ქართველმა ინფლუენსერებმა და იუთუბერებმა იკამ და ნათიამ საზოგადოებას თავი ჯერ კიდევ წლების წინ გააცნეს. მოსიყვარულე ცოლ-ქმარი დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილი ინფლუენსერია და მათი რეიტინგი დღითი დღე იზრდება.
სულ ცოტა ხნის წინ იკამ და ნათიამ 8 წლის წინანდელი ოცნება აიხდინეს და საკუთარი ბინა იყიდეს. წყვილი ამისთვის ბევრს შრომობდა და მათ ცხოვრებაში ეს ნანატრი დღეც დადგა.
იკა და ნათია რამდენიმე წელი თურქეთში ცხოვრობდნენ, წყვილს ერთმანეთი სწორედ იქ შეუყვარდა. როდესაც საკმარისი თანხის დაგროვება შეძლეს, გადაწყვეტილება მიიღეს და საცხოვრებლად საქართველოში დაბრუნდნენ.
ერთხელაც, სრულიად მოულოდნელად, სოციალურ ქსელში მოსიყვარულე წყვილის ვიდეო გავრცელდა. ვირუსულად მოდებული სახალისო ვიდეო იკანათიასთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდა. სწორედ იმ დღიდან მოყოლებული, იკანათია საქართველომ გაიცნო. ინფლუენსერებმა ერთად თანაცხოვრების შემდეგ ქორწილიც გადაიხადეს და უკვე 2 წელია მათ ცხოვრებას პატარა გოგო - ნიცა შეემატა.
როგორც უკვე აღვნიშნე, იკანათიამ სოციალურ ქსელში გამომწერებს საოცარი სიახლე ამცნო. 8-წლიანი ლოდინის შემდეგ წყვილმა სახლი იყიდა.
"ჩვენი რვა წლის მოტივაცია, ოცნება და მიზანი ახდა. რამდენიმე დღის წინ ვიყიდეთ ბინა, ჩვენ საკუთარი სახლი გვაქვს" - ამბობს ვიდეოში ნათია.
"ამ დღეზე ვფიქრობდით მთელი ცხოვრება, მაგრამ თურმე წარმოდგენაც არ გვქონდა რეალურად რა შეგრძნებაა, როცა აცნობიერებ, რომ ამდენი წლის შრომას და წვალებას უშედეგოდ არ ჩაუვლია. ემოციების გადმოცემა სიტყვებით ძალიან რთულია. იბრძოლეთ ბევრი, ოცნებები არ მოაქციოთ ჩარჩოებში, რადგან ყველაფერი შეგიძლიათ. ჩვენ თუ ეს შევძელით, თქვენც აუცილებლად ყველა დასახულ მიზანს მიაღწევთ. და ეს ჯერ კიდევ დასაწყისია წინ უამრავი გეგმა და მიზანია, რომელიც სულ მალე რეალობად იქცევა" - წერს წყვილი სოციალურ ქსელში.
ამ სიახლეს იკანათიას გამომწერებისგან ბევრი თბილი კომენტარი და ემოცია მოჰყვა. წყვილი სოციალურ ქსელში აქტიურობას განაგრძობს. იკანათიას ერთგული გამომწერები სხვა ბევრ სიახლესაც ელიან.