"ქალების უმრავლესობა მასზე ძალადობას ან არ აღიარებს, ან ვერ ხვდება"
საქართველოში კარგა ხანია მუშაობენ ახალ კანონპროექტზე- "ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ" და, როგორც ამბობენ, მალე მიიღებენ კიდეც.
რა მდგომარეობაა ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში, როგორ ხდება ადამიანი მოძალადე?- ამ საკითხებზე ექიმი-ფსიქოთერაპევტი, საქართველოს ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის წევრი თამარ ხუბულავა გვესაუბრება:
- სტატისტიკის მიხედვით, აზიურ ქვეყნებში მოძალადეების როლში უმეტესად მამაკაცები გვევლინებიან, რაც ამ ქვეყნებში ნორმალურ საქციელად აღიქმება- იქ ოჯახური ძალადობა ჩვეულებრივი მოვლენაა.
რაც შეეხება დასავლეთ ევროპას, იქ ემანსიპაციის შედეგად მჩაგვრელი და მოძალადე ქალები მომრავლდნენ. ასე რომ, მოსაზრება, თითქოს მხოლოდ მამაკაცები არიან ტირანები, სწორი არ არის. თუმცა მამაკაცებისთვის დამახასიათებელია ლიდერობისა და ძალაუფლებისთვის ბრძოლისკენ სწრაფვა იმისთვის, რომ თავი გადაირჩინონ.
- თავის გადარჩენაში რას გულისხმობთ?
- მამაკაცი ცდილობს, წარმოჩნდეს როგორც პიროვნება და ლიდერი. მოგეხსენებათ, ქვის ხანაში მამაკაცი მტაცებელ ცხოველებს ებრძოდა და თავის გადარჩენას ცდილობდა. ეს თვისებები მამაკაცს დღემდე შემორჩა. ლიდერობა კი არის თვისება, რომელიც აგრესიულობასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე მზრუნველობასთან.
- საქართველოში ოჯახური ძალადობის ფაქტი ბევრია?
- საკმაოდ. არსებობს ძალადობის რამდენიმე სახეობა: ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური. სამწუხაროდ, საქართველოში სექსუალური ძალადობის ფაქტიც ბევრია. ოჯახებში გაცილებით ხშირად ხდება ფსიქოლოგიური ძალადობა, თუმცა ფიზიკური ძალადობა უფრო თვალში საცემია. ფსიქოლოგიურ ძალადობაში კი უამრავი რამ იგულისხმება, შეიძლება ის დაფარულად ხდებოდეს და ამას მსხვერპლიც ვერ ხვდებოდეს.
ფსიქოლოგიური ძალადობაა, როდესაც ერთი ადამიანი ეუბნება მეორეს, რას ჰგავხარ, რა უშნოდ გაცვია, რა უჭკუო ხარო. ფსიქოლოგიური ძალადობის მეთოდია ირონიული და ცინიკური მიმართვაც. ან კიდევ შედარება, ის რა ჭკვიანია, შენ კი ლენჩი ხარ, ის რა ლამაზია, შენ კი- მახინჯი და ა.შ.
მსგავსი ფსიქოლოგიური ძალადობა ბავშვებზეც ხორციელდება. ადრე ეს ყველაფერი ნორმალურად მიიჩნეოდა და იმას, რომ მშობელი მოძალადე იყო, ბავშვი კი- მსხვერპლი, ვერავინ ხვდებოდა. გამოჩნდნენ ორგანიზაციები, რომლებმაც წლების განმავლობაში იმუშავეს ამ საკითხზე და დღეს, ბავშვს რომ დაუყვირო, დანაშაულად მიიჩნევა.
- საქართველოში ბევრი ქალია ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი?
- ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, რადგან ქალების უმრავლესობა მასზე ძალადობას ან არ აღიარებს, ან ვერ ხვდება. ჩვენთან ხომ მთავარია, მეზობელმა არ გაიგოს ოჯახის ამბები და ყველაფერს აიტანენ.
მოძალადეა არასრულფასოვნების კომპლექსის მქონე ადამიანი, რომელსაც თავდაჯერებულობა აკლია და ჰგონია, რომ თუ სხვა დაჩაგრავს, მასზე კარგი გამოჩნდებასაზოგადოებაში. ასეთი ადამიანი ილუზიას იქმნის, რომ ხელთ მართვის ბერკეტები აქვს და ძალადობს როგორც ოჯახში, აგრეთვე სამსახურში.
- როგორ ხდება ადამიანი მოძალადე?
- სხვადასხვა მიზეზით. ძირითადად, როდესაც ბავშვობიდან უყურებს, როგორ ძალადობს მამა დედაზე ან პირიქით. ან, როცა მშობლები ძალადობენ მასზე. ასეთ შემთხვევაში ბავშვში ილექება მოძალადის ფსიქიკა, რასაც ზრდასრულობისას ავლენს. მოძალადე ოჯახში აღზრდილი ბავშვიც მოძალადე ხდება.
- მსხვერპლის ფსიქოლოგია როგორია?
- მსხვერპლის ფსიქოლოგია უკვე სხვა ფენომენია. ზოგჯერ ახლობლები ხედავენ, რომ ოჯახში არის ძალადობა, მაგრამ ხშირად მსხვერპლი მათ დახმარებას არ სთხოვს, პირიქით, მოძალადეს ამართლებს და მის დაცვას ცდილობს. მსხვერპლს ეს ისევ და ისევ მოძალადისგან აქვს შთაგონებული და სჯერა, რომ მოძალადის გარეშე არაფერია.
ეს არის მსხვერპლისა და მოძალადის მყარი ტანდემი, რომელიც საკმაოდ ხშირია. ასეთ შემთხვევაში მსხვერპლს უყალიბდება ფსიქოლოგია, რომ არასრულფასოვანია და მოძალადისგან ასეთ დამოკიდებულებას იმსახურებს.
- რაც შეეხება მოძალადე ქალებს...
- ქალები უფრო ფსიქოლოგიური მოძალადეები არიან, ვიდრე ფიზიკური. ვინაიდან საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური ვითარება სახარბიელო არ არის და მაღალია უმუშევრობის დონე, შესაბამისად, მამაკაცების უმეტესობა ქალებზეა დამოკიდებული, ფსიქოლოგიურ ძალადობას ქალები უფრო მიმართავენ.
მამაკაცისთვის ყოველდღე იმის თქმა, რომ უმაქნისია, ქალის გარეშე რა ეშველებოდა და ა.შ. მას თრგუნავს და ისღა დარჩენია, უსაქმურობასთან ერთად ალკოჰოლსაც მიეძალოს. რაც მთავარია, ფსიქოლოგიური ძალადობა მამაკაცში იწვევს აგრესიას და ის გადადის ფიზიკურ ძალადობაზე.
ასეთ შემთხვევაში გარეშე პირები მამაკაცს მიიჩნევენ მოძალადედ. კი ბატონო, იმ მომენტში მამაკაცი ძალადობს ქალზე, მაგრამ ამგვარი მოქმედების მიზეზიც ხომ უნდა ვიკითხოთ?!
გარდა ამისა, ოჯახში შეიძლება იყოს ფსიქოლოგიურ-სექსუალური ძალადობაც. ხშირად მოძალადე ცდილობს, სექსუალურ აქტამდე დათრგუნოს პარტნიორი, შემდგომ თავი კარგად იგრძნოს და არასრულფასოვნების კომპლექსი თუნდაც წამიერად დაძლიოს.
ამ შემთხვევაში მოძალადე პარტნიორს უდიერად მოიხსენიებს, ეუბნება, რომ არ ვარგა სექსში და ამით ერთგვარად ახდენს მსხვერპლის პოტენციის დაქვეითებას, რის გამოც მსხვერპლი ხშირად უარს ამბობს მოძალადესთან სექსუალურ კავშირზე.
ამ ყველაფრის გამო მოძალადეში სხვა სახის აგრესია იღვიძებს და პარტნიორს აუპატიურებს ან სცემს. ამ საქციელით მოძალადე ორმაგ სიამოვნებას განიცდის, რასაც ფსიქოლოგიაში მანკიერების წრეს უწოდებენ.
- როგორც ვიცი, საქართველოში ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მალე ახალ კანონს მიიღებენ.
- კარგია, რომ ასეთ ძალადობას მიენიჭება დანაშაულის სტატუსი, მაგრამ მოძალადის იზოლირება გამოსავალი არ არის. ეს საკითხი სხვაგვარად უნდა გადაწყდეს და არა მოძალადის დაპატიმრებით.
ის ხომ რამდენიმე წლის შემდეგ ციხიდან გაცილებით აგრესიული გამოვა?! თუმცა ამ კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ უმწეო ადამიანს ეცოდინება, რომ მას კანონდამცველები დაეხმარებიან.
ესაუბრა ნინო მაისურაძე
გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)