ახალგაზრდა ჟურნალისტს, თორნიკე კვერენჩხილაძეს საზოგადოება ტელეეკრანებიდან კარგად იცნობს. ის სხვადასხვა დროს „აჭარის ტელევიზიასა“ და „მეცხრე არხზე“ მუშაობდა, მოგვიანებით კი „იმედის“ ეთერში საინფორმაციო გამოშვების წამყვანიც იყო. „იმედიდან“ წასვლის შემდეგ ძალები ტელეკომპანია „მაესტროში“ მოსინჯა, სულ ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ თორნიკე კვერენჩხილაძე „ტვ პირველის“ გუნდს შეუერთდა.
მრავალფეროვანი ჟურნალისტური გამოცდილების მიუხედავად, ის ბავშვობაში ყოველთვის დიპლომატობაზე ოცნებობდა და განათლებაც ამ მიმართულებით აქვს მიღებული.
სწორედ პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე სწავლისას გაიცნო თორნიკე კვერენჩხილაძემ თეო ყურაშვილი, რომელსაც, როგორც თავად არაერთ ინტერვიუში იხსენებს, ცოლობა პირველივე შეხვედრისას სთხოვა. თორნიკესა და თეოს ორი შვილი, ანასტასია და კატო ჰყავთ, თუმცა რამდენიმეწლიანი ქორწინების შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
თორნიკე კვერენჩხილაძე ხშირად აღნიშნავდა, რომ შვილებთან დიდ დროს ვერ ატარებდა. "ვხუმრობ ხოლმე, ანასტასია ტელევიზორიდან მიცნობს-მეთქი" - ამბობდა ჟურნალისტი ერთ-ერთ ინტერვიუში, თუმცა, ბოლო დროს ის ხშირად უზიარებს მეგობრებს შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. როგორც ჩანს, ისინი დროს მხიარულად ატარებენ და ერთად სოფელსაც სტუმრობენ.