ოთხივე ცოლი იჯდა ერთმანეთის გვერდით და ისე იცრემლებოდნენ, ბევრი ინატრებდა ვალოდიას ადგილზე წოლას.
მეგობარმა მთხოვა და ბაბუის ძმის დაკრძალვაზე გავყევი.
- წამოდი და არ ინანებ! - ეშმაკურად ჩამიკრა თვალი. - ცხონებული ვალოდია სიცოცხლეშიც მოსიარულე კურიოზი იყო და სიკვდილის შემდეგაც ქვეყნის სალაპარაკო გაიხადა თავი. არც ის გამიკვირდება, თუ გამწარებული ქალები დაუმარხავს დატოვებენ...
- ვინ ქალები?! - გაკვირვებულმა გადავხედე მეგობარს.
- ვინ და ცოლები... ზოგი კაცი ერთს რომ ვერ უვლის, ვალოდიას ოთხი ჰყავდა და ოთხივესთან ისე აგვარებდა ურთიერთობას, ქალებს კარგა ხანს წარმოდგენა არ ჰქონდათ ერთმანეთის არსებობაზე.
- ეგ როგორ?! - დავინტერესდი და კარადიდან შავი კაბა გამოვიღე, ასეთი შემთხვევებისთვის საგანგებოდ შეძენილი.
- მრავალშვილიანი ოჯახიდან იყო და მაშვალს სთხოვა ისეთი ოჯახი, სადაც ჩაესიძებოდა. მალე მოუძებნეს ქალი. მართალია, შვიდი წლით იყო უფროსი, მაგრამ რადგან დედისერთა იყო, დაუფიქრებლად შეურთავს ცოლად ქეთო, რომელმაც სამი შვილი გაუჩინა და ამასობაში ისე გასუქდა, ადგილი აღარ დაუტოვა საწოლში.
ქეთოს მამა პურის მცხობელი იყო და ხელობა სიძესაც ასწავლა. ქალაქში წასვლაშიც დაეხმარა, სოფელში რომ შემოაკლდათ კლიენტი.
თავიდან ბათუმში იყო და ნათელა იქ გაიცნო. მარტო ცხოვრობდა ადრე დაქვრივებული, პატარა გოგონასთან ერთად. რას წარმოიდგენდა ვალოდია, თუ ქალი სახელის გატეხას არ მოერიდებოდა და წლისთავზე ტყუპ ბიჭს გაუგორებდა?!
პატიოსანი კაცი იყო, ამიტომ ბავშვებს გვარიც მისცა და არც მშივრები დაუტოვებია. ეგ კი არა, ქალაქში წამოსულს ქეთო საგზალს რომ გამოატანდა, ისიც ნათელასთან მიჰქონდა...
ბათუმიდან ქუთაისში წავიდა. ვერც იქ შეიკავა თავი და რადგან იმ ბინის პატრონი, სადაც ოთახი იქირავა, გაუთხოვარი აღმოჩნდა, კი "წაუცდა ხელი" და საბოლოოდ ორმოცი წლის თამარამ ხუთკილოიანი ბიჭი გაუჩინა. პარლამენტარია ახლა ის კაცი და ლამის პანთეონში მოინდომა მამის დასაფლავება, დანარჩენ ცოლებს და ნახევარ და-ძმებს რომ არ გაეწიათ წინააღმდეგობა...
მეოთხე ცოლი კი თბილისში ჰყავს, ეროვნებით სომეხი. იმდენი ოქრო-ვერცხლი ჰქონდა თურმე გათხოვებაზე მეოცნებეს, ოღონდ გათხოვილიყო და მთელი თავისი ძვირფასეულობა მზითვად მიართვა ვალოდიას. იმანაც ბიჭი გაუჩინა - არტურა. დიდი კაცია ახლა ერევანში. რომ გაიგო, მამა გარდაიცვალაო, იტალიური კუბო ჩამოუტანა...
არ ვიცი, როგორ ახერხებდა, მაგრამ ვალოდია ისე ცხოვრობდა ოთხივესთან, სანამ წნევამ არ დაარტყა და საავადმყოფოში არ მოხვდა, ქალებმა ერთმანეთის შესახებ არაფერი იცოდნენ. ქუჩაში წაქცეულა და ჯიბეში ნაპოვნ ბლოკნოტში უნახავთ უცნაურად ჩაწერილი ტელეფონის ნომრები: ცოლი - ქეთო, ცოლი - თამარა, ცოლი - ნათელა, ცოლი - ვალია... დაბნეულმა ექიმებმა ვერაფერი გაიგეს და სათითაოდ დაურეკეს ოთხივეს...
ლამის ცოცხლად დამარხეს საწყალი, როცა ერთმანეთს შეხვდნენ და სიმართლე გაირკვა, მაგრამ შვილები ჩაუდგნენ შუაში - მამაა, არც სიყვარული დაუკლია და არც მოფერება, თან, ამოდენა საჩუქარი მოგვართვა ერთმანეთის სახითო! გაგრძელება