დედობა, ცხადია, დიდი ბედნიერებაა, თუმცა მას თან სირთულეებიც ახლავს. საზოგადოებაში დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ „კარგი დედა“ მუდმივად ხალისიანი და ენერგიული უნდა იყოს, ბავშვი - ყოველთვის მოვლილი, სახლში წესრიგი და სიმშვიდე უნდა სუფევდეს და სამსახურიდან დაბრუნებულ ქმარს გემრიელი ვახშამი ხვდებოდეს. ახალბედა დედებისთვის ამ პასუხისმგებლობებთან გამკლავება ხშირად ხდება სტრესისა და ზოგჯერ ტანჯვის მიზეზიც კი.
მარინა, 34 წლის
"მეუღელსთან ერთად საცხოვრებლად ცალკე გადავედი. სამსახური დავტოვე და მთელი ჩემი ყურადღება ოჯახისკენ მივმართე. ჩვენ ორი შვილი გვყავს, 4 წლის ბიჭი და 2 წლის გოგო. ჩემი მეუღლე ბევრს მუშაობს, არც ძიძა გვყავს და ბავშვების აღზრდა მთლიანად ჩემზეა. სანამ გავთხოვდებოდი, ჩემი თავი წარმატებულ ქალად, იდეალურ, მზრუნველ და გაწონასწორებულ დედად და მეუღლედ წარმომედგინა, თუმცა რეალობა სულ სხვა აღმოჩნდა.
მშვიდად საპირფარეშოში შესვლის საშუალებაც არ მქონდა. შემეძლო, ორი კვირის განმავლობაში დაუბანელი თმით მევლო და სულ არ მაინტერესებდა, როგორი ტანსაცმელი მეცვა. გამიჩნდა აკვიატებული ფიქრები, რომ მე არასასურველი ცოლი და ცუდი დედა ვიყავი. ერთხელ, როცა ჩემი უმცროსი შვილი 4 თვის იყო, ფანჯრის რაფაზე ბავშვით ხელში გამომეღვიძა. ტირილი დავიწყე, როცა მივხვდი, რის გაკეთებას ვაპირებდი ძილში. იატაკზე დავჯექი და ამ დროს ოთახში ჩემი უფროსი ვაჟი შემოვარდა ყვირილით: „დედა, დედა, ნახე, რას ვაკეთებ!“. მიმოვიხედე და დავინახე ირგვლივ მიმოყრილი სათამაშოები, ბალიშები, ტანსაცმელი... ვიგრძენი, რომ საკუთარ თავს ვკარგავდი და ჩემი შვილები მანადგურებდნენ. ცოტა დროის გასვლის შემდეგ ამ ფიქრების ძალიან მრცხვენოდა, თავს დამნაშავედ ვთვლიდი, რომ ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებზე ასეთ რამეს ვფიქრობდი. სასწრაფოდ ქმარს დავურეკე და ვუთხარი, რომ დახმარება მჭირდებოდა. ერთ საათში დაბრუნდა სახლში და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დედაჩემი 1-2 თვის განმავლობაში ჩვენთან იცხოვრებდა.
როცა დედა დავინახე, პატარა გოგოსავით ტირილი დავიწყე. მინდოდა მუხლებზე დავმდგარიყავი და მაგრად ჩავხუტებოდი. როდესაც დედაჩემი მომეხვია, საოცარი სიმშვიდე ვიგრძენი. არც კი მინდა წარმოვიდგინო, რა მოხდებოდა, ჩემს ქმარს გულწრფელად რომ არ დავლაპარაკებოდი და არ ავუხსნიდი, რას ვგრძნობდი სინამდვილეში.
დედაჩემის ყოფნამ ბევრი რამ გამიდვილა, შევძელი უკეთ გამოძინება, სალონში წასვლა, სოციალიზაცია. მეუღლესთან და შვილებთანაც უკეთესი კომუნიკაცია მქონდა. მაგრამ ამ დროს ყველაზე მთავარი ფსიქოთერაპიაა. ფსიქოლოგთან საუბარმა ნამდვილად შეცვალა ჩემი ცხოვრება. მივხვდი, რომ ყველაფერი, რასაც ვგრძნობდი, ჩვეულებრივია და ამ მდგომარეობაში კიდევ ბევრი ქალია. გავიაზრე, რომ ბავშვებს ჯანმრთელი, მხიარული და მშვენიერი მშობლები სჭირდებათ და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთო."
ანნა, 27 წლის
"პირველად დედა საკმაოდ ადრე, 21 წლის ასაკში გავხდი. იმავე წელს ჩემს მეუღლეს სამსახურის შეცვლა მოუწია და ჩვენც ოჯახისგან შორს, სხვა ქალაქში გადავედით საცხოვრებლად. ერთი თვის ბავშვით სრულიად უცხო გარემოში მეგობრებისა და ნაცნობების გარეშე აღმოვჩნდი. ჩემი ქმარი ბევრს მუშაობდა და მე ვცდილობდი, მისთვის სასიამოვნო გარემო შემექმნა. ვიყავი კარგი დედა, დიასახლისი, მზრუნველი და მიმზიდველი ცოლი. თუმცა ყველასგან შორს, ერთი წლის თავზე, ჩემს ფსიქიკას პრობლემები შეექმნა. გამუდმებით ბალიშში თავჩარგული ვტიროდი, ვგრძნობდი, რომ ყველფრით დაღლილი ვიყავი, მაგრამ ამის აღიარება და იმის ჩვენება, რომ სუსტი ვიყავი, არ მინდოდა, მათ შორის, არც ჩემი ქმრის წინაშე. მეგონა, რომ ერთ ყუთში ვიყავი გამოკეტილი, სადაც ყოველდღე ერთსა და იმავე გადაცემას აჩვენებდნენ და მე იძულებული ვიყავი, მეყურებინა. ნელ-ნელა მავიწყდებოდა, რა მიყვარდა, რა მომწონდა... ერთხელ გადავწყვიტე, შვილი ქმართან დამეტოვებინა და საყიდლებზე მარტო წავსულიყავი. ქუჩის კუთხეში ახალგაზრდა გოგონა დავინახე, რომელიც ნაცემი იყო. მანქანა მოშორებით გავაჩერე და ბევრი ვიტირე - როგორ შემეძლო ასე მოვქცეოდი საკუთარ თავს?
იმ ღამესვე მოვუყევი ყველაფერი მეუღლეს, გულწრფელად ვუთხარი, რასაც ვგრძნობდი. ის შოკირებული იყო, რადგან აქამდე არაფერი მეტყობოდა და იდეალური დიასახლისი ვიყავი. მეუღლე გვერდით დამიდგა და ახლა, როცა პირველი ქალიშვილი 4 წლის ხდება, მეორე კი 1-ის, მე ჩემი სალონი მაქვს, თავს ბედნიერად ვგრძნობ და ვიცი, რომ თუ დავიღლები, თუ ტირილი ან ყველაფრისგან ძალიან შორს გაქცევა მომინდება, ეს ნორმალურია და ამის გამო დამნაშავე არ ვარ."
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>