ზურა დოიჯაშვილის მეუღლე ქეთი ვადაჭკორია მეუღლის შესახებ საუბრობს და იხსენებს, რომ რეანიმაციაში მეორე ნახევრის გვერდით 247 დღე გაატარა.
მისი თქმით, ბინის საკითხი ისევ მოუგვარებელია, თუმცა როდესაც ზურას უვლიდა, ამ პრობლემაზე ნაკლებად ფიქრობდა.
"ზურა ოცნებობდა, რომ საქართველოში ცოცხალი დაბრუნებულიყო, მაგრამ ეს სურვილი ვერ ავუსრულე. მცდელობა ძალიან დიდი იყო, თუმცა ვერ მოხერხდა... ეს ჩემს ძალებს აღემატებოდა, თორემ უკან ვერაფერზე დავიხევდი", - ამბობს ქეთი.
მისივე თქმით, როცა ზურა გარდაიცვალა, სამივე შვილი საქართველოში იყო და ვერ შეძლეს მამასთან გამომშვიდობება.
"მხოლოდ ყურმილის მიდებით დაემშვიდობნენ. ზურას ბოლო რამდენიმე დღე აღარ ესმოდა, თორემ მანამდე იგებდა, რასაც ველაპარაკებოდი", - ამბობს ქეთი.
ზურა დოიჯაშვილის ცოლი ამბობს, რომ სახლთან დაკავშირებული პრობლემა ისევ პრობლემად დარჩა.
"ბინა ზურას მეგობრებმა მიქირავეს და ამ წუთას ნაქირავებში ვარ. ზურას ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, ამისთვის ნამდვილად აღარ მეცალა. ჩემი მიზანი იყო, ზურა ეტლში ჩამჯდარიყო და ეცოცხლა, თუმცა არ გამოვიდა. ყველაფერზე თანახმა ვიყავი, აპარატით ეცოცხლა, მაგრამ ეცოცხლა, - არც ეს გამოვიდა. ამ ცხრა თვის განმავლობაში ბინაზე ვფიქრობდი-მეთქი, მოგატყუებთ. არც ის ვიცი, რა იქნება მომავალში…“ - ამბობს ქეთი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას.