ფული რყვნის კაცსო - არაერთი ღირსეული ადამიანი დადის ქვეყანაზე, რომელიც ფულს შოულობს და სიკეთეში ხარჯავს. ჩემი ქმარი კი, რომელიც საშინლად სულმდაბალი აღმოჩნდა, ფულმა წუმპეში ჩააგდო. მანამდე ვიყავი ბედნიერი, სანამ მოკრძალებული სამსახური ჰქონდა, სანამ ჩემი მშობლების ნაყიდ პატარა ბინაში ვცხოვრობდით, სანამ რეზი წესიერ ადამიანებთან მეგობრობდა. მერე დააწინაურეს, ბიზნესის წილშიც ჩაისვა მეგობარმა. ერთ დღეს მითხრა, - ახალ სახლში უნდა გადავიდეთო და ის სახლი მაჩვენა, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ და რომელიც მეზიზღება.
- ცხოვრების პირობების გაუმჯობესებით უკმაყოფილო დარჩით?
- ფული და ძალაუფლება რომ იშოვა, გადაწყვიტა, თავის ნებაზე ეცხოვრა. თურმე ჩვენთვის ისიც საკმარისი უნდა ყოფილიყო, კარგ სახლში რომ ვცხოვრობდით, გვქონდა საჭმელ-სასმელი, ჩასაცმელი, აგარაკი, დასვენება საქართველოში, უცხოეთში... თვითონ კი ჩვენ გვერდით აღარ იყო. მისთვის ლოგინშიც აღარ ვარსებობდი...
- ცუდი ურთიერთობა გქონდათ? ხომ არ გცემდათ?
- არა, მაგრამ როგორია, ქმარი შინ მხოლოდ ტანსაცმლის გამოსაცვლელად რომ შემოირბენს და გაქრება? რომ ვთხოვდი, დაჯექი, დამელაპარაკე-მეთქი, ფულს დატოვებდა და გაიხურავდა კარს. ბავშვებიც აღარ აინტერესებდა. შვილები მხოლოდ ტელეფონზე ელაპარაკებოდნენ მამას.
ერთ დღეს ოფისში მივაკითხე. იქ ჩვენი მეგობრის ცოლი მუშაობდა. მითხრა, რეზი ოფისში იშვიათად მოდის, სულ სხვაგან აქვს შეხვედრებიო. რახან ქმარი ვერ ვნახე, ჩემს დას დავურეკე - შენთან სალაპარაკო მაქვს-მეთქი. შევხვდით. კაფეში რომ შევედით, პირკატა მეცა, რეზი შვილისტოლა გოგოსთან ერთად პატარა ბიჭივით ცქმუტავდა. შეურაცხყოფილი შეუმჩნევლად გავიპარე...
გაგრძელება