ინგა ჟორჟოლიანის ცხოვრება მოულოდნელად 14 წლის წინ, საქართველოში შეიცვალა. ქალი, რომელიც მხოლოდ სწავლასა და კარიერაზე ფიქრობდა, მოულოდნელად არჩევანის წინაშე აღმოჩნდა... ამერიკელი დიპლომატის შონ ქერსის გრძნობები იმდენად ძლიერი იყო, რომ წყვილის სიყვარულის ისტორია სვეტიცხოველში ჯვრისწერით გაგრძელდა.
შონ და ინგა ქერსები უკვე წლებია ამერიკაში ცხოვრობენ. მათი ყოველდღიურობა ძალიან ფერადია, ზრდიან ორ შვილს, მოგზაურობენ. შონი ახლა თავდაცვის სფეროში მუშაობს, მეტის თქმა მეუღლის შესახებ არ შეუძლია. თავად კი გლობალურ ეტიკეტს ასწავლის და ბედნიერია, რომ მისი სრული კურსი ერთ-ერთი ამერიკელი გენერლის მეუღლესაც აქვს გავლილი.
- ქართულ ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, მთავარი ღირებულებით: "ყველა წარმატება ფუჭია, სათნოების გარეშე", რასაც ჩემი მშობლები ყოველდღიურად გვახსენებდნენ. საქართველოში ფილოსოფიის სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნეს მენეჯმენტის განათლება მივიღე. პარალელურად ვსწავლობდი უცხო ენებს და ვმუშაობდი თარჯიმნად. პატარა ასაკში რთული იყო საპასუხისმგებლო სამსახურისა და სწავლის დაბალანსება. ცოტა დრო მრჩებოდა მეგობრებისა და გართობისთვის, თუმცა ადრეულ ასაკშივე მქონდა გააზრებული, რომ სწავლა-განათლება და ბევრი შრომა აუცილებელი იყო წარმატებისთვის.
- მეუღლის გაცნობის ისტორია მოგვიყევით...
- ჩვენი გაცნობის ისტორია ფილმის სიუჟეტს მოგაგონებთ. შონი საქართველოში გავიცანი. ჩემი იმჟამინდელი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, პირადი ცხოვრება ნაკლებად მაინტერესებდა, 23 წლის ასაკში ოჯახის შექმნაზე არც მიფიქრია. ერთ დღეს, მეგობარმა ვახშამზე დამპატიჟა, ბოდიში მოვუხადე და უარი ვუთხარი, რადგან მეორე დღეს გამოცდები მეწყებოდა, თუმცა ბოლოს მაინც დამითანხმა, რომ ცოტა ხნით მაინც მივსულვიყავი. ვახშამზე მიწვეული იყო შონიც. მისვლისთანავე გამეცნო, ბევრი ვილაპარაკეთ, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს დიდი ხნის მეგობრები ვიყავით. ადვილად მისახვედრი იყო, რომ მოგვეწონა ერთმანეთი. შონი იმ დროს სამხედრო დიპლომატი იყო, მოკლევადიანი მისიით გახლდათ საქართველოში. დამშვიდობებისას მთხოვა, რომ მეორე დღეს შევხვედროდი, რაზეც უარი ვუთხარი, რადგან მთელი დღე უნივერსიტეტში უნდა ვყოფილიყავი. მან ჩემი აღფრთოვანება მეორე დღესვე მოახერხა მისთვის უცხო ქვეყანაში - გაღიმებული უნივერსიტეტის კარებთან დამხვდა, სიცილით მითხრა, რომ მთელი ღამე ვერ დაიძინა, დაღლილი იყო, მაგრამ ასევე ძალიან ბედნიერი.
ასე დაიწყო ჩვენი თავგადასავალი და სიყვარულის ისტორია. მოკლე დროში შეძლო დავერწმუნებინე, რომ ნამდვილი სიყვარული იპოვა. საქართველოს დატოვებამდე ერთი დღით ადრე მკითხა, თუ სად იყო ყველაზე ლამაზი და ჩემთვის მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც მეორე დღეს უნდა შევხვედროდით. მუხლი მოიყარა და მითხრა, რომ მთელი ცხოვრება ჩემთან გატარება სურდა. მკითხა თუ ვარ თანახმა, რომ Mrs. Kersey და მისი მეუღლე გავმხდარიყავი. დავიბენი, ვთხოვე ცოტა დრო მოეცა, რაზეც მიპასუხა - ცოტა არა, მთელი ცხოვრება დაგელოდებიო... ამის შემდეგ უყოყმანოდ დავთანხმდი.
მალევე შევუდექით საქორწილო სამზადისს. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო ქორწინება ჯვრისწერის გარეშე, შონი კათოლიკე იყო, შევთავაზე, რომ მართლმადიდებლურად მონათლულიყო. მითხრა, ჩვენი შეხვედრა უფლის ნებაა და მზად იყო ერწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი.
ქორწილის დღეს ჯერ მოინათლა და შემდეგ ჯვარი დავიწერეთ სვეტიცხოველში, სადაც წლების მერე ასევე მოინათლნენ ჩვენი შვილები.
- ახლა რას საქმიანობთ?
- სწავლას ვაგრძელებ მაგისტრატურაში. ასევე ვასწავლი გლობალურ ეტიკეტს და ვმუშაობ ეტიკეტის სკოლის ჩამოყალიბებაზე. ძალიან მიყვარს ეს საქმე, რადგან ადამიანებს ვეხმარები, რომ გახდნენ უფრო თავდაჯერებული და არ შეუშინდნენ გზას წარმატებისაკენ.
ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანთან მიწევს ურთიერთობა, ამ შესაძლებლობას ყოველთვის ვიყენებ ჩემი ქვეყნის დასავლეთისკენ ინტეგრაციისთვის. ბევრ საინტერესო ადამიანებს შორის, ვაშინგტონში, ამერიკის ერთ-ერთი გენერლის მეუღლესაც აქვს ჩემთან დასავლური ეტიკეტის სრული კურსი გავლილი. რითაც განსაკუთრებით ვამაყობ. ასევე, მაქვს ბლოგი, სადაც ვწერ ეტიკეტის, მოდის და ცხოვრების წესის შესახებ. წერა ბავშვობიდან ჩემი ჰობია.