ნუკი კოშკელიშვილი ერთი წელი, ბავშვთან ერთად, საქართველოში, მეუღლისგან შორს იმყოფებოდა და კორონავირუსის გამო ამერიკაში წასვლას არ ჩქარობდა, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და მთელი ოჯახი მალევე დაინფიცირდა. როგორ გრძნობენ თავს იზოლაციაში და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
- ნუკი, როგორ დაინფიცირდით?
- ერთი წელი საქართველოში ვიყავი. ამერიკაში დავბრუნდი და მთელ ოჯახს კორონავირუსი შეგვეყარა. ბენს იანვარში ეკუთვნოდა ვაქცინის გაკეთება, ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდა, მაგრამ ვერ მოასწრო და მერე ჩადგა რიგში. არ დაიჯერებთ და ამ კვირაში გვიწევდა ვაქცინის გაკეთება და ვიდრე გავიკეთებდით, მანამდე შეგვეყარა. ჩემი მეუღლე საავადმყოფოში მუშაობს, პირდაპირი კავშირი აქვს დაავადებულებთან. ჯერ ბენს გადაედო, მისგან კი - მე და ბავშვს. ჩემს მეუღლეს უცნაურად - გულისრევით დაეწყო, მოწამვლა გვეგონა. მეორე დღეს სამსახურში წავიდა და იქ დაუდგინდა. მერე უკვე ხველა და მაღალი სიცხე ჰქონდა. ჯერ არ გამოვჯანმრთელებულვართ და შეიძლება ადრეა ლაპარაკი, არ ვიცი, კიდევ რა სირთულეები გვექნება, თუმცა შიშის ფაქტორი უფრო მეტია, თორემ სიმპტომებით ჩვეულებრივ გრიპს ჰგავს.
- ხშირად კამათობთ?
- მე და ბენი სულ ვჩხუბობთ. პერიოდულად ვცდილობთ, რომ ერთმანეთი დავხოცოთ. რაღაც საკითხებში იმდენად არ ვგავართ ერთმანეთს, რომ გამაღიზიანებელია. მე ძალიან სულსწრაფი ვარ, ბენი ათასჯერ დაფიქრდება და მერე გაჭრის. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერში მართალი მე ვარ. ბენსაც ჰგონია, რომ თვითონ არის მართალი.
- მშობიარობის შემდეგ ძალიან განიცდიდი წონის პრობლემას. მიხვედი სასურველ წონამდე?
- ხან მივალ იდეალურ წონამდე და ისეთი ლამაზი ვხდები, თვითონ არ მჯერა ჩემი სილამაზის; ხან ისე ვსუქდები, ვერ დავდივარ, ვქოშინებ. ახლა ვარ ქოშინის პერიოდში. წონა დეპრესიაში მაგდებს, იმიტომ, რომ არაფერი მიხდება. ახლაც მომატებული ვარ, მაგრამ D ვიტამინს ვსვამ და მაბედნიერებს. თან ვინ მიყურებს, შინ ვარ. "ინსტაგრამზე" ფილტრი მაქვს და ცხოვრება მშვენიერია. ბენი ჩემში ცუდს ვერაფერს ხედავს, დარწმუნებულია, რომ ანჯელინა ჯოლი მოიყვანა ცოლად. ზოგჯერ მგონია, რომ მატყუებს, მაგრამ აშკარად დარწმუნებულია, რომ ულამაზესი ვარ. მეუბნება, რა საოცარი კანი გაქვსო და ამ დროს რომ დავდივარ, ცელულიტი შლეიფად დამყვება.
- ხომ არ ეუბნები, რომ ასე არ არის?
- არავითარ შემთხვევაში. ვეუბნები, რომ ეს არის სილამაზე, ცელულიტი ნიშნავს ქალურ სიძლიერეს-მეთქი და სჯერა.
იხილეთ სრულად