პოლიტიკოსის, შალვა ნათელაშვილის და ბელა ალანიას ოჯახი თითქმის 30 წლისაა. ბელა “სარკესთან” ამბობს, მისი მეუღლე არაფრით განსხვავდება იმ ახალგაზრდა შეყვარებული კაცისგან, საქართველოდან მოსკოვში გულისჯიბით იები რომ ჩაუტანა.
– პოლიტიკური ქარტეხილების, ბრძოლების, დაძაბულობის შემდეგ, როცა თქვენი ქმარი კარს აღებს და სახლში შემოდის, ამ დროს მას როგორი მეორე ნახევარი, როგორი გარემო სჭირდება?
– საღამოს, როცა კარზე ზარია, როცა მთელი ოჯახი სახლში ვართ, ყველამ იცის, რომ შალვას კარი მე უნდა გავუღო. სანამ ცოცხალი ვარ, ეს მე უნდა გავაკეთო. არასოდეს ვეკითხები: “დაიღალე?”, “როგორი დღე გქონდა?”… მე ისედაც ვიცი, რაც იყო, ყველაფერი ხელისგულზეა, ყველაფერს მის სახეზე ვკითხულობ. სახლში მას სჭირდება სიმშვიდე, ფისოსთან თამაში, რადგან ჯერ შვილიშვილები არ გვყავს, სჭირდება საუბრები სრულიად სხვა თემებზე.
არ მახსოვს, სახლში ჩემი განხილვის თემა ყოფილიყო ის საზიზღრობები, რასაც ზოგიერთი ე.წ. ტელეკომპანიიდან ვისმენ. როცა იცი, რა საქმესაც ხარ შეჭიდებული, შესაბამისად, ისიც იცი, რამდენად მძიმე შეიძლება იყოს ამ გზაზე შენი ჯვარი.
– როგორ ახერხებთ, ქმარს ამ ენერგეტიკით შეხვდეთ და აღელვება არ შეიმჩნიოთ?
– სხვანაირად არ გამიგოთ, მაგრამ საკუთარ თავს არაჩვეულებრივად ვმართავ. შეიძლება შალვა მოვიდეს, დაჯდეს, ივახშმოს და მთელი ეს პერიოდი ხმა არ ამოიღოს, არც მე დაველაპარაკო, რადგან არის მომენტები, როცა სიმშვიდე ძალიან მნიშვნელოვანია და არ არის საჭირო საუბრები. ამ დროს უბრალოდ უნდა გაჩუმდე. მშვიდი სიტყვა ამოღებულ ხმალს ხელიდან გააგდებინებს, ვისაც გინდა.
– ეს ქალური სიბრძნე დროსთან ერთად მოვიდა თუ თავიდანვე ფლობდით?
– ყველაფერი ნელ-ნელა მოდის, ლაგდება. ისე კი აჟიტირებული არასოდეს ვყოფილვარ. ერთადერთი, რაც მშველის, ის არის, რომ არ ვარ შურისმაძიებელი, დამახსოვრება არ ვიცი და გულწრფელად მეცოდებიან ის ადამიანები, რომლებიც ემოციებს ვერ მართავენ და შეუძლიათ, შეურაცხყოფა მოგაყენონ, ცილი დაგწამონ.
მეცოდება ხოლმე ის ადამიანი, რომელიც კვდება ლანძღვით და მზად არის, ჩემი სისხლი დაისხას და დალიოს. ერთი პიროვნება სულ ცუდ რაღაცებს მწერდა და, ვაიმე, ისე ვინერვიულე, ამდენ ენერგიას რომ ხარჯავს, ასე რომ მლანძღავს, გული არ გაუჩერდეს-მეთქი, შევეხვეწე, ნუ ნერვიულობთ, გული ცუდად არ გაგიხდეთ-მეთქი. იმდენი ვეფერე, თავი დამანება, ალბათ იფიქრა, ეს ნორმალური არ არისო.
– ეკრანზე გამოჩენის თუ სოციალურ ქსელში ფოტოს ატვირთვის შემდეგ ყოველთვის სალაპარაკო ხდება თქვენი ჩაცმულობა, გარეგნობა, უამრავ საქებარ სიტყვასაც გეუბნებიან. ბატონი შალვა თუ განებივრებთ კომპლიმენტებით? ამბობენ, რომ ზოგიერთი მამაკაცი იმასაც ვერ ამჩნევს, ცოლმა თმის ფერი შეიცვალა თუ არა…
– შალვა ყოველთვის ყველაფერს ამჩნევს და ეს სტიმულს მაძლევს. 30-წლიანი ცოლქმრული ურთიერთობის შემდეგ მას რომ კიდევ შეუძლია, შეამჩნიოს, რომელი ფერი უფრო მიხდება და რომელი კაბა, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასე მგონია, ადამიანის აღქმა თავიდან უფრო გარეგნობით ხდება, დროთა განმავლობაში კი მისი სულიერი სამყარო წინაურდება და მერე უკვე მნიშვნელობა არ აქვს ნაოჭებს.
– ხშირად ჰყვებით, მოსკოვში უბით როგორ მოგიტანათ იები. მაშინდელი შალვა ნათელაშვილი ძალიან განსხვავდება დღევანდელისგან, შეიცვალა რაიმე ურთიერთობაში?
– არაფერი შეცვლილა. მაშინ ამხელა გზიდან ჩამოტანილი იები ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრი ემოციით დატვირთული იყო. ახლა შეიძლება სულაც არ მომიტანოს უბით ყვავილები, მაგრამ ვიცი, რომ მის გულში სიყვარულია და გრძნობებით არის სავსე.
– დამაინც, რაზე დგას თქვენი ოჯახი, რომელიც მართლაც თითით საჩვენებელია, რა არის საჭირო იმისთვის, რომ წლებმა ცოლქმრულ ურთიერთობაში ბზარები არ შეიტანოს?
– უპირველესად, პატივისცემა, თავისთავად სიყვარული და პასუხისმგებლობა. ეს სამი რამ არის ის საძირკველი, რაზეც ოჯახი უნდა იდგეს. ყველა ოჯახში უნდა ისწავლებოდეს ის, რომ მეორე ნახევრის პოვნა ურთულესი რამ არის. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღო მთელი სერიოზულობით და მერე მთელი ცხოვრება ერთგული უნდა იყო შენი სიტყვის და ფიცის.