ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი - ეს არის სრული დასახელება იმ კლინიკისა, რომელსაც ყველა ინფექციური საავადმყოფოს სახელით მოვიხსენიებთ და ბოლო პერიოდში, ვირუსების გამწვავების ფონზე, დაწესებულება და მისი დირექტორი - თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებისა და მედიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა.
ცერცვაძე ერთ-ერთია, ვისაც თითქმის ყოველდღე უწევს საზოგადოების წინაშე გამოსვლა და კორონავირუსთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩაყენება. ასევე ერთ-ერთია, ვისი პროფესიონალიზმისა და სიმშვიდის იმედი აქვს საზოგადოებას.
გთავაზობთ ჟურნალ "გზის" მიერ ჩაწერილ ინტერვიუს, სადაც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი კარიერაზე, უცნაურ ჰობიზე, მეუღლეზე საუბრობს, რომელიც ასევე ექიმია:
- ჩემი ინტერესის სფერო სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარი იყო. ახალგაზრდობისას ნადირობა მომწონდა, ახლა დიდი ხანია, აღარ მინადირია. სპორტში ოფიციალურად დაკავებული არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ვთამაშობდი კალათბურთს და მაგიდის ჩოგბურთს, ჭადრაკში კი სპორტის ოსტატობის კანდიდატის ტიტული მქონდა. ახლა, როდესაც ასაკში შევედი - 70 წელს გადავცილდი, აღარც დრო მრჩება და აღარც ენერგია, რომ სპორტით დავკავდე ან ვინადირო. ახლა ჩემი ჰობი ბუების შეგროვება გახდა, 1000-ზე მეტი ეგზემპლარი მაქვს.
რატომ მაინცდამაინც ბუ?
- გულწრფელად გითხრათ, თავისით მოხდა ასე, თუმცა, მერე რომ დავფიქრდი, ალბათ ნადირობის გავლენაა, რადგან ბუ ყველაზე კოლორიტული, განსხვავებული ფრინველია და რაღაცნაირი გამოხედვა აქვს. სხვები დღისით აქტიურები არიან, ნადირობენ, ღამე სძინავთ, ბუ კი პირიქითაა. ბევრი ლეგენდაა, რომ ბუ ბრძენი ფრინველია და ა.შ. მე რა ბუებიც მაქვს აქ, ნახევარზე მეტი წიგნზე ზის ან მაგისტრის ქუდი ახურავს, რაც სიბრძნესთან, მეცნიერებასთან ასოცირდება. უცხოეთში ხშირად მიწევს სიარული და თავიდან, რამდენიმე ბუ იქიდან ჩამოვიტანე.
მერე ჩემი ამ გატაცების შესახებ მეგობრებმა და პაციენტებმა რომ გაიგეს, ისინიც მჩუქნიდნენ... ახლა დირექტორი და ხელმძღვანელი ვარ და ძირითადად, რთულ შემთხვევებში ვუწევ კონსულტაციას, მაგრამ თავის დროზე, 20-30 ათასი პაციენტი მყავს გატარებული და არასოდეს, არც ერთისგან არც ფული ამიღია, არც ფასიანი საჩუქარი. ეს იციან, მაგრამ უნდათ, რაღაცით პატივი მცენ და ერთმანეთს გადასცეს, - აი, ბუს თუ მიუტან, უარს ვერ გეტყვისო.
გაგრძელება