ნინუცა მაყაშვილი ყველასთვის კარგად ნაცნობი და ბევრისთვის საყვარელი მსახიობია. ის ტელეეკრანზეც ხშირად ჩანს და დადებითი განწყობითა და ენერგიით მაყურებლებსაც მუდმივად ახალისებს. მიუხედავად ასეთი იმიჯისა, ნინუცას პირად ცხოვრებაშიც იყო სირთულეები, რომელთა შესახებაც ხმამაღლა არასდროს ულაპარაკია, თუმცა გადაცემა „ფარულ კონვერტში“ მან მსახიობ ბესო ზანგურთან ქორწინებასა და დაშორების მიზეზებზე ისაუბრა:
„არასდროს მიფიქრია, რომ მე გავხდებოდი ერთ-ერთი მათგანი, ვისაც ცხოვრებაში ეს შეემთხვეოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ სამყარო ჩემ გარშემო არც ისეთი ვარდისფერია, როგორიც მეგონა“ - თქვა ნინუცამ.
ნინუცა მაყაშვილი 19 წლის ასაკში გათხოვდა. ის ბესო ზანგურისთვის მეორე ცოლი იყო. როგორც ნინუცა იხსენებს, პირველად მეუღლემ მასზე ფიზიკურად ორსულობის დროს, ოჯახის წევრების თვალწინ იძალადა. ძალადობა ქმრისგან ამ ფაქტის შემდეგაც გაგრძელდა, თუმცა ნინუცასთვის ამაზე ხმამაღლა საუბარი მაშინ ძალიან რთული და შეუძლებელიც კი აღმოჩნდა: „ვითმენდი, რადგან ძალიან მეშინოდა. მემუქრებოდა ოჯახის წევრებითაც. ამის შესახებ ვერავის ვუყვებოდი“ - იხსენებს მსახიობი.
პირადი ცხოვრების შესახებ ნინუცა ბევრს არ საუბრობს, მაგრამ სხვადასხვა ინტერვიუში განმარტავს, რომ ცხოვრების ეს ეტაპი მისთვის უკვე წარსულია და თავს ახლა კარგად გრძნობს. მოუხედავად ამისა, ყოფილ მეუღლეზე საუბარი და რთული დღეების გახსენება მისთვის 11 წლის შემდეგაც ემოციური აღმოჩნდა: „ძალიან მარტივია, სუსტი დაჩაგრო და ძალიან მარტივია ხელი დაარტყა მას, ვინც ხელს არ შემოგიბრუნებს. ახლა მე ჩემი თავის იმედი მაქვს, მაშინ არ მქონდა“ - ამბობს ნინუცა.
ნინუცა მაყაშვილმა მოახერხა, რომ ეს რთული გამოცდილება მისთვის ცხოვრების მაგალითი ყოფილიყო და ბევრი რამ სხვა თვალით დაენახა. ახლა ის უამრავი ადამიანისთვის საყვარელი მსახიობი და ტელესახეა. ნინუცა მაყურებლებისთვის პოზიტიურობასთან, ენერგიულობასთან, დადებით განწყობასთან ასოცირდება და სხვებსაც ურჩევს, რომ არასდროს გაჩერდნენ იქ, სადაც თავს არაკომფორტულად გრძნობენ: „მე კარგად მესმის ყველა ქალის, ვინც ახლა მსგავს სიტუაციაშია და ფიქრობს, რომ ეს მისი ბედია. ვთხოვ მათ, რომ მოიკრიბონ ძალა და ამ ყველაფერს შეეწინაღმდეგონ“.