საქართველოში კვლავ მაღალია ადრეული ქორწინების მაჩვენებელი - ის უტოლდება მოლდოვეთისა და თურქეთის მაჩვენებელს და აჭარბებს მეზობელი ქვეყნების, აზერბაიჯანისა და სომხეთის მაჩვენებელს.
ახალგაზრდა მშობლები ვეღარ ახერხებენ, სათანადო დრო დაუთმონ საკუთარ თავს, განათლებას; წყვეტენ განვითარებას და უჭირთ შვილის აღზრდაც. გთავაზობთ ქართველი წარმატებული ქალების ხუთეულს, რომლებიც ადრეულ ასაკში გახდნენ დედები, თუმცა შეძლეს წარმატების მიღწევა კარიერაშიც.
ნანუკა ჟორჟოლიანს ქართველი ტელემაყურებელი წლებია იცნობს. ნანუკა ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა პირველი ქალიშვილი, მარიამ გეგუჩაძე შეეძინა და ოჯახიც მალევე დაენგრა. „მარიამი ერთადერთი საზრუნავი იყო ოჯახში. თითქოს დედაჩემმა და მამაჩემმა მაშინ შეიგრძნეს, რომ მშობლები იყვნენ. ჩემმა ძმამ მამის ფუნქცია აიღო, იმიტომ, რომ ოჯახი უკვე დანგრეული მქონდა და საკმაოდ პატარა დავდექი ძალიან რთული პრობლემების წინაშე. რომ არა ოჯახის დანგრევა, მგონია, ეს ნანუკა არ დადგებოდა. იმიტომ, რომ სწორედ იმ დღიდან დავიწყე იმის მტკიცება, რომ ჩემი მიტოვება სწორი გადაწყვეტილება არ იყო. ეს რომ დამემტკიცებინა, რაღაც უნდა შემექმნა და 24 საათი ვმუშაობდი. "ალიონში" ოთარ შაორშაძემ პრაქტიკაზე მისული დამტოვა. მახსოვს, რა გემრიელი იყო პირველი ხელფასი. ძალიან ბევრი ვიმუშავე, რომ თავი დამემკვიდრებინა. მაშინ ძალიან რთული იყო ქართულ მედიაში თავის დამკვიდრება. კონკურენცია ისეთი იყო, როგორც არასდროს. დღემდე ვამაყობ, რომ იმ ჟურნალისტების კოლეგა ვარ.“ - ასე იხსენებს თავად ნანუკა, როგორ გაიარა გზა წარმატებისკენ ახალგაზრდა, მარტოხელა დედის ამპლუაში.
თამთა გოდუაძე - მომღერალი 14 წლის იყო, როცა პირველი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა. ის ცოლად გაჰყვა შმაგი ხაჭვანს. თამთასა და შმაგის გოგონა შეეძინათ, რომელსაც ანა დაარქვეს. განქორწინების შემდეგ მომღერალი საბერძნეთში გაემგზავრა შვილთან და დედასთან ერთად. თამთამ თავისი შესაძლებლობები ერთ-ერთი ბერძნული მუსიკალური პროექტის, "სუპერ აიდოლის" დამსახურებით გამოავლინა და პოპულარობაც მოიხვეჭა. სამშობლოდან წასვლის შემდეგ საქართველოში მისი მიღწევების შესახებ ცოტამ თუ იცოდა. მოგვიანებით, "X ფაქტორში" გამოჩენის შემდეგ, როცა მისი მოღვაწეობით ქართული პრესა დაინტერესდა, ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ მომღერალი წლების განმავლობაში წარმატებულად მოღვაწეობდა საბერძნეთში. მან საბერძნეთი "ევროვიზიაზე" წარადგინა.
ინგა გრიგოლია, იმის მიუხედავად, რომ ადრეულ ასაკში დაოჯახდა და ძალიან ახალგაზრდა გახდა დედა, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჟურნალისტია. ის და მისი ქალიშვილი დებს უფრო ჰ გვანან, ვიდრე დედა-შვილს.
ეკა ნიჟარაძე 19 წლის იყო, როცა ნიკო გომელაურზე დაქორწინდა. 20 წლის ასაკში ის ტასოს დედა, 2013 წელს კი, თინათინის ბებია გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა დედობის პასუხისმგებლობა აიღო თავზე, არც კარიერა დავიწყებია და დღეს საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობია.
ნინო ცქიტიშვილმა სამოდელო კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო. ის ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა ოჯახი შექმნა და პირველი ქალიშვილი შეეძინა, თუმცა სამოდელო საქმიანობაში 10 წელი აქტიურად იყო ჩართული. ნინო ამბობს, რომ ამ საქმიანობისთვის თავი საბოლოოდ დღემდე არ დაუნებებია. ცქიტიშვილმა თავისი ცხოვრება და კარიერა მთლიანად მოდას მიუძღვნა. მან სამოდელო სააგენტო „Look Modéls Managemént“-ი შექმნა. ის როგორღაც ოთხ შვილთან ერთად დღემდე ახერხებს შეინარჩუნოს წარმატებული კარიერა და ახალგაზრდული ფორმები.