პრინცესა დაიანამ 20 წლის ასაკში იქორწინა პრინც ჩარლზზე. მაშინ იგი თავდავიწყებით იყო შეყვარებული და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა ელოდა ქორწინების შემდეგ. მთავარი პრობლემა პრინცესასთვის არა სამეფო ვალდებულებები, არამედ ის დამოკიდებულება აღმოჩნდა, რომელიც მას სასახლეში დახვდა. 25 წლის წინ, 1995 წლის 20 ნოემბერს, BBC-მ გამოაქვეყნა მარტინ ბაშირის მიერ დაიანასთან ჩაწერილი ინტერვიუ, რომელიც დღემდე ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ აღიარებად ითვლება.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა სამეფო ოჯახის წევრმა საკუთარი ურთიერთობის შესახებ ხმამაღლა ისაუბრა. პრინცესამ დაუფარავად უპასუხა ჟურნალისტის ყველა კითხვას და თქვა, რომ ჩარლზი მას მუდმივად ღალატობდა, რამაც ელიზაბეტ II-ის აღშფოთება გამოიწვია. გადაცემას 23 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა და მათი უმეტესობა აღნიშნავდა, რომ დაიანას წარმოუდგენლად სევდიანი თვალები ჰქონდა, შეუძლებელი იყო, მისი მონათხრობის არ დაეჯერებინათ. ამ თემაზე საუბრისას პრინცესას ცრემლიანმა თვალებმა გული უამრავ ადამიანს აუჩუყა: „მე ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი“ - ამბობდა ის ინტერვიუში.
პრინცესას აღიარების შემდეგ ყველაზე მეტად კამილა პარკერ ბოულსი გაბრაზდა, რომელიც დაიანამ ჩარლზთან ინტიმურ ურთიერთობაში ამხილა და მას „როტვეილერიც“ კი უწოდა. დედოფალმა ელიზაბეტმა დაიანას განქორწინება მოსთხოვა, რაზეც მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. წყვილი ერთმანეთს ოფიციალურად 1996 წელს დაშორდა. განქორწინებიდან ძალიან მალე კი ლედი დაიანას ცხოვრება ტრაგიკულად, ავტოავარიის შედეგად დასრულდა.