ბარბრა სტრეიზანდი (სწორედ ბარბრა ჰქვია და არა ბარბარა - წარმატების მოპოვების შემდეგ მან სახელი ოდნავ შეიცვალა და ბარბრა დაირქვა) ბევრი ადამიანის კერპია. მის ცხოვრების გზას გადავავლებთ თვალს.
მომავალი ვარსკვლავი 1942 წლის 24 აპრილს, ემიგრანტების, ემანუილ და დიანა სტრეიზანდების ოჯახში დაიბადა. მეორე ბავშვი იყო. დედამისს შესანიშნავი სმენა ჰქონდა, რაც გოგონას მემკვიდრეობით გადაეცა. მამამისი მეთევზის შვილი იყო ლვოვიდან, უმაღლესი განათლებითა და მაგისტრის ხარისხით. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ასწავლიდა, ზაფხულობით კი ებრაელთა საბავშვო ბანაკში მუშაობდა. 35 წლის პედაგოგმა 1943 წლის აგვისტოში მოულოდნელად თავის ძლიერი ტკივილი იგრძნო. დასასვენებლად დაწვა და აღარც ამდგარა. პატარა ბარბრას მამა მთელი ცხოვრება ახსოვდა.
დიანა შვილებთან ერთად მარტო დარჩა. ამიტომ მშობლების პატარა, სამოთახიან ბინაში გადასახლდა და ბუღალტრად დაიწყო მუშაობა. ოთხი წლის ბარბრა ბრუკლინში, ებრაულ სკოლაში გააგზავნეს. რამდენიმე წლის შემდეგ დიანა მანქანებით მოვაჭრეზე, ლოი კინდაზე გათხოვდა და ბავშვებთან ერთად გადავიდა მასთან საცხოვრებლად. მათ ქალიშვილი შეეძინათ და დედა მთლიანად გადაერთო ახალშობილსა და ქმარზე. ბარბრა ყურადღების გარეშე დარჩა. საათობით უყურებდა ტელევიზორს, ოცნებობდა, რომ მსახიობი გამხდარიყო.
10 წლის ასაკში სასკოლო ღონისძიებებზე მღეროდა, მაგრამ საკუთარ თავს მახინჯად თვლიდა: დიდი პირი და ებრაული ცხვირი ჰქონდა, მაგრამ სკოლაში ბიჭებს (მათ შორის იყო ჭადრაკის მომავალი ჩემპიონი ბობი ფიშერი) მაინც უყვარდათ.
1953 წელს კინდმა ოჯახი მიატოვა. ამიტომ დიანა იძულებული გახდა, კვლავ ეპოვა სამუშაო. ოჯახის დასახმარებლად 11 წლის ბარბრამ გაკვეთილების შემდეგ ჩინურ რესტორანში დაიწყო მუშაობა. 15 წლისა თეატრში სტაჟიორად მოეწყო. იქ ანიტა მილერი გაიცნო, რომლის ქმარიც, ალან მილერი, თეატრალურ სკოლაში ასწავლიდა. დედის წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც მოხვდა თეატრალურ კურსზე და დაიწყო გზა ოცნების ასრულებისკენ. გოგონას ფული არ ჰქონდა, ამიტომ მილერებმა გადაწყვიტეს, სახლში ძიძად წაეყვანათ.
1959 წელს, დიპლომის აღების შემდეგ ბარბრამ სცენაზე მოსინჯა ძალები, თუმცა სპექტაკლებში მონაწილეობამ წარმატება არ მოუტანა და კვლავ იძულებული გახდა, დამატებით ემუშავა. სატელეფონო ოპერატორად მუშაობდა, შემდეგ კი ჰომოსექსუალთათვის განკუთვნილ რესტორანში მღეროდა.