ტელეწმაყვანმა გვანცა დარასელიამ თითქმის სამი წელია თბილისი დატოვა და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად მცხეთაში გადავიდა. ეს გახლავთ სამთავროს მონასტერთან ახლოს მდებარე კომპლექსი, სადაც კერძო, ლამაზი სახლები ერთმანეთის მიჯრითაა აშენებული. დაცული ეზო, აუზი და არაჩვეულებრივი ხედი ჯვრისა და სვეტიცხოვლის ტაძრებისკენ - კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს აქ ცხოვრებას.
გვანცამ ერთხელ უკვე უმასპინძლა „შინ“-ს თბილისურ ბინაში. მოგვიანებით მისმა სახლმა „შინ“-ის ღონისძიებაზე ნომინაციაში „შინის რჩეული სახლი“ გაიმარჯვა და ჯილდო გადაეცა, რომელიც ტელეწამყვანის ახალ სახლსაც ამშვენებს. ერთგულმა რესპონდენტმა, რასაკვირველია, ახლაც არ გვითხრა უარი და მცხეთის სახლში საინტერესო ექსკურსია მოგვიწყო.
- მოხდა ისე, რომ ჩემს მეუღლეს მიეცა შესაძლებლობა, ამ კომპლექსის მშნებელობაში ჩართულიყო. კერძო სახლი ვახოს ყოველთვის უნდოდა, ამ ფაქტის შემდეგ კი არც დაფიქრებულა, ისე დაიწყო მშენებლობა. სიახლეებს მე ცოტა რთულად ვეგუები, მით უმეტეს, როცა ყოველდღიურ რეჟიმში მიწევს სამსახურში სიარული, ბავშვის ტარება, ამიტომ ჩემთვის უფრო რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, ვიდრე მისთვის, მაგრამ გადმოსვლის დღიდან ძალიან შევეჩვიეთ და უფრო მეტი კომფორტიც გვაქვს, არანაირად არ ვფიქრობთ თბილისში დაბრუნებას.
სხვათა შორის, რომ დავქორწინდით, მაშინაც ვეძებდით კერძო სახლს, რამდენიმე ვნახეთ კიდეც, მაგრამ ყველაზე უარი ვთქვი, რადგან ძალიან იზოლირებულად ყოფნა არ მიყვარს. ეს კომპლექსი იმიტომ მომწონს, რომ მარტო არ ხარ, ბევრმა ჩვენმა მეგობარმა შეიძინა აქ სახლი, თითქმის სულ ახლობლები ვცხოვრობთ, თან ყველას დაახლოებით ერთი ასაკის შვილები გვყავს და არ ვიწყენთ, ერთ სივცრეშია ჩვენი სახლები მოთავსებული, მაგრამ ამავდროულად, იზოლირებულებიც ვართ. სულ ჟრიამულია, ხან ერთთან ვიკრიბებით, ხან - მეორესთან, ასე რომ, ერთ დიდ ოჯახად ვცხოვრობთ.
ეზო დაცულია, გვყავს დაცვა, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავს.
გაგრძელება