ამბავი სიკეთესა და ბოროტებაზე. "თუ გცალია, ერთ გრძელ ამბავს უნდა მოგიყვე. ვიცი, საინტერესო იქნება "გზის" მკითხველისთვის", - მეუბნება ახალგაზრდა ქალი. მოსმენას წინ რა უდგას და ვემზადები მონათხრობის დეტალების ჩასანიშნავად. ამბავი მართლაც რომ გულისამაჩუყებელი და საინტერესოა. მენდეთ, ღირს წაკითხვად:
"ორი წლის წინ დედას მივაკითხე. სამსახურისა და ჩემი ოჯახის გამო მშობლებს იშვიათად ვნახულობდი. სოფლად მოზრდილი, კოხტა სახლი გვაქვს. დედას ოთახის ყვავილები უყვარდა და ლამაზი საყვავილე ქოთანიც ბევრი ჰქონდა ფანჯრის რაფებზე. სახლში შესულს
თვალში მომხვდა საღებავის სამლიტრიანი კოლოფი, რომელიც მიწით იყო ამოვსებული და ციცქნა ნერგი მის შუაგულში საბრალოდ გამოიყურებოდა. როდის აქეთ დაიწყე, დედა, კოლოფებით ყვავილების გახარება? - ვკითხე გაოცებულმა. შენ არ იცი, რამდენად ძვირფასია ეგ ჩემთვისო, მითხრა ჭაღარაშერეულმა და ოდნავ შესამჩნევი ღიმილით სახე გაულამაზდა.
დედამ იმ საღამოს ბუხრის წინ პატარა მაგიდა დადგა და ჩაი შემომთავაზა. ალუბლის მურაბა, რომლის მოდუღებაში ბადალი არ ჰყავდა, პიკანტურ გემოს აძლევდა სასმელს. მამა მალე გაგვშორდა, ქალებს სალაპარაკო გექნებათო და რაღაც წიგნი საძინებელში გაიტანა, სათვალე ცხვირზე დაისკუპა სასაცილოდ, როგორც სჩვეოდა!
გახსოვს თუ არა ჩვენი შეთე ხიჩილოო? - მკითხა დედამ. მახსოვდა, როგორ არა. ვიცოდი, რომ ხვიჩა ერქვა, გონებასუსტობის გამო შეთე ხიჩილო შეარქვა ვიღაცამ და ნამდვილი სახელი აღარც კი ახსოვდა სოფლად ბევრს. უცნაურია, მაგრამ ბევრი ჭკუათმყოფელი არ იყო ისე საიმედო, როგორც ხიჩილო. დაკარგულ პირუტყვსაც ადვილად პოულობდა, შეშასაც აპობდა, ბარავდა, ვაზსაც აწამვლინებდა ოჯახს და ბევრ ისეთ საქმეს ინელებდა მისი მარჯვენა, რაც სოფელში მცხოვრებს მუდამ გააჩნია. ცოლის მოყვანა მინდაო, ყველას ეუბნებოდა. ერთხელაც, რომელიღაც ოხუნჯს უკითხავს, რად გინდა, შეთე, ცოლიო? დედაჩემი და მამაჩემი მეუბნება, გინდაო და მეც ვუჯერებო... გავიდა დრო და ხიჩილომ მართლა მოიყვანა ცოლი. მერე ზედიზედ სამი შვილიც გასჩენიათ, ლამაზები და ჯანმრთელები. აქოთქოთებულან სოფლის ყბედი დედაკაცები, არ წამოაყენა ხიჩილომ ეს დაქცეული ოჯახი ფეხზეო? ხიჩილოს დედა, ციცინო ერთი როყიო და ძლიერი ქალი იყო. წელში გაწყვეტილი და მხრებში გაგანიერებული უფრო კაცს ჰგავდა, ვიდრე ქალს. ზოგჯერ კაცივით სვამდა, ხარივით მუშაობდა და თვალში ვინც არ მოუვიდოდა, კაციან-ქალიანად, განურჩევლად გვერდებსაც მიუჟეჟავდა ხოლმე. ეს ერთგვარი გასართობიც იყო: ციცინოს გალახული სოფლად ბევრი დადიოდა და უმეტესად ისინი, ვინც მის შვილს დასცინოდა!..
ჩაის ფინჯნების დაცლამდე დედამ მითხრა, ეს პატარა ყვავილი, ვიდრე იყვავილებს, მე ცოცხალი არ ვიქნები, მაგრამ აუცილებლად მოუფრთხილდით, ამაზე უკეთესი არაფერი მრჩება ამ სახლშიო. გაბრაზებულმა გავუქნიე თავი და თურმე, მართალი იყო დედაჩემი...
ხიჩილოს სამი ბავშვი სკოლაში დადიოდა უკვე, - მითხრა დედამ, - როცა ციცინოსთვის ჩაუწვეთებია მეზობელ ქალს, შენი რძალი კარგ საქმეს არ შვრება, დედამისის შვილია, ყურადღება მიაქციეო. ხიჩილოს ცოლი ტანწვრილი ქალია, მსუბუქად გადადიოდა ყანიდან ვენახში, ტყიდან ველზე, ყველგან საქმე და შვილები დასდევდნენ, ხიჩილოც ადევნებდა თვალს (მგონი სიყვარულით!) და უცებ, ეჭვის ჭია გაჩნდა, რომელმაც დედამთილის გულს დაუწყო ხვრა. ათასჯერ ვუთხარ, ნუ ლაპარაკობ, ქალო, ცოდვას, განა სოფელს ნამუსი დაელია, თუ შენს რძალს ჭკუა დაეწრიტა-მეთქი? არაო, არაო, საეჭვო კი აღარაფერია, აი, მეზობლის ქორწილშიც კი დავინახე, როგორ უყურებდა კაცებს, მერე უფროსკლასელ ბიჭებსაც ეცეკვა და ბოლოს დავინახე, ლადიასთან ერთად სიბნელეს რომ შეერწყა და გვიანობამდე არ გამოჩენილაო. გაგრძელება