"ძალიან გთხოვთ, მომეცით საშუალება, ყველაფერი გიამბოთ. იქნებ ამ წერილის წაკითხვის შემდეგ მაინც მიხვდეს ჩემი მამამთილი, რომ ყველაზე დიდი შეცდომა მაშინ დაუშვა, როცა ჩემში "ჩამშვები" დაინახა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დედამთილთან, ქმართან ურთიერთობა ამრეოდა..." - ეს წერილი 23 წლის იამ მოგვწერა. გოგონას ერთ-ერთ პარკში შევხვდი. მისმა მონათხრობმა და მამამთილის შურისძიების მეთოდებმა, სიმართლე გითხრათ, ძალიან გამაკვირვა.
- ნაადრევად, 18 წლის ასაკში გავთხოვდი. მომავალი მეუღლე ნათესავის ქორწილში გავიცანი. იქ იყვნენ მისი მშობლებიც.
სამამთილოსაც ისე მოვეწონე, გახარებული ამბობდა: ამ ქორწილში ჩამოსვლა, ქეიფის გარდა, იმიტომაც ღირდა, ეს გოგონა რომ გაგვეცნოო. მერე ჩემს მშობლებსაც დაელაპარაკნენ: თქვენი შვილი რძლად გვინდა და თუ საწინააღმდეგო არაფერი გექნებათ, მოგვათხოვეთო. დედამ "დამიცვა", - არსად გვეჩქარება, ჯერ რა დროს მისი გათხოვებააო? მაგრამ ხომ იცით, სოფელში მცხოვრებ ადამიანებს როგორ უჭირთ თავის გატანა, შვილისთვის განათლების მიცემა და მამამ თქვა: დავფიქრდეთ, ნუ ავჩქარდებით, იქნებ ბავშვებს მართლა მოსწონთ ერთმანეთიო. ქორწილის მეორე დღეს კახას მშობლები თბილისში დაბრუნდნენ, კახა კი ნათესავის ოჯახში დატოვეს. ის ჩემზე 5 წლით იყო უფროსი, არსად სწავლობდა და ეტყობა, მისი დაოჯახება ამიტომაც ეჩქარებოდათ.
- შენს მშობლებს რამ მოაწონა უსაქმური სასიძო?
- უსაქმური არ იყო, მუშაობდა. მართალია, უნივერსიტეტში არ სწავლობდა, მაგრამ ინგლისური იცოდა, კომპიუტერის აწყობა ეხერხებოდა და სამსახურიც ჰქონდა, თან - რამდენიმე ადგილას მუშაობდა და ხელფასიც კარგი ჰქონდა; თავს იმის უფლებასაც აძლევდა, თანხა სურვილისამებრ გაეფლანგა. მაგალითად, ქორწილის დღეს დამკვრელები გაამდიდრა. ნეტავ გენახათ, მათკენ მიმავალ კახას რომ დაინახავდნენ, სიხარულისგან როგორ ჭყვიტინებდნენ. როგორც მერე გავიგე, დაახლოებით 200 ლარამდე უჩუქებია მათთვის.
- ცოლობაზე როგორ დაგითანხმა?
- ეს არ გასჭირვებია (იღიმის). მეორე დღესაც შევხვდი. მეც ძალიან მომეწონა თბილისელი ბიჭი და მომავალში თბილისში ცხოვრების პერსპექტივაც. მანამდეც მყავდნენ თაყვანისმცემლები, მაგრამ ისეთები, რომლებიც მშობლების ხელებს შეჰყურებდნენ და ხშირად ჯიბეში გახვრეტილი თეთრიანიც არ ეგდოთ, ისევე, როგორც მე... მეორე დღესაც მშვენივრად გავერთეთ ქორწილის ნასუფრალზე, მესამე დღეს კი შინ მომადგა, ჩემს მშობლებს კიდევ ერთხელ დაელაპარაკა. დედამ უთხრა, - მინდოდა, ჯერ ესწავლა. ნიჭიერი მოსწავლე იყოო. კახა დაჰპირდა, სწავლის გაგრძელება რა პრობლემაა? თანაც, სტუდენტი შვილისთვის ბინის დაქირავებაც აღარ მოგიწევთ და აღარც მისი სწავლის ფულის შოვნაზე ფიქრი დაგჭირდებათო. მამას სიხარულისგან ლამის ტვინში სისხლი ჩაექცა, - არიქა, ეშველა ჩემს გოგონასო, მაგრამ უთხრა: შვილო, ჯერ კარგად დაფიქრდი და თუ რამდენიმე დღის შემდეგაც ამ აზრზე იქნები, მოდი და ია დანიშნეო. ძალიან ბედნიერი ვიყავი მშობლების გადაწყვეტილებით. ისინიც გახარებულები იყვნენ, ოჯახის უფროსი ქალიშივილი რომ დააყენეს გზაზე, რადგან შინ ჩემნაირი კიდევ სამი ჰყავდათ (იღიმის)... მოკლედ, კახა წავიდა, მე სოფელში დავრჩი, მაგრამ გული მას გავატანე.
გაგრძელება